ამბები

21:34 | 18.04.2015 | ნანახია 3998 - ჯერ

ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშებს. მისმა “კლერმონმა” ერთრაუნდიან ნახევარფინალში ინგლისის “სარასენსი” 13:9 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა.

სენტ-ეტიენში გამართულ მატჩს 41 500 მაყურებელი დაესწრო, 31 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი პოზიციისთვის უჩვეულოდ, შეუცვლელად გაისარჯა. მას შერკინებებში მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი ბრძოლა ჰქონდა მეტოქის მარცხენა ბურჯთან და რამდენჯერმე ვიზავი დაჯაბნა, აქტიურობდა რაქებში და უზარმაზარი შავი სამუშაო გაწია. “კლერმონის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ვიტო კოლელიშვილი ტრავმირებულია.

ინგლისელებმა ანგარიში არეკნით გახსნეს, ფრანგებს პასუხის გაცემა ლელოთი შეეძლოთ, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ. სამაგიეროდ, მათ 26-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა მერე ჯარიმა თავადაც გაუშვეს და 3:6 ჩამორჩნენ. თამაში რომ განახლდა, ფოფანამ მეტოქის 22-ში რბილად გადაკიდებული ბურთი აიტაცა და ლელოში შეხტა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა - 10:6. “კლერმონი” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში ჯარიმდებოდა. “სარასენსმა” 66-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა, “კლერმონმა” 72-ეზე თავისი წილი ჯარიმა გაიტანა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 13:9.

ფინალი 2 მაისს “თვიქენჰემზე” გაიმართება და “კლერმონის” მეტოქე კვირას გაირკვევა. მეორე ნახევარფინალში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ირლანდიურ “ლენსტერს” ეთამაშება. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავაა და ის თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.171079