ამბები

22:20 | 13.04.2015 | ნანახია 1524 - ჯერ

სუთიაშვილის ლელომ “მასის” ვერ უშველა

მას შემდეგ, რაც ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “აჟენთან” 27:29 დამარცხდა, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაიძირა და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, გადამრჩენ მე-14 ადგილს 7 ქულა აშორებს.

27-ე ტურში “მასიმ” Top 14-ის საგზურისთვის მებრძოლ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენს” უმასპინძლა და მოგების შემთხვევაში ელიტაში დარჩენის კარგ შანსს შეინარჩუნებდა, მაგრამ... მასპინძელთა შორის შერკინების მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სუთიაშვილმა. ის 35-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და ნაკლულმა მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვეს, რის შემდეგაც 10:12 ჩამორჩნენ.

მაგრამ “ბორჯღალოსანმა” “დანაშაული” 75-ე წუთზე სრულად გამოისყიდა. მან შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ “მასი” 27:26 დაწინაურდა, თუმცა, ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვა და მოგება ხელიდან გაუშვა. შედეგად, “მასი” 36 ქულით ბოლო ადგილზე ფაქტობრივად უიმედოდ დარჩა, თუმცა თეორიულ შანსი ჯერ კიდევ შერჩა. განვლილ მატჩში 45-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ყუფარაძემ, ხოლო სტუმართა შორის თეთრაშვილი ასევე შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა. “აჟენი” 74 ქულით მესამეა და ელიტა 1-ში ამსვლელ პლეი ოფში ოფიციალურად გასვლამდე სულ ცოტა დარჩა.

ამასობაში, გიორგი ნაცარაშვილის “პომ” Top 14-ის საგზური უკვე დაიბევა. ქართველი ბურჯის გუნდმა “მონტობანი” 31:5 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 93 ქულით პირველ ადგილზე მდევრებისთვის მიუწვდომელი შეიქმნა. ნაცარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა.

77 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანს”, რომელმაც “დაქსი” პრემიალური ქულით 37:8 დაამარცხა. მჭედლიშვილმა შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა. მისმა გუნდმა 4 ლელო გაიტანა და ერთი გაიტანა, საბოლოო შედეგი კი, 65-ე წუთზე დაფიქსირდა.

ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბის” უმასპინძლა და 47:19 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ბურჯმა მირცხულავამ მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. უმოტივაციო ტუმრებმა 3 ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად 7 გაუშვეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც დაუტოვეს. “მონ-დე-მარსანი” 73 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ტარბი” 53 ქულით მე-12-ეა.

ასევე უმოტივაციო ლაშა ლომიძის “ბეზიემ” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ნარბონი” 23:22 დაამარცხა და 59 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა. სამაგიეროდ, პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვიან ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” და ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი”, რომელთა ურთიერთშეხვედრაც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 28:16.

მასპინძელი “ალბი” იყო და მის სასტარტო შემადგენლობაში იყო შეყლაშვილი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შარიქაძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს დათუნაშვილი. “ორიაკმა” ტაიმი 13:10 მოიგო და მეორეს დასაწყისში ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მერე ქულები მხოლოდ თავად გაუშვა. “ალბიმ” ჯარიმებით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანა და ჯამში 68 ქულით მე-6 ადგილზე აღზევდა, ხოლო “ორიაკი” 67 ქულით მეშვიდეა. მეხუთეადგილოსან “ბიარიცს” 72 ქულა აქვს.

Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 25-26 აპრილსაა დანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094173