საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტური რჩება. უკვე გარკვეულია Top 14-ის პირდაპირ საგზურის მიმღები და პლეი ოფში გასული ერთი გუნდის ვინაობა, ასევე, ის ორი გუნდი, რომლებიც მომავალ ჩემპიონატს ფედერალ 1-ში დაიწყებენ. დიდი ბრძოლაა გაჩაღებული პლეი ოფის დანარჩენი სამი ადგილისთვის.
Top 14-ში ამსვლელ პლეი ოფში თამაში დაიბევა ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა”, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” 27:3 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების შუამარბმა შარიქაძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს დათუნაშვილი.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო და ორი ჯარიმა გაიტანეს და 11:3 დაწინაურდნენ, მერე უპირატესობა კიდევ ორი ჯარიმით გაზარდეს, 64-ე და 67-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. შედეგად, “მონ-დე-მარსანი” 82 ქულით მე-2 ადგილზე დაწინაურდა და ბოლო ტურში რაც უნდა მოხდეს მესამე ადგილზე ქვევით აღარ დაეშვება. “ორიაკი” 72 ქულით მე-7 ადგილზეა და თეორიულად, ხუთეულში შესვლის შანსს ინარჩუნებს, მაგრამ ამისათვის დასკვნით მატჩში თავად “ბურგონი” პრემიალური ქულით უნდა დაამარცხოს, ხოლო “ალბიმ” და “ბიარიცმა” პრემიალური ქულაც ვერ აიღონ.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” სტუმრად უმოტივაციო “კოლომიესთან” 21:26 დამარცხდა, პრემიალური ქულა ჩაიწერა და 80 ქულით მე-3 ადგილზეა. “აჟენს” მოგებით პლეი ოფში ადგილის დაბევება შეეძლო. გუნდებმა 7-7 ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთი ლელოც მიითვალეს და ამის ხარჯზე იმარჯვეს. მჭედლიძე ტრავმირებულია, ხოლო თეთრაშვილი შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა.
დასკვნით ტურში “აჟენი” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანს” მასპინძლობს, რომელმაც ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო, 78 ქულით მე-4 ადგილამდე დაეშვა და პლეი ოფში მოხვედრაც სათუო გაუხდა. 29-ე ტურში “პერპინიანმა” ერთ-ერთ კონკურენტს, ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბის” უმასპინძლა და 21:22 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ შეყლაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა.
“პერპინიანი” 30-ე წუთზე 16:3 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუშვა. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, “ალბიმ” ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა 49-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს სტუმრები 53-ე და 58-ე წუთებზე გატანილი ჯარიმების შემდეგ 22:21 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა. ახლა “ალბი” 76 ქულით მე-5 ადგილზეა, დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის “ბიარიცს” და დასკვნით ტურში უმოტივაციო “პო” უნდა დაამარცხოს, პლეი ოფში რომ გავიდეს. თავის მხრივ, “პერპინიანმა” პრემიალური ქულა რომ მოითვალა, მე-4 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ დასკვნითი ტურის წინ მისი პლეი ოფში მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
გიორგი ნაცარაშვილის “პომ” პირველი ადგილი და Top 14-ში თამაში რომ დაიბევა, მოეშვა და საკუთარ მოედანზე “კარკასონთან” 23:24 დამარცხდა. ნაცარაშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-15 წუთზე შეცვალა, 50-ე წუთზე დროებით მოედნის დატოვება მოუწია და 59-ეზე კვლავ თამაშში დაბრუნდა. “პო” 0:10 ჩამორჩა, მაგრამ ტაიმი 16:10 მოიგო და 50-ე წუთზე ლელო-გარდასახვის შემდეგ 23:10 დაწინაურდა. 69-ე და 75-ე წუთებზე სტუმრებმა ლიდერს ორი ლელო გაუტანეს, გარდასახვები გამოიყენეს და “პოს” მხოლოდ პრემიალური ქულა დაუტოვეს. ნაცარაშვილის გუნდი 94 ქულით პირველ ადგილზეა.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “ბურგონისგან” 7 ლელო გაუშვა, თავად მხოლოდ ერთი გაიტანა და 7:49 დამარცხდა. ლომიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი, 59 ქულით მე-10 ადგილზეა.
ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, შალვა სუთიაშვილისა და გაგი ბაზაძის “მასიმ”, რომელიც Pro D2-ს ოფიციალურად გასული ტურის შემდეგ დაემშვიდობა, კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის უმოტივაციო “ტარბი” 23:18 დაამარცხა. რადგან გუნდები უმოტივაციოდ იყვნენ, ექსპერიმენტული შემადგენლობებით ითამაშეს და ელიტარულ დივიზიონში პირველად გამოჩნდა ბაზაძე, რომელიც 2012 წლიდან “მონპელიეს” ესპუარებში თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის წინ “მასიში” გადავიდა.
“მასის” პირველ გუნდში 22 წლის ქართველი ბურჯის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-15 წუთზე დაშავდა და აშვეთიამ შეცვალა.მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა მარცხენა ბურჯი დადუნაშვილი. სტუმართა შორის 65-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ასევე ბურმა მირცხულავამ. “ტარბი” 58 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო”მასი” 41 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.
Pro D2-ის დასკვნითი ტურის თამაშები 10 მაისსაა დანიშნული, პლეი ოფის ნახევარფინალები 17, ხოლო ფინალი 24 მაისს გაიმართება და Top 14-ის მეორე საგზურის მიმღები გუნდიც მაშინ გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია