საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი მატჩი დარჩა. ბოლო ორ გზის ჩემპიონი, თბილისის “ლელო-სარასენსი” ახლაც ფინალშია და მეტოქეს ელის. ის ბოლნისის “ყოჩები”, ან თბილისის “ლოკომოტივი” იქნება.
მცირე ფინალი ხვალ, 2 მაისს, თბილისის დროით 16 საათზე რუსთავის სარაგბო სტადიონზე დაიწყება. ამ გუნდებს უკვე დიდი ხანია ფინალში არ უთამაშიათ და ახლა მიზანთან ძალიან ახლოს არიან, ოღონდ, მათი ფიქრები მხოლოდ ფინალში გასვლით როდი შემოიფარგლება. ბოლო თამაშიდან მცირე ფინალამდე, ორივეს ორ კვირაზე მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად და წესით, სეზონის მიწურულს, რუსთაველმა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა უნდა იხილონ.
პლეი ოფის მეორე ეტაპზე “ყოჩები” ფინალში გასასვლელ მატჩში “ლელო-სარასენსთან” დამარცხდა. ბოლნისელები საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ თამაში რომ განახლდა ირაკლი ყიასაშვილმა არეკნით სხვაობა მისაწვდომამდე დაიყვანა, ხოლო ბოლო წუთზე “ყოჩებმა” საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტია, დაჯარიმდა და ირაკლიმაც ჩემპიონს 22:21 მოაგებინა. ამ თამაშში ყიასაშვილმა ორი შორეული არეკნი გაიტანა და 3 ჯარიმით და 1 გარდასახვით გუნდს კიდევ 11 ქულა შესძინა (სულ 17). ერთი ლელო გიორგი ლომთაძის ანგარიშზეა, რომელიც საუკეთესო მელელოვეთა დავაში 8 ლელოთი მეორე ადგილზეა.
“ყოჩებმა” “ლელო-სარასენსს” ორი ლელო გაუტანა. თავი ირაკლი გეგენავამ და შავლეგ მახარაშვილმა გამოიჩინეს. გეგენავას ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში სულ 10 ლელოა და ის საუკეთესო მელელოვეთა სიას ლიდერობს. “ყოჩებს” 3 ჯარიმით და 1 გარდასახვით 11 ქულა შემატა გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ, მაგრამ მას თითო-თითო ჯარიმა და გარდასახვა, ასევე 2 არეკნი გაუცუდდა. სოხაძე საუკეთესო ბომბარდირთა დავას 192 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ბახვა კობახიძე, რომლის “ბათუმიც” გათამაშებას უკვე გამოეთიშა. ხოლო ყიასაშვილის ანგარიშზე 177 ქულაა.
“ლოკომოტივმა” მასპინძლის რანგში მოთამაშე “ბათუმი” ფოთში 18:13 დაამარცხა. ამ შეხვედრაში სამი არეკნი მიითვალა ბექა წიკლაურმა, ხოლო კიდევ 9 ქულა მან ჯარიმებით მოაგროვა. ზღვისპირელებმა არჩილ ალიქაძის ლელოთი, კობახიძის გარდასახვით და ორი ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ წრეში “ლოკომოტივი” გავიდა.
რკინიგზელებმა მიმდინარე ჩემპიონატში 9 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 10 პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და ჯამში 48 ქულით რეგულარული გათამაშება მე-4 ადგილზე დაასრულეს. 2015 წელს ამ გუნდმა რეგულარულ გათამაშებაში ხუთი თამაში მოიგო (7-იდან), ხოლო პლეი ოფში “ხარებს” და “ბათუმს” მოუგო. “ყოჩებმა” 2015 წელს ჩატარებული რვა თამაშიდან მხოლოდ სამი მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ბოლნისელებმა 2014 წელი დაუმარცხებლად რომ განვლეს, რეგულარული გათამაშება 58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს.
წელს ეს გუნდები რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარესაა. პირველ წრეში, 4 ოქტომბერს “ავჭალაზე” “ყოჩებმა” “ლოკომოტივს” მინიმალური სხვაობით მოუგო (19:18), ხოლო განმეორებით მატჩში 22 თებერვალს, ისევ “ავჭალაზე” რკინიგზელებმა 24:3 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ვის დარჩება ამ ჯერზე უპირატესობა და ვინ ითამაშებს 9 მაისს “მიხეილ მესხზე” ხვალ საღამოს გაირკვევა.
ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ფინალში გავა გუნდი, რომელიც კონკრეტულად ამ თამაშში გაიტანს მეტ ლელოს; მიიღებს ნაკლებ დისციპლინარულ სასჯელს და თუ აქაც თანაფარდობა იქნება, ფინალში “ყოჩები” ითამაშებს, რადგან მას სატურნირო ცხრილში უკეთესი ადგილი ეკავა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
პლეი ოფი. მცირე ფინალი. 2 მაისი
რუსთავი. ახალი. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ფინალი. 9 მაისი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - მ.ფ. მოგებული
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია