2014 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის “ორიაკისა” და ეროვნული გუნდის შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში კლუბის მაისურით თავისი მეორე ლელო გაიტანა.
30-ე ტურში მისი, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის გუნდი “ბურგონს” მასპინძლობდა და Top 14-ში ასვლის შანსის შესანარჩუნებლად პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მოახერხა კიდეც. შარიქაძემ, რომელიც 22 წლის რამდენიმე დღეში ხდება, სრულად ითამაშა და თავისი გუნდის მეოთხე ლელო პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძლები 28:7 დაწინაურდნენ. სულ “ორიაკმა” 8 ლელო გაიტანა და 3 გაუშვა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ხატიაშვილი. ამ მოგების შემდეგ, ქართველთა გუნდმა ჯამში 77 ქულა მოაგროვა, “ბიარიცი” უკან მოიტოვა და ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა, თუმცა, საპლეიოფო ხუთეულში ვერ მოხვდა.
ეს იმიტომ, რომ თავისი თამაში მოიგო ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ”, რომელმაც Pro D2-ის გამარჯვებული და Top 14-ის პირდაპირი საგზურის მფლობელი, კონკრეტულად ამ მატჩში უმოტივაციო გიორგი ნაცარაშვილის “პო” 34:27 დაამარცხა და 80 ქულით მე-5 ადგილი დაიბევა. მასპინძელთა განაცხადში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა შეყლაშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ნაცარაშვილი, რომელიც პირველი ტაიმის შუაში დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. საწყის 20 წუთში სტუმრებმა სამი ლელო გაიტანეს და ერთი გაუშვეს. მოვლენათა ასეთი განვითარება “ორიაკს” აძლევდა ხელს, მაგრამ მერე მასპინძლებმა მოინდომეს და ტაიმი 24:19 მოიგეს. “ალბიმ” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და სასურველ შედეგს მიაღწია, თუმცა, დაძაბულობა პრაქტიკულად ბოლო წამამდე შენარჩუნდა. მარცხმა”პოს” ვერაფერი დააკლო და მან ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა (94 ქულა).
პლეი ოფში ითამაშებენ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” და დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი”. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა იმ შედეგით დასრულდა, ორივეს ხელს რომ აძლევდა და “პერპინიანი” 82 ქულით მესამე, ხოლო “აჟენი” 81 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა. შედეგად, ისინი 17 მაისს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად პლეი ოფის ნახევარფინალში. განვლილ შეხვედრაში მხოლოდ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა - საქართველოს ნაკრების გარემარბი მჭედლიძე შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა. “აჟენმა” ტაიმი 20:10 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ მერე სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და ჯარიმით ჩამორჩენა შემცირეს, ხოლო 63-ე წუთზე ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. “პერპინიანმა” გამარჯვების ჯარიმა ბოლო წუთზე გაიტანა, “აჟენს” კი, 23:26 მარცხისთვის პრემიალური ქულა შეხვდა.
პლეი ოფშია და 17 მაისს “ალბის” შეხვდება ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი”, რომელიც ლაშა ლომიძის “ბეზიესთან” სტუმრად 21:22 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ლომიძე განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა, მისმა გუნდმა კი, გამარჯვება 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვა და 63 ქულით ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. “მონ-დე-მარსანმა” პრემიალური ქულა მიითვალა და ჯამში 83 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” “ნარბონი” 44:30 დაამარცხა და 62 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა. განვლილ შეხვედრაში მხოლოდ მირცხულავამ ითამაშა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.
41 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, გაგი ბაზაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, რომელიც დასკვნით ტურში “მონტობანთან” 36:59 დამარცხდა, მაგრამ ამ თამაშის შედეგი აღარაფერს წყვეტდა. ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა, რომელიც 37-ე წუთზე სინბინით დაისაჯა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია