ამბები

22:52 | 19.04.2015 | ნანახია 4599 - ჯერ

“კლერმონზე” “ტულონი” გავიდა

რაგბი ჩემპიონთა თასის წინამორბედის, “ჰაინეკენის თასის” ბოლო გამარჯვებულმა “ტულონმა”, ერთრაუნდიან ნახევარფინალში ირლანდიური “ლენსტერი” დამატებით დროში 25:20 დაამარცხა და 2 მაისს, “თვიქენჰემზე” გასამართ ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” შეხვდება.

მარსელის “ველოდრომზე”, წვიმიან ამინდში, ამ თამაშის სანახავად 35 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. სამწუხაროდ, “ტულონის” განაცხადში არ იყვნენ მამუკა გორგოძე და კოტე მიქაუტაძე, ხოლო ლევან ჩილაჩავა შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა და ჯამში 27 წუთი გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ თუ მანამდე შერკინებებში “ლენსტერს” მცირედი უპირატესობა ჰქონდა, დამატებით დროში სიტუაცია შეიცვალა.
თამაშის ძირითადი დრო ლეიგ ჰალფპენისა და იან მადიგანის დუელს დაემსგავსა. ორივე მათგანმა 5-5 ჯარიმა გაიტანა. ტაიმი სტუმრებმა 9:6 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ოდნავი უპირატესობა ფრანგების ჰქობდათ და 67-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა, თამაში რომ განახლდა წონასწორობა აღდგა და თამაში 12:12 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე დელონ ერმიტეჯმა შორიდან სცადა ჯარიმის გატანა,მაგრამ ეს ვერ მოახერხა.
დაიწყო დამატებითი დრო და ლეიგ ჰალფპენიმ ჯარიმით ფრანგები დაწინაურდნენ, თუმცა, ორიდე წუთში მადიგანმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა. მერე “ტულონი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რადგან ალი უილიამსი სინბინით დაისაჯა და მოულოდნელად, ამის შემდეგ ფრანგები უკეთ ათამაშდნენ. ჰალფპენიმ მე-9 დამატებულ წუთზე ჯარიმა გაიტანა, ხოლო ერთ წუთში ბრაიან ჰაბანა ცენტრალურ ხაზთან ჩაჭრა ბურთი და ლელომდე ირბინა. ჰალფპენის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. 95-ე წუთზე ირლანდიელებმა მოლით საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მერე მოედანზე კატა გადმოხტა და ამან თამაშის ტემპი დააგდი, დარჩენილი დრო “ტულონმა” მეტოქის ნახევარზე გაატარა და 25:20 იმარჯვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08014