ამბები

14:05 | 19.04.2015 | ნანახია 2277 - ჯერ

კაჭარავა ჩელენჯ კაპს მიუახლოვდა

რუსეთის ჩემპიონმა, შიდა ასპარეზზე 2014 წლის სეზონის ყველა ჯილდოს მფლობელმა “ენისეიმ”, ევროპის რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი ორთაბრძოლის პირველ მატჩში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბის, დავით კაჭარავას გუნდი პირველ მატჩში ყოფილი “ბორჯღალოსნის”, ბიძინა სამხარაძის “ბაია მარეს” რუმინეთში ეწვია და 30:20 გაიმარჯვა. რუმინეთის ჩემპიონს ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე აკლდა და ისინი მარცხს ამ ამით ხსნიან, მაგრამ ფაქტი ფაქტია და 2 მაისს კრასნოიარსკში ასეთი ჩამორჩენის დაძლევა რუმინეთის ჩემპიონისთვის უკიდურესად რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში “ენისეის” ნაცვლად საქართველოს ჩემპიონს, “ლელო-სარასენსს” უნდა ეთამაშა, მაგრამ ქართული მხარის უარის შემდეგ ეს ადგილი რუსებმა მიიღეს და შანსიც ხელიდან არ გაუშვეს. განვლილ მატჩში კაჭარავა და სამხარაძე თავ-თავიანთი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

მასპინძლებმა ანგარიში მატჩის დებიუტში ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მე-9 წუთზე ლელო გაუშვეს, ზუსტ გარდასახვას კი, კუშნარიოვმა მე-18 წუთზე ჯარიმაც მიაყოლა - 3:10. მომდევნო ხუთ წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 29-ე წუთზე “ბაია მარემ” ლელო-გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 34-ე წუთზე კუშნარიოვმა ჯარიმა, ხოლო სამ წუთში სიმპლიკევიჩმა ლელო გაიტანა და “ენისეიმ” 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (13:21).

მეორე ტაიმის 25 წუთზე მეტმა უქულოდ ჩაიარა, 67-ეზე კი, კუშნარიოვმა ჯარიმით სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. რუმინელებმა 78-ეზე ლელოებით ანგარიში გაათანაბრეს (2:2) და გარდასახვის შემდეგ რუმინელებს მოგების იმედი გაუჩნდათ (20:24), მაგრამ დამატებულ წუთებზე მათ კიდევ ორი ჯარიმა მიიღეს და საბოლოოდ 20:30 დამარცხდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083777