ამბები

23:05 | 15.04.2015 | ნანახია 2567 - ჯერ

“ყოჩები” VS “ლელო-სარასენსი”

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” და წლევანდელი რეგულარული პირველობის გამარჯვებული ბოლნისის “ყოჩები” მოედანს უბრუნდებიან. 12-დღიანი შესვენების შემდეგ, ისინი “ავჭალის” სტადიონზე შეიბმებიან და 9 მაისისთვის დანიშნული ფინალის პირველი მონაწილეც გაირკვევა, ხოლო დამარცხებულ გუნდს 2 მაისს პლეი ოფის ამ ეტაპის მეორე წყვილის (“ბათუმი”-“ლოკომოტივი”) გამარჯვებულთან მოუწევს ფინალის საგზურისთვის ბრძოლა.

თამაში 16 აპრილს, 17:00 საათზე იწყება და მას ირლანდიელი რეფერი მოემსახურება. პლეი ოფის პირველ ეტაპზე ამ გუნდებს არ უთამაშიათ, მაგრამ რეფერები საქმეში იყვნენ და ორივე მათგანმა სამ-სამი მორაგბე გაასინბინა. მომავალი მატჩის სტატუსიდან და მოსალოდნელი დაძაბულობიდან გამომდინარე, ალბათ, ირლანდიელებს ყვითელი ბარათები ხვალაც დაჭირდებათ, რადგან ქართველი და ირლანდიელი მსაჯების მუშაობის სტილი განსხვავებულია და მოთამაშეებს მასთან შეგუება დაჭირდებათ. ზემოთნახსენები 6 ყვითელი ბარათიდან 4 პირველხაზელებმა მიიღეს და მორაგბეებს შერკინებებში მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ.

ბოლნისის “ყოჩებმა” რეგულარული გათამაშება მძლავრად დაიწყო და 2014 წელს ჩატარებული 11 თამაშიდან 10 მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. 2015 წელი ასეთი წარმატებული ვეღარ გამოდგა და ბოლნისელებმა შვიდი თამაშიდან ოთხი დათმეს, მაგრამ მანამდე დაგროვილმა ქულებმა მათ პირველი ადგილის შენარჩუნების საშუალება მისცა და ჯამში “ყოჩებმა” 58 ქულა მოაგროვა. რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში ქვემოქართლელებმა რუსთავის “ხარები” ორი ლელოთი 10:3 დაამარცხეს, მაგრამ ქიქერებს დარტყმები არ წაუვიდათ და ეს შესაძლოა პლეი ოფში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

XXV ჩემპიონატის 2014 წლის ნაწილი არასტაბილურად ჩაატარა თბილისის “ლელო-სარასენსმა” და 6 მოგების წილ სამი თამაში წააგო, ხოლო ორი ფრედ დაასრულა. სამაგიეროდ, 2015 წელს გუნდი ჩვეულ ფორმაში იყო და შვიდი ჯახიდან ექვსში იმარჯვა, ერთში კი ფრეს დასჯერდა. საბოლოოდ, თბილისელებმა 56 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. დასკვნით ტურში “ლელო-სარასენსმა” “არმია” 26:5 დაამარცხა.

შეიძლება ითქვას, რომ მომავალ თამაშში ერთმანეთს საუკეთესო შეტევისა და საუკეთესო დაცვის მქონე გუნდები ხვდებიან. “ყოჩებმა” 18 თამაშში ყველაზე მეტი - 379 ქულა გააკეთა და ქუთაისის “აიასთან” ერთად ყველაზე მეტი, 41 ლელო გაიტანა. “ლელო-სარასენსმა” მათზე ერთით ნაკლები, 40 ლელო გაიტანა და მოგროვილი ქულებითაც მეორე ადგილზეა (355). სამაგიეროდ, ამ გუნდმა გაუშვა ყველაზე ცოტა - 17 ლელო და ყველაზე ცოტა ქულა (228). გაშვებული ქულებით (246) “ყოჩები” “აიასთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, მაგრამ მიღებული ლელობით მეოთხეა, მის ჩათვლის მოედანში მეტოქეებმა ბურთი 23-ჯერ დაამიწეს.

ბოლნისური კლუბი საჩემპიონო პლეი ოფში შარშანაც მონაწილეობდა და პირველ ეტაპზე ქუთაისის “აია” დაამარცხა, ხოლომეორე ეტაპზე “ლოკომოტივთან” წააგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა გუნდი ჩემპიონობისკენ მავალ მოკლე გზას დაადგა. ეს გზა “ლელო-სარასენსს” კარგად აქვს გაკვალული. ბოლო ორი სეზონია ის რეგულარულ გათამაშებას მეორე ადგილზე ასრულებს, მერე პლეი ოფებში დაუმარცხებლად თამაშობს და ჩემპიონი ხდება. აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის ოთხივე საპლეიოფო მატჩი “ლელო-სარასენსმა” “არმიას” მოუგო.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ მატჩებში ბევრი რამ დამრტყმელთა ჩუბინობაზე იქნება დამოკიდებული და ისინი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსისთვისაც იბრძოლებენ. მოცემულ მომენტში ბომბარდირთა სიას ბოლნისელთა კაპიტანი თემურ სოხაძე ლიდერობს - 181 ქულა. მას 21 ქულით (160) ჩამორჩება “ლელო-სარასენსის” სნაიპერი ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც შარშან ფინალში 24 ქულა გააკეთა და ბომბარდირთა დავაში სოხაძეს 1 ქულით აჯობა. ყიასაშვილი ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მის წინ ბახვა კობახიძეა (“ბათუმი”, 172 ქულა), რომლის გუნდიც პლეი ოფის მეორე ეტაპის მატჩს 18 აპრილს გამართავს და ქულათა მარაგის გაზრდის შანსიც ექნება.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მელელოვეთა სიას ამ სამი გუნდის მორაგბეები ლიდერობენ: პირველ ადგილზე აქაც “ყოჩია” - ირაკლი გეგენავა 9 ლელოთი; მეორე ადგილი ბათუმელ ლევან თხელიძეს უჭირავს (8), ხოლო “ლელო-სარასენსის” კვაჭ გიორგი ლომთაძეს 7 ლელო აქვს გატანილი.

რეგულარულ გათამაშებაში “ყოჩებმა” და “ლელო-სარასენსმა” ურთიერთშეხვედრებში თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. 1 ნოემბერს, “ავჭალაზე”, სადაც მომავალი შეხვედრა შედგება, “ყოჩებმა” მეტოქე 21:12 დაამარცხა. 7 მარტს თამაშს ბოლნისმა უპასუხა და “ლელო-სარასენსმა” სრულფასოვანი რევანში აიღო - 22:9. მოკლედ, ამ შემთხვევაში გამარჯვება იმ გუნდს უნდა დარჩეს, რომელიც კონკრეტულად ამ თამაშისთვის უკეთ იქნება მომზადებული. დებულების თანახმად, გამარჯვებული 80 წუთის შემდეგ აუცილებლად გამოვლინდება და არ დაინიშნება დამატებითი დრო, ან შუთაუთები. 80 წუთის შემდეგ ფრის შემთხვევაში, გამარჯვება მიენიჭება გუნდს, რომელიც კონკრეტულად ამ თამაშში მეტ ლელოს გაიტანს; მიიღებს ნაკლებ წითელ ბარათს; მიიღებს ნაკლებ ყვითელ ბარათს; და ბოლოს, ეკავა უკეთესი ადგილი, ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში უპირატესობა ბოლნისის “ყოჩების” მხარესაა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

პლეი ოფი. II წრე

16 აპრილი. ხუთშაბათი. შესარჩევი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

18 აპრილი. შაბათი. გასავარდნი

ფოთი. ხელოვნური. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117814