ამბები

19:58 | 20.04.2015 | ნანახია 1628 - ჯერ

ფედერალ 1-ში პლეი ოფი დაიწყო

საფრანგეთის მესამე, ნახევარდპროფესიულ ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფები დაიწყო. Pro D2-ის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა რაოდენობა 16-მდე შემცირდა და მათ შორის რვა ქართველი ლეგიონერებისაა.

პლეი ოფი მიმოსვლით იმართება და კვირას მერვედფინალური ეტაპის პირველი თამაშები გაიმართა. გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა”, რომელსაც დავით ბოლღაშვილი ავარჯიშებს, “ოლორონი” სტუმრად 21:16 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ 5-ქულიანი ფორა შეიქმნა. ჩხაიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ხოლო სორდიამ შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა. “ლილს” შეეძლო მეოთხედფინალში გასვლის საკითხი პირველივე მატჩში მოეგვარებინა, რადგან 76-ე წუთისთვის 21:6 იგებდა, მაგრამ მერე 10 ქულა გაუშვა და ერთ კვირაში ბრძოლის გადატანა მოუწევს.

თორნიკე ლომიძის “ოშმა”, ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟს” სტუმრად 31:21 აჯობა. მარჯვენა ბურჯი ლომიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მეორეხაზელი გუჯარაიძე და ისიც 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაზალიკაშვილი თამაშში მე-60-ე წუთიდან ჩაერთო. “ოშმა” ტაიმი 20:11 მოიგო და 47-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, “ლიმოჟმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ 10 ქულით დამარცხდა.

სტუმრად მოიგო ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა”, რომელმაც რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონი” 19:17 დაამარცხა. სტუმართა შორის თითქმის სრულად ითამაშეს ქართველმა ბურჯებმა. ზაქაშვილი მწვრთნელს არ შეუცვლია,მაგრამ 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი თამაშგარე დარჩა. 79-ე წუთზე შეცვალეს პატარაია. მასპინძელთა შორის 49 წუთი ითამაშა გიგაურმა, ხოლო საქართველოს ნაკრების მგეზავმა კვირიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდს 12 ქულა შესძინა. მან ორი ჯარიმა მე-2 და მე-13 წუთებზე გაიტანა და “მონლიუსონი” 6:0 დააწინაურა, მაგრამ ტაიმი “ექს-ან-პროვანსმა” 14:6 მოიგო. კვირიკაშვილმა 47-ე წუთზე გატანილი ჯარიმა ვერ გარდასახა, მაგრამ 53-ეზე ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 66-ეზე ჯარიმითვე მასპინძლები წინ გაიყვანა - 17:14. სტუმრებმა 70-ე წუთზე თავისი მესამე ლელო მიითვალეს და განმეორებითი შეხვედრის წინ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ლაშა მალაღურაძის “ბანიერმა” “ნევერს” უმასპინძლა და 16:26 დამარცხდა. ქართველმა შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა და 45-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა (9:9). 54-ე და 58-ე წუთებზე გუნდებმა ლელო-გარდასახვები გაცვალეს, მაგრამ დასკვნით 10 წუთში “ბევერმა” 10 უპასუხო ქულა ჩაიწერა.

ასტამურ იოსელიანის “რომანი” საკუთარ მოედანზე “ანგულთან” 6:12 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა და 64-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა. ამ მომენტში ყვითელი ბარათი მეტოქის მორაგბემაც მიიღო.

საბა ქართველიშვილის “შამბერი” “ტიროსთან” 16:19 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 8 შეხვედრიდან მასპუნძლების გამარჯვებით მხოლოდ 2 დასრულდა და ეს ერთ-ერთი მათგანია. ქართველიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს “შამბერი” 16:14 იგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ლელო გაუშვა.

მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრები 26 აპრილსაა დანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.172916