12 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფა” იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” ლისაბონში 6 მაისს ჩავიდნენ და ტურნირისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ. მიზანი “ალაფაზე” გამარჯვება და 12-გუნდა ელიტაში აღზევებაა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ტურნირის მოგება, ხოლო ფინალში გასასვლელად - ჯგუფური ეტაპის მოგება, სადაც ქართველთა მეტოქეები ურუგვაი, ფიჯი და მასპინძელი პორტუგალია არიან.
ტურნირის ფავორიტად ფიჯია მიჩნეული, რომელიც ელიტიდან შარშან დაქვეითდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა საიტმა მისი წარდგენა ბოლოსთვის მოიტოვა:
“პორტუგალიაში ფიჯის ნაკრების ერთადერთი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბრუნებაა. ელიტიდან დაქვეითების შემდეგ, უძლიერესთა შორის ერთ წელიწადში დაბრუნება აქამდე იტალიამ და სამოამ მოახერხეს და ფიჯის მათ კვალზე დადგომა სურვილის აქვს. კუნძულელებმა შარშანდელ მსოფლიო თასზე ბოლო ადგილი დაიკავეს და ისტორიაში პირველად დაქვეითდნენ “ალაფაზე”, ხოლო მათი ადგილი იაპონიამ დაიკავა.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ბილ გადოლოს კარგად ესმის, რომ “ალაფის” მოგება და უკან დაბრუნება განხილვას არ ექვემდებარება:
“ჩვენი საბოლოო მიზანი მსოფლიო თასზე დაბრუნებაა და ამის მიღწევა მხოლოდ “ალაფის” მოგებით შეიძლება. ესაა მძიმე, მაგრამ ერთადერთი მიზანი. მართალია ქვედა დონეზე გვიწევს თამაში, მაგრამ ზუსტად ისეთი მონდომებით ვემზადებით, როგორც მსოფლიო თასისთვის. ჩვენთვის მსოფლიო თასზე თამაში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ბიჭები აქედანვე უნდა მიეჩვიონ უმაღლეს დონეზე თამაშს, რათა მერე ეროვნულ გუნდს და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის რაგბის გამოადგნენ”.
გადოლის გუნდში შვიდი ლეგიონერი ყავს, მათ შორის 17 წლის ფილიმონი სავოუ, რომელსიც 13 წლიდან სარასენსში წავიდა სასწავლებლად და მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე ინგლისელები ფიქრობენ, რადგან პერსპექტივაში ნაკრების კანდიდატად განიხილავენ. ფიჯი 12 მაისს პორტუგალიას ეთამაშება, საქართველოს 16-ში შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ურუგვაისთან მატჩით ასრულებს.
“გუნდების სათამაშო სტილი ერთმანეთს წააგავს. ისინი აქცენტს შერკინებასა და მოლზე აკეთებენ და დიდი გარჯა მოგვიწევს მიზნის მისაღწევად.” - ამბობს ფიჯის ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, რომელსაც 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია.
პორტუგალიაში გამგზავრებამდე, ფიჯის 20-წლამდელთას ნაკრებმა მოსამზადებლად ავსტრალიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მიწვეული სტუმრის რანგში ითამაშა. ქუინზლენდთან 17:27 და ავსტრალიელ ბარბაროსებთან 28:34 მარცხის შემდეგ, კუნძულელებმა ზელანდიურ გუნდს 31:12 მოუგეს და პორტუგალიაში კარგ ხასიათზე მიდიან:
“სამწუხაროდ, ფიჯიში მოსამზადებელი თამაშების ჩატარების საშუალება არ გვქონდა და ეს ტურნირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. პორტუგალიაში გამგზავრებამდე განვვითარდით, როგორც მოთამაშეები, ისე მწვრთნელები. დარწმუნებული ვარ, ბიჭები მომავალ ტურნირს კარგად მომზადებულები ხვდებიან”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია