შარშანდელის მსგავსად, საქართველოს საუკეთესო გუნდი წელსაც ვაკეში, “მიხეილ მესხზე” გამოვლინდება და რაგბის ქართველ გულშემატკივრებს ტრადიციული დერბის ხილვა მოუწევთ. 16 საათზე ერთმანეთის წინაშე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” და დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” წარსდგებიან, მატჩზე დასწრება კი, ტრადიციულად უფასო იქნება.
“ლოკომოტივი” ფინალში ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გავიდა და იქ “ლელოს” შეხვდება, რომელსაც 2010 წლის მთავარ მატჩში აჯობა და თასიც დღემდე ჯერჯერობით უკანასკნელად შემართა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ გუნდების ფინალი 2008 წელსაც შედგა და ის თამაშიც “ლოკომოტივის” გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ბოლო დროს “ლელო-სარასენსი” “გაიზარდა” და ახლა გადამწყვეტ მატჩებში გამოსვლის უპირატესობა სწორედ მის მხარესაა. და მაინც, განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, ბოლო 15 წელიწადში “ლოკომოტივი” ფინალში შვიდჯერ გავიდა და გადამწყვეტი მატჩი შვიდივე შემთხვევაში მოიგო. “ლელო”, რომელიც წელს “ლელო-სარასენსის” სახელით თამაშობს, 2004 წლიდან დღემდე ფინალში მერვედ ითამაშებს. განვლილი შვიდი შემთხვევიდან ლევან მაისაშვილის შეგირდებმა გადამწყვეტი მატჩი ოთხჯერ მოიგეს, აქედან ორჯერ ბოლო ორ გათამაშებაში და ახლა ჰეთ-თრიკის შესრულებას ეცდებიან, რაც 21-ე საუკენეში ჯერჯერობით ვერცერთ კლუბს ვერ მოუხერხებია.
საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ფინალში “ლელო-სარასენსიც” და “ლოკომოტივიც” რეგულარული გათამაშების გამარჯვებულის, ბოლნისის “ყოჩების” ძლევით გავიდნენ. მოქმედმა ჩემპიონმა, რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, ქვემოქართლელებს ფინალში გასასვლელ პლეი ოფში მინიმალური სხვაობით მოუგო - 22:21. მეოთხედგილოსანმა “ლოკომოტივმა” ფინალისკენ გრძელ გზა განვლო, პლეი ოფებში რუსთავის “ხარები” და ბათუმის “ბათუმი” დაამარცხა, ხოლო მცირე ფინალში “ყოჩებს” რუსთავში 23:16 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა “ყოჩებს” დასკვნით 5-10 წუთში აჯობა და ეს მათ კარგ ფიზიკურ ფორმაზე მეტყველებს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
კარგ ფორმაში არიან ორივე გუნდის დამრტყმელები - ირაკლი ყიასაშვილი “ლელო-სარასენსიდან” და ბექა წიკლაური “ლოკომოტივიდან”. პირველმა “ყოჩებს” ჯარიმებისა და გარდასახვების გარდა ორი შორეული არეკნი გაუტანა, ხოლო მეორემ პლეი ოფის იმავე წრეში “ბათუმს” სამი არეკნი შეუგდო. აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა რეგულარულ გათამაშებაში “ლოკომოტივი” ორივეჯერ დაამარცხა, თუმცა, ორივე შემთხვევაში ბრძოლა ბოლო წამამდე გაგრძელდა და ამაზე ანგარიშებიც მეტყველებს - 13:9 და 14:12.
დიდ ფინალამდე ერთი დღით ადრე ორივე გუნდმა “მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
თემურ ბენდიაშვილი (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “სეზონი პრობლემებით დავიწყეთ. სეზონამდე გუნდი შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ამას გარდა, ჩვენს რამდენიმე მორაგბეს ხშირად ეროვნული და შვიდკაცა ნაკრებები იწვევდნენ. ყოველივე ამის გამო, სრულყოფილ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, ვერ ვატარებდით. აგერ უკვე რვა თვე გავიდა და დღესაც სერიოზული პრობლემები გვაქვს შეტევის ორგანიზებაში. ამასთან ერთად, ჩვენი შერკინების მოთამაშეები, შვიდიდან ექვსი, 21-23 წლის ბიჭები არიან. არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თამაშს წარმართავს, გუნდს წინ წარუძღვება.
ფსიქოლოგიური ლიდერის გარეშე, ჩემპიონატში “ბათუმთან” და “არმიასთან” ისეთი თამაშები წავაგეთ, დღესაც ვერ ვხვდები მიზეზს, რა მოხდა. ერთი მატჩი წავაგეთ “ყოჩებთან” და ორი “ლელოსთან”. თუმცა, თუ ანგარიშს ნახავთ, ჩანს, რომ მათ დიდად არ ჩამოვრჩებოდით. მცირე ფინალში “ყოჩებს” ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენ რა შანსიც მოგვეცა მატჩში უკეთ გამოვიყენეთ, ვიდრე მათ, თორემ, იმ თამაშის მოგება “ყოჩებსაც” შეეძლო.
“ლელო” კარგად ორგანიზებული, ყველანაირად დალაგებული გუნდია. ინფრასტრუქტურაც შესანიშნავი აქვს და სამომავლოდ ეს გუნდი კიდევ უფრო წინ წავა. დღევანდელ გუნდში კი საკმაოდ ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს - ზვიად მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და ირაკლი ყიასაშვილი. ისინი სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ. იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ თითოეულს ცალ-ცალკე შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა. “ლელოს” ახალგაზრდა, კარგი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი გაშლილ, სანახაობრივად ლამაზ რაგბის თამაშობს. ფინალში ამ გუნდის დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ.
ფინალისთვის როგორც შეგვეძლო საუკეთესოდ მოვემზადეთ. მწვრთნელი თამაშის ორგანიზებით კმაყოფილი ბოლომდე ვერასდროს იქნება, თუმცა, ხვალ ბრძოლისთვის მზად ვართ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. რაგბი ისეთი თამაშია, ვიღაც ყოველთვის დაგაკლდება და ხვალ ორი ახალგაზრდა მორკინალი - ფარნავაზ გასვიანი და გიორგი გეგია ვერ დაგვეხმარებიან.
ბექა წიკლაური (“ლოკომოტივის” კაპიტანი): “დიდი ხანია ფინალში არ გვითამაშია და “ლოკომოტივის” შემადგენლობის 80 პროცენტისთვის, ეს პირველი ფინალი იქნება. მიუხედავად ამისა, გუნდში დაძაბულობა არ შეინიშნება. მზად ვართ იმისათვის, რომ მოედანზე გავიდეთ და თამაში მოვიგოთ. “ლოკომოტივი” და “ლელო-სარასენსი” ერთმანეთს კარგად იცნობენ და ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს შევთავაზებთ. ხვალ ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მწვრთნელის დავალებებს უკეთ შეასრულებს”.
ლევან მაისაშვილი (“ლელო-სარასენსის” მთავარი მწვრთნელი): “სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ და პირველ წრეში არასტაბილურად ვიასპარეზეთ. გარდა ამისა, ხელი შეგვიშალა ჩემპიონატის მატჩებს შორის არსებულმა პაუზებმაც. მიუხედავად ამისა, სეზონის დასკვნით ნაწილს შარშანდელზე უკეთ, სათამაშო ფორმის პიკზე ვხვდებით. შესარჩევ ფინალში “ყოჩებთან” მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ძლიერი მეტოქის დამარცხება მაინც შევძელით.
კონკრეტულად ამ თამაშისთვის ორი სხვადასხვა ტიპის მომზადება გავიარეთ. ის, რომ ფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებლად მეტოქეზე მეტი დრო გვქონდა, ერთის მხრივ პლიუსია, მაგრამ არის მინუსიც, რაც სათამაშო პრაქტიკის არქონაში გამოიხატება. ბოლოს 16 აპრილს ვითამაშეთ და ამან შესაძლოა გარკვეული დაღი დაგვასვას, რისი პრობლემაც “ლოკომოტივს” არ ექნება, მაგრამ მათ დამატებითი თამაშის ჩატარება მოუწიათ და ეს უკვე ჩვენი პლიუსია. ხვალ გამოჩნდება, შევძელით თუ არა კარგად მომზადება და პლიუსები და მინუსები ვის მხარეს იქნება.
ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით და საბრძოლო განწყობით ვხვდებით. დასაყრდენი, ვინც ძლიერ დაგვაკლდება, მესამეხაზელი გუჯა სურგულაძეა, რომელმაც რეაბილიტაციის გავლა ვერ მოასწრო. 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად “ალაფაზე” პორტუგალიაში გაემგზავრნენ ბადრი ალხაზაშვილი, ნიკა სვიმონიშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი და რატი შანიძე. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა გიორგი ჭყოიძე. ვთვლი, რომ ფინალს მაინც ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით.
ჩვენი გუნდის მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე “ლოკომოტივის” დღევანდელ შემადგენლობას. ამიტომ, გამოცდილების ხარჯზე ვეცდებით მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობოთ. თუმცა ერთია მცდელობა და მეორეა დაგეგმილის განხორციელება”.
გიორგი კაჭარავა (“ლელო-სარასენსის” კაპიტანი): “ზედიზედ მესამედ ვთამაშობთ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში და ვეცდებით, რომ ტიტული ამჯერადაც მოვიპოვოთ. აქამდე “ლოკომოტივმა” არანაკლები გზა გაიარა და მეტოქისგან დიდ ბრძოლას ველით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი იხილავს თანაბარი ძალის გუნდების დაძაბულ ბრძოლას და ვეცდებით, რომ თამაში სანახაობრივიც გამოვიდეს”.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
ფინალი. 9 მაისი. “მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია