საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაფართოებული შემადგენლობით ემზადება და პარასკევს, საღამოს 17:00 საათზე, “კლერმონის” ესპუარებთან საკონტროლო თამაშს გამართავს.
გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები სწორედ საწვრთნელი თამაშების ნაკლებობას უჩივიან, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ოთხშაბათს ღია ვარჯიში გამართეს და მომავალი ტურნირის წინ საკუთარი მოსაზრებები გაახმაურეს.
ილია მაისურაძე (20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ მეტოქე ურუგვაიზე საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ამ გუნდის თამაში შარშანდელ “ალაფაზე” ვნახეთ და მაშინ მათ პირველი თამაში იაპონიას მოუგეს. გემახსოვრებათ, იაპონიამ საბოლოოდ “ალაფა” მოიგო და 12-გუნდა ელიტაში ავიდა. სამხრეთელებს შერკინებაც კარგი ჰყავთ და მათ ზურგს სწრაფი ხაზი უმაგრებს, დაცვაშიც აგრესიულები არიან. მოკლედ, მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.
ფიჯი შარშან ელიტაში თამაშობდა, იქ ბოლო ადგილზე გავიდა და “ალაფაზე” დაქვეითდა. მათ კარგი შეხვედრები ჩაატარეს, ძლიერები არიან ღია თამაშში და სწრაფი ბიჭები ჰყავთ. მაგრამ ორგანიზებაში პრობლემები აქვთ და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ფიჯის ბურთს თუ არ მივცემთ ყველაფერი კარგად იქნება.
ამ ეტაპზე დაცვა-შეტევაზე ვმუშაობთ. ვხვეწთ ფეხით დარტყმებს და ჩახურვას. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ისეთი შეკრება გვაქვს, რომლებზეც გუნდის დალაგება შეგვეძლება. მოთამაშეთა მესამედი საფრანგეთში თამაშობს, ნაწილი ქუთაისში, სადაც რამდენჯერმე ჩავედით და პროგრამები დავუტოვეთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემპიონატის თამაშების პარალელურად ხდებოდა და კლუბს ხელს ვერ შეუშლიდით. სწორედ კლუბებისადმის ხელის არშეშლა იყო იმის მიზეზი, რომ სულ რაღაც სამდღიანი შეკრებები გვქონდა. მაგრამ ახლა ყველა ჩვენთანაა და საფრანგეთიდან ჩამოსული ბიჭები ჩვენს შერკინებას მაგრად გააძლიერებენ. ბექა კაკაბაძე “კლერმონის” ესპუარებში თამაშობს და მომავალ თამაშში კლუბს დაეხმარება. ზაზა ხარებავა ჯერჯერობით ტრავმირებულია. ვფიქრობ, “ალაფაზე” კოზირი შერკინება და დერეფანი იქნება”.
ბადრი ალხაზაშვილი (მორაგბე): “საკმაოდ კარგად ვემზადებით. სამწუხაროდ, მაღალი დონის გუნდებთან ბევრი ამხანაგური თამაშის ჩატარება ვერ მოვახერხეთ. ამ შეკრებაზე ვეცდებით, რომ დავიხვეწოთ და შევიკრათ, რადგან გუნდში მრავლად არიან საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები და ქუთაისელი ბიჭები და მათთან ხანგრძლივად ყოფნის საშუალება აქამდე არ მოგვცემია. კარგია, “კლერმონი” რომ გვეწვია. მათთან თამაშში ვეცდებით, რომ დავლაგდეთ და ტაქტიკური მონახაზები დავხვეწოთ. “კლერმონის” გარდა კიდევ ერთი თამაში იგეგმება. ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით ნაკრები უნდა გაკეთდეს და მათთან რუსთავში ვითამაშებთ. დროთა განმავლობაში ქართული რაგბი და ვარჯიშები იხვეწება. 20-წლამდელთა ამჟამინდელ ნაკრებს მოგებული აქვს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. ბიჭები სამი წელია ერთად მოვდივართ, შეთამაშების პრობლემა არ უნდა გვქონდეს და ვფიქრობ, პორტუგალიაშიც კარგ თამაშს ვაჩვენებთ”.
თორნიკე ბუბუტეიშვილი (მორაგბე): “ალაფაზე” საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. ურუგვაის დალაგებული გუნდი ჰყავს, ფიჯი მსოფლიო თასიდან წელს ჩამოვარდა, პორტუგალიას ფინალი ორჯერ მოვუგეთ, მაგრამ ახლა რევანშის წყურვილი ექნებათ, თანაც საკუთარ ქვეყანაში თამაშობენ და იოლად არაფერს დათმობენ. ფიჯის ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და შეკრული დაცვა უნდა ვეთამაშოთ, რადგან თუ მათ ავყევით, კარგი არაფერი მოხდება. 18-წლამდელების წარმატება ჩვენთვის დიდი სტიმულია და ვეცდებით, რომ ფინალში გავიდეთ და ის თამაშიც მოვიგოთ”.
ა ჯგუფი
ფიჯი
საქართველო
პორტუგალია
ურუგვაი
12 მაისი
ურუგვაი - საქართველო
ფიჯი - პორტუგალია
16 მაისი
ურუგვაი - პორტუგალია
ფიჯი - საქართველო
20 მაისი
საქართველო - პორტუგალია
ფიჯი - ურუგვაი
ბ ჯგუფი
კანადა
ჰონკონგი
ნამიბია
ტონგა
12 მაისი
კანადა - ნამიბია
ტონგა - ჰონკონგი
16 მაისი
კანადა - ჰონკონგი
ტონგა - ნამიბია
20 მაისი
ნამინია - ჰონკონგი
ტონგა - კანადა
ფინალური დღე. 24 მაისი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია