საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ფრანგული ლიცენზია აიღო და ამიერიდან ლეგიონერებზე დაწესებული შეზღუდვა აღარ შეეხება.
ფრანგული კლუბები ვალდებულნი არიან, გუნდის ნახევარი საკუთარი სკოლის აღზრდილი მორაგბეებით დააკომპლექტონ და ორი წლის შემდეგ ეს მოთხოვნა 75 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს უარყოფითად აისახება Top 14-ის დონეზე, მაგრამ უკეთეს შევსებას მიიღებს ეროვნული გუნდი. ეს შეზღუდვები მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს ქართველი ლეგიონერებისთვის, მაგრამ მიხეილ ნარიაშვილს უკვე აღარაფერი ემუქრება. გასულ კვირაში მან ფრანგული ლიცენზია მიიღო და აღარ ჩაითვლება ლეგიონერად, თუმცა, საქართველოს ნაკრებში მის თამაშს ამით ხელი არ შეეშლება.
ლიცენზიის მიღება Top 14-ის 22-რ ტურში პარიზში, “რასინგ მეტროსთან” მატჩამდე მოხდა და კლუბის ოფიციალურმა საიტმა 24 წლის ბურთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა:
“საფრანგეთში 2010 წელს ჩამოვედი და “მონპელიეს” ესპუართა გუნდში დავიწყე ვარჯიში. სწორედ “მონპელიეა” ჩემი პირველი კლუბი და აქ უკვე მეხუთე წელიწადს ვატარებ. თავიდან ესპუარების კონტრაქტი მქონდა, რომელიც 3 წლით პროფესიონალური კონტრაქტით გავახანგრძლივე და მისი მოქმედების ვადა 2016 წელს იწურება. ადმინისტრაციული პროცედურების გამო, ფრანგული ლიცენზიის მიღება რთული პროცესი აღმოჩნდა. საჭირო საბუთები რამდენჯერმე შევაგროვეთ. ვფიქრობ, ლიგამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და კარგი ამბის გაგებამ მეც გამახარა.
ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილე და გამოცდები ჩავაბარე, რათა ეს სტატუსი მიმეღო და ახლა ბედნიერი ვარ. რაც უფრო დიდხანს გიწევს ლოდინი, მით უფრო სასიხულოა სასიამოვნო ამბის მოსმენა. საფრანგეთში თავს კარგად ვგრძნობ, მიყვარს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით კი, ქალაქი და კლუბი მონპელიე. მოედანზე ყოველთვის მონდომებული გავდივარ და ასე იქნება ამ უქმეებზეც”.
“რასინგ მეტროსთან” მატჩი ნარიაშვილისთვის 77-ე იყო “მონპელიეს” პირველი გუნდის შემადგენლობაში და ქართველმა ბურჯმა ამ კლუბის შემადგენლობაში თავისი პირველი ლელო გაიტანა. 32-ე წუთზე მან რაქიდან აიტაცა ბურთი, მას ზემოდან გადაევლო და ჩათვლის მოედანში დაამიწა. ამ ეპიზოდში ანგარიში 14:10 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ, შეხვედრა კი, ფრედ 24:24 დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია