ამბები

23:19 | 9.05.2015 | ნანახია 3662 - ჯერ

“ლელო-სარასენსი” - ზედიზედ მესამე!

თბილისის “ლელო-სარასენსი” პირველი გუნდია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა! შარშან და შარშანწინ გადამწყვეტ მატჩში მან თბილისის “არმია” დაამარცხა, წელს კი, ის “ლოკომოტივმა” ვერ შეაჩერა.

გასული ორი ჩემპიონატის დარად, მიმდინარე გათამაშებაში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ სხვებზე უკეთესები არიან და მთავარი ჯილდოც დამსახურებულად შემართეს. შესაძლოა, პირველ წრეში ამ გუნდის თამაშის ხარისხი ისეთი ვერ იყო, ჩემპიონს რომ შეეფერებოდა, მაგრამ მეორე წრეში და პლეი ოფებში, განსაკუთრებით კი ფინალში, “ლელო-სარასენსმა” მაყურებელი ლამაზი რაგბით ასიამოვნა და მეტოქეს კლასით აჯობა. “მიხეილ მესხზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა მისი შესრულებით გაშლილი თამაში და ლამაზი ლელოები იხილა, რომელმაც ფინალს დამატებითი ხიბლი შემატა.

30:21 - ასეთია ანგარიში, რომელიც საფინალო სასტვენმა დააფიქსირა, თუმცა სხვაობა ბევრად მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. “ლოკომოტივის” გარჯას და ბოლომდე ბრძოლას არავინ აკნინებს, მაგრამ მათ სამიდან ორი ლელო დასკვნით 10 წუთში გაიტანეს, მაშინ, როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და “ლელო-სარასენსის” მოთამაშეები ზეიმისთვის ემზადებოდნენ. და სანამ უშუალოდ ფინალურ შეხვედრაზე გადავალთ ერთი დეტალიც - “ლელომ” სამივე ჯერზე რეგულარული პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი ოფების ყველა თამაშში გამარჯვებები მოიპოვა და ეს ამ გუნდის კლასზე მეტყველებს. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ფინანსების არქონის გამო, ეს გუნდი საქართველოს სახელს ევროპაში ვერ დაიცავს და შიდა პირველობაც კვლავ საკუთარ წვენში მოიხარშება.

თბილისში თამაშამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გაწვიმდა და ამის გამო “მიხეილ მესხზე” დაახლოებით 3 ათასი გულშემატკივარი, რაც შარშანდელი ფინალის ნახევარია. გუნდების ქომაგებს ხელთ ებყრათ საკლუბო დროშები და მთელი 80 წუთის განმავლობაში საყვარელ გუნდს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მაგრამ აქაც “ლელოს” უპირატესობა აშკარად იყო, რომლის მხარდამჭერები მეტოქისაზე მეტნი იყვნენ და უფრო მეტადაც აქტიურობდნენ. მოკლედ, სტადიონზე ფინალის შესაფერი ატმოსფერო სუფევდა, მოედანი იდეალურ მდგომარეობაში იყო და თამაშის დაწყების წინ წვიმამაც რომ გადაიღო, თამაში სრული ეშხით გახურდა.

საწყის წუთებში უპირატესობას “ლოკომოტივი” დაეუფლა, რომელიც მეტოქის ნახევარზე აკონტროლებდა ბურთს და შეტევის გზებს ეძებდა, ხოლო “ლელო-სარასენსი” ფეხით ცდილობდა საფრთხის განმუხტვას. ერთ-ერთი ასეთი მოგერიების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი ცენტრალურ ხაზზე რაქში დაჯარიმდა, მაგრამ კარიდან ოდნაც მერჯვნიდან ბექა წიკლაურს დარტყმა გაუცუდდა. მე-9 წუთზე გივი ბერიშვილზე ბაჩანა კოლელიშვილი დაჯარიმდა და წიკლაური კარში უკეთესი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა 40 მეტრიდა მიზანმა კვლავ უმტყუნა.

15 წუთის შემდეგ “ლელო-სარასენსმა” თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო, ახლა უკვე “ლოკომოტივი” დაჯარიმდა ცენტრის სიახლოვეს, ლაშა ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა, მეტოქის 22-ში დერეფანის მოგების შემდეგ, ლევან მაისაშვილის შეგირდებმამოლით დაახლოებით 10-12 მეტრი იარეს, მერე იერიში მარცხენა ფლანგზე გაშალეს, სანდრო თოდუა მბოჭავს დაუსხლტა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ეს გარდამტეხი აღმოჩნდა. “ლოკომოტივმა” გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომებს მოუხშირა, წიკლაურმა თავისი ნახევრიდან სცადა ხელდახელ შეტევა და ჩახურვისთვის დაჯარიმდა. ყიასაშვილმა დაახლოებით 45 მეტრიდან მიზანი ვერ გაისწორა.

ტაიმის შუაში ხმალაძემ ჯარიმა კვლავ აუტში დაარტყა და ბურთი ზედ ალამთან გადაიტანა, საიდანაც “ლელო-სარასენსმა” კარგი მოლი ააგორა და გიორგი სანიკიძემ (სხვა ვერსიით ბურთს ბაჩანაკოლელიშვილი აკონტროლებდა) ლელო გაიტანა, რასაც ყიასაშვილის მორიგი ზუსტი გარდასახვა მოყვა. ჩემპიონი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა და “ლოკომოტივი” რომ დაჯარიმდა, ყიასაშვილმა კარის წინ 40 მეტრიდან საკუთარი გუნდის უპირატესობა 3 ქულით გაზარდა - 17:0 27-ე წუთზე.

რკინიგზელებს პასუხი გაცემა მალევე შეეძლოთ. მათ მოლით დაახლოებით 20 მეტრი იარეს და ჯარიმის უპირატესობა რომ მიიღეს თამაში გაშალეს, ამგარმ ვერ იხეირეს. მერე უპირატესობით დაბრუნებული ჯარიმა გაათამაშეს და ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე რამდენჯერმე დაარტყეს, მაგრამ “ლელო-სარასენსმა” თავი დაიცვა, ხოლო “ლოკომოტივმა” ბურთის ფლანგზე გატანა დააგვიანა მერე ის საერთოდ დაეკარგა. გარკვეული პერიოდით არეული თამაში გახურდა, ორივე გუნდმა ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მაგრამ ამ ყველაფრით ისევ ყიასაშვილმა იხეირა, რომელმაც კარის წინ 20 მეტრიდან საკუთარი მონაგარიც გაზარდა და გუნდსაც ტაიმი 20:0 მოაგებინა.

მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული გამოდგა. თავიდან “ლელომ” შეუტია და წინსვლა რომ არ ჰქომნდა ყიასაშვილმა არეკნით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, ხოლო 53-ე წუთზე გიორგი შკინინმა მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და განიგან ლელოელთა მარცხენა ალმამდე ირბინა. წიკლაურმა ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და რკინიგზელებს თამაშის შემოტრიალების უმედი გაუჩნდათ, მაგრამ ხუთიოდე წუთში შეცდომის გამო კვლავ 20 ქულით ჩამორჩა. წიკლაურმა ხელდახელ სდაცა საკუთარი ნახევრიდან იერიშის წამოწყება, ის რომ ჩახურეს პასი კარგი აღარ გამოვიდა, ივალს ვერც მისი თანაგუნდელები დაეუფლნენ, “ლელომ” 22-ში მარცხნივ ჩაათამაშა ბურთი და თოდუამ დუბლი მიითვალა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.

თამაში გარკვეული დროით დამშვიდდა, მერე ბერიშვილი დაჩი კოპაძეზე უხეში ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ყიასაშვილმა ჯარიმიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 30:7. დარჩენილ 8 წუთში კაცნაკლულმა “ლოკომოტივმა” თავისი თამაშის პოვნა მოახერხა და ორი ლელო გაიტანა, თუმცა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ “ლელო-სარასენსი” მოეშვა. პირველ ჯერზე რკინიგზელებმა მოკლე დარტყმებით იარეს და ლელო სოსო ბეკოშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოლიდან გამოვარდნილი ბურთი დიტო კალანდაძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. წიკლაურმაორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ამრიგად, “ლელო-სარასენსი” ზედიზედ მესამედ, სულ კი, მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. “ლოკომოტივმა” ბოლო 20 წელიწადში პირველად წააგი ფინალური მატჩი და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თემურ ბენდიაშვილი (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. ჩვენ კი გვინდოდა, რომ ორივე ერთნაირად კარგად გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. პირველ ტაიმში შეცდომები მრავლად დავუშვით და ამით “ლელომ” კარგად ისარგებლა, რომელსაც დამსახურებულ ჩემპიონობას ვულოცავ. დღეს ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი მაქსიმუმი, დანაკლისის შევსებაც რთული აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ასეთ თამაშში ამდენ შეცდომას არავინ გვაპატიებდა. უყურადღებობის ბრალია, მეტოქის მოლი რომ ვერ შევაჩერეთ და მეტოქეს პირველ ტაიმში ორი ლელო ვაჩუქეთ. ჯამში, არც ამ თამაშით და არც განვლილი სეზონით, კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რისი სურვილიც მქონდა”.

ბექა წიკლაური (“ლოკომოტივის” კაპიტანი): “ზედმეტად ინდივიდუალურად მოვინდომეთ თამაში და ამისათვის დავისაჯეთ. გადაყრაზე “ლელო” უკეთესი იყო, შეცდომები დავუშვით და მეტოქემ გვაჯობა. თავიდან ქულების აღების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. “ლელომ” პირველივე შეტევისას ლელო გაგვიტანა და ამის შემდეგ ვეღარ დავლაგდით. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობით დავმარცხდით და მერეში სიტუაციის შემობრუნება ვეღარ შევძელით. ვთვლი, რომ ქვეყანას ღირსეული ჩემპიონი ყავს”.

ლევან მაისაშვილი (“ლელო-სარასენსის” მთავარი მწვრთნელი): “იმაში, რომ მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, განსაკუთრებული არაფერია. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეცვლებზე ის მოთამაშეები შევიყვანე, ვისაც მანამდე ფინალი ნათამაშები არ ჰქონდა. როდესაც 20 ქულას იგებ, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ყურადღებას მოადუნებ. თამაშის პულსზე ხელი გვეჭირა და თუ საჭირო გახდებოდა, მისი სადავეების დაბრუნებას ნებისმიერ დროს მოვახერხებდით. “ლოკომოტივიც” კარგი გუნდია, ბოლომდე იბრძოლა და როდესაც შანსი მიეცა, მათი გამოყენება მოახერხა.

ამ თამაშში გადამწყვეტი გამოცდილება და სათამაშო დისციპლინა აღმოჩნდა. დაახლოებით 20 წუთი უშეცდომოდ ვითამაშეთ და ამ პერიოდში ავკრიფეთ ქულები. ვიყავით აქტიურები შეტევაში და აგრესიულები დაცვაში. ვფიქრობ, ჯამში კარგი ფინალი გამოვიდა.

ევროტურნირებში მონაწილეობა ფინანსებზე მიბმული. სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონობას დამატებითი ფინანსები არ მოაქვს. უკვე მესამედ გავხდით ჩემპიონები, წინა ორ ჯერზე ასე იყო და არც ახლა მგონია სპონსორები დაგვსიონ. არსებული დაფინანსებით შიდა ჩემპიონატში ვერ გაგვაქვს თავი და რომელ ევროთასებზე გასვლაზეა საუბარი”.

ლაშა ხმალაძე (“ლელო-სარასენსის” ვიცე-კაპიტანი): “ფინალისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, სისუსტეები გამოვასწორეთ, განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიმუშავეთ მათ სისუსტეებზე და ძლიერ მხარეებზე. თამაშს გეგმა-ზომიერად მივყევით და ყველაფერი კარგად გამოვიდა. იყო პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. სამივე ჩემპიონობა რთული იყო. 2013 წელს არავინ ელოდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, შარშან ტიტულის დაცვა მოვახერხეთ, ხოლო წელს ზედიზედ მესამედ გავხდით საუკეთესოები, რაც საქართველოში აქამდე ვერავის მოუხერხებია”.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

ფინალი. 9 მაისი. “მიხეილ მესხი”. 3000 მაყურებელი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 30:21 (20:0)

ლელო-სარასენსი: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. სანდრო თოდუა, 13. გიორგი ტალახაძე (23. ოთარ ბარკალაია 80), 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. ლექსო გუგავა (24. ალექსანდრე ხეცოიძე 35), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა (კაპ.) (22. სანდრო მინდიაშვილი 71); 1. გიორგი სანიკიძე (16. ზურაბ ჯულაყიძე 62), 2. გიორგი ლომთაძე (18. ნიკოლოზ მამისაშვილი 77), 3. შოთა მელიქიძე, 4. ზურაბ ხორბალაძე (21. გიორგი ჭყოიძე 59), 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი (20. ვახტანგ მძინარიშვილი 77), 7. დაჩი კოპაძე, 8. ზვიად მაისურაძე (19. ლაშა კერვალიშვილი 69).

3 ლელო: თოდუა (1, 3), სანიკიძე

3 გარდასახვა: ყიასაშვილი

3 ჯარიმა: ყიასაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, დავით ჯალაღონია

ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური (კაპ.), 14. გიორგი ბიწაძე (22. დავით ჟამუტაშვილი 69), 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გოდერძი ჭინჭარაული (21. ვახტანგ კავთიძე 69), 11. დიტო კალანდაძე, 10. გიორგი შკინინი, 9. შალვა დავითაშვილი; 1. არჩილ ბეჟიაშვილი (29. დავით გასვიანი 62), 2. ირაკლი კვანტიძე, 3. სოსო ბეკოშვილი (16. მირიან ბურდული 47-62), 4. დიმიტრი ცუხიშვილი (17. ხვთისო ელოშვილი 66), 5. გუჯა ღუდუშაური, 6. ლაშა ფოფხაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

3 ლელო: შკინინი, ბეკოშვილი, კალანდაძე

3 გარდასახვა: წიკლაური

1 სინბინი: ბერიშვილი (71)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი

რეფერი: დევიდ ვილქინსონი (ირლანდია)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, ნიკოლოზ ამაშუკელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.266746