ზე-18

12:14 | 19.03.2016 | ნანახია 922 - ჯერ

„ვარატასს“ სულ ცოტა დააკლდა [+ვიდეო]

ავსტრალიური „ვარატასი“ სუპერ რაგბის მეოთხე ტურში 55-ე წუთისთვის მოქმედ ჩემპიონ „ჰაილენდერსთან“ 0:30 აგებდა, მაგრამ მომდევნო 18 წუთში სტუმრებს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

მაგრამ ეს სუპერ რაგბია, სადაც მსგავსი მოულოდნელებებიც კი, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს დაავიწყდათ ზელანდიური კლუბის მოთამაშეებს და გადარჩნენ, მხოლოდ პრემიალური ქულა რომ დაკარგეს და სიდნეიდან დამარცხებულები არ წავიდნენ. თამაში „ჰაილენდერსმა“ შთამბეჭდავად დაიწყო და ნელ-ნელა ამ ყველაფერმა ქულებში იწყო ასახვა.

პირველი ლელო მე-10 წუთზე გავიდა, როდესაც რობ ტომპსონმა სუფთად გაჭარა ხაზი და ლელოში ბურთი პაპუა ახალ-გვინეელ რაიან ტონგიას შეაყოლა. სტუმრები თავს კარგად იცავდნენ, მასპინძლებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, მერე ტექნიკური წუნი შეემთხვათ, კონტრშეტევაზე ლიამ სქუაირი აჩქარდა, ორ მცველს შორის გაძვრა და ლელოს უწია. სანამ „ვარატასი“ გონს მოვიდოდა, ზელანდიელებმა ფეხით ორჯერ ითამაშეს და ელიოტ დიქსონმაც მესამე ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ტაიმი 22:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიქსონი ფეხით ჩაკიდებულ ბურთს ერთხელაც მიყვა, ის მეტოქეს ხელიდან ააცალა და მასპინძელთა გულშემატკივრებს ხასიათი სულ მთლად წაუხდიან. აქ უკვე „ჰაილენდერსსაც“ წაუხდა ხასიათი და 55-ე წუთზე ლიამ საპოაგამ არეკნი გასართობადღა დაარტყა - 30:0 და მაყურებელმაც ტრიბუნების დატოვება დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყებოდა.

თამაში რომ განახლდა შეცვლაზე შესულმა 23 წლის ჯედ ჰალუეიმ ხაზი იოლად გაჭრა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ზელანდიელებს დიდად არ უდარდიათ, მაგრამ 65-ე წუთზე ჰალუეი ქერთლი ბილს კარგად რომ მიყვა და 22-ის ხაზიდან ლელომდე ირბინა, მასპინძლებმა დადებითი მუხტი მიიღეს. თამაში რომ განახლდა ტომ რობინსონმა მეტოქეს ხელიდან ამოაცალა ბურთი და სანამ ზელანდიელები გაერკვეოდნენ რა მოხდა, ლელოში შეცურდა. 72-ე წუთზე ჰელუეიმ ჰეთ თრიკი შეასრულმა, ბილმა გარდასახვით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა და სათამაშოდ კიდევ 7 წუთი რჩებოდა. მაგრამ აქ „ჰაილენდერსმა“ მობილზება შეძლო, ავსტრალიელებმა მეხუთედ ვეღარ შეძლეს მათი დაცვის ზღუდის გარღვევა და თამაშიც მოქმედმა ჩემპიონმა 30:26 მოიგო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074715