ამბები

15:07 | 11.05.2015 | ნანახია 1771 - ჯერ

ზირაქაშვილის სინბინი

ჩემპიონთა თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის 24-ე ტურში “გრენობლი” სტუმრად 37:17 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და საჩემპიონო პლეი ოფში თამაში ოფიციალურად დაიბევა.

“ვულკანები” “გრენობლს” გადახალისებული შემადგენლობით ეწვივნენ, მაგრამ 17 400 მაყურებლის წინაშე სტუმრები თავიდანვე გვარიანად დაჯაბნეს. სტუმრები თავდენვე დაეუფლნენ მატჩის სადავეებს და ტაიმი 22:10 მოიგეს, მერე უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და მართალია 71-ე წუთზე მეორე ლელო გაუშვეს, მაგრამ კაცნაკლულებმა 76-ეზე თავად მეხუთე ლელო გაიტანეს (5:2 ლელოებით) და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ზირაქაშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 70-ეზე სინბინით დაისაჯა, ხოლო კოლელიშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. “კლერმონი” 67 ქულით მეორე ადგილზე რჩება და დარჩენილ ოტ ტურში რეგულარულ გათამაშებაში უკეთესი ადგილის დაკავებას ეცდება.

70 ქულით პირველ ადგილზეა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც “კასტრს” უმასპინძლა და ხუთი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და პრემიის აღება ვერ მოახერხა - 37:21. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ მიქაუტაძემ მიიღო, რომელიც შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა. “ტულონმა” პირველი ტაიმი 23:7 მოიგო, 44-ე და 64-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო გაიტანა და 37:7 დაწინაურდა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პრემიის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს მოეშვა და 73-ე და 75-ე წუთებზე ორი ლელო გაუშვა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზიმ” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” 67:19 გაანადგურა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ჯამში 66 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფში თამაში მანაც დაიბევა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ასიეშვილმა და ჟღენტმა მიიღეს, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 51-ე წუთზე შეცვალეს. ტულუზიმ მეტოქეს 9 ლელო გაუტანა და თავად მხოლოდ ერთი გაუშვა. “ბრივი” უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის, 48 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ მე-13 ადგილს მხოლოდ ქულა აშორებს.

ტურის ცენტრალურ მატჩში, პარიზულ დერბიში, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 28:19 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნომინალურმა სტუმარმა “სტად ფრანსემ”, საათზე მეტხანს კაცნაკლულმა ითამაშა, რადგან მე-19 წუთზე რეფერიმ მათი შერკინების შემკვრელი სერხიო პარისე წითელი ბარათით გააძევა. ამ დროს ანგარიში 6:6 იყო და მალე “რასინგ მეტრო” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 12:15 დათმო, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში 12:25 ჩამორჩა. მასპინძლებმა 53-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ამის შემდეგ ერთადერთი ჯარიმა გავიდა, ისიც “სტად ფრანსეს” ანგარიშზეა და გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ქუბრიაშვილი და ჟვანია შეცვლაზე ერთდროულად, 63-ე წუთზე შევიდნენ, ხოლო ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო. “სტად ფრანსე” 65 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად დაბევებული აქვს, ხოლო “რასინგ მეტრო” 58 ქულით მე-6 საფეხურზეა და საჩემპიონო ამბიციების შესანარჩუნებლად, დარჩენილ ორ ტურში ბრძოლა მოუწევს.

პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელმაც “ბაიონი” 33:16 დაამარცხა და 55 ქულით მე-7 ადგილზეა, მაგრამ მას რთული კალენდარი აქვს. განვლილ მატჩში ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 61-ე წუთზე შეცვალეს და 77-ეზე მოედანზე დაბრუნება მოუწია. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ტაიმი 10:10 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც მასპინძლებმა ორი არეკნით და ერთი ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ “ბაიონმა” ჯარიმით თამაშის გადარჩენის შანსი შეინარჩუნა (19:16 “მონპელიეს” სასარგებლოდ). მაგრამ დასკვნითი 10 წუთი “მონპელიესი” იყო, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა, თუმცა, პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.

55 ქულით მე-8 ადგილზეა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელსაც “მონპელიეზე” უკეთესი კალენდარი აქვს. 24-ე ტურში მან ერთ-ერთი კონკურენტი, ექვსეულში მყოფი “ოიონაქსი” 26:23 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილის შუაშია ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელიც 52 ქულით მე-9 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 6, ხოლო გასავრდნს 5 ქულა აშორებს. განვლილ მატჩში ქართველი ბურჯის გუნდი Top 14-იდან უკვე გავარდნილ “ლიონს” სტუმრად დაუზავდა - 16:16. ყაულაშვილმა შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. დარჩენილ დროში “ლიონმა” ჯარიმა გაიტანა, წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

Top 14-ის ბოლოსწინა ტურის თამაშები 15, 16 და 17 მაისს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093621