საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, თოპ 14-ის “მონპელიეში” მეოთხე სეზონს ატარებს და წლევანდელი გათამაშების 22-ე ტურში ამ კლუბის მაისურით თავისი პირველი ლელო გაიტანა.
24 წლის ნარიაშვილის “მონპელიე” პარიზში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” ეთამაშებოდა და მასპინძელთა ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, ხოლო ნარიაშვილმა პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა. პარიზელებმა საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანეს და 14:3 იგებდნენ, როდესაც ნარიაშვილი ლელოს სიახლოვეს წარმოქმნილ რაქს გადაევლო და ბურთი დაამიწა. მეორე ტაიმის დებიუტში “რასინგ მეტრომ” კიდევ ორი ლელო გაიტანა და 24:10 დაწინაურდა, მაგრამ “მონპელიე” არ დანებდა, დასკვნით 20 წუთში სამი ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანა და თამაში ფრედ დასრულდა - 24:24. “რასინგ მეტრო” 57 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “მონპელიე” 50 ქულით მე-7 პოზიციაზეა და პლეი ოფის ზონას 3 ქულა აშორებს.
ტურში კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა და აქაც ერთმანეთის წინაშე ქართველი ლეგიონერების გუნდები იბრძოდნენ - ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” 19:19 ეთამაშა. ყაულაშვილი შეცვლაზე 35-ე წუთზე შევიდა; შერკინებებში მის წინაშე 63-ე წუთამდე ითამაშა ქუბრიაშვილმა, რომელის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეცვალეს, ხოლო ჟვანია მოედანზე 72-ე წუთიდან შევიდა.
პარიზელებმაპირველივე წუთზე ლელო გაუშვეს, მე-11 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, შესვენებამდე და მატჩის განახლებიდან ერთ წუთში კი, “სტად ფრანსემ” სამი ჯარიმა გაიტანა და 12:10 დაწინაურდა. მერე ორი ჯარიმა და ერთი არეკნი “ლა როშელმა” მიითვალა, მაგრამ 73-ე წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 19:19. “სტად ფრანსე” 61 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” 46 ქულით მეათეა და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.
65 ქულით პირველ ადგილზეა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც სტუმრად “გრენობლი” 35:24 დაამარცხა. მასპინძლებმა 4 ლელო გაიტანეს და ორი გაუშვეს, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდნენ და ამის გამო დაისაჯნენ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის წარმატებაში ქართველმა ლეგიონერებმა დიდი წვლილი შეიტანეს. გორგოძემ სრულად ითამაშა და ტრადიციულად აქტიურობდა, მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა ჩილაჩავა, 68-ე წუთზე ის კასტროჯოვანიმ შეცვალა, მაგრამ ქართველ ბურჯს 4 წუთში მოედანზე დაბრუნება მოუწია და ბოლომდე ითამაშა. მეორეხაზელმა მიქაუტაძემ ტრავმირებული თანაგუნდელი 35-ე წუთზე შეცვალა, შესვენების შემდეგ ის კვლავ სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 72-ე წუთიდან დაბრუნდა.
“ტულონს” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ჩამორჩა, რომელიც მოულოდნელად საკუთარ მოედანზე “ოიონაქსთან” 10:11 დამარცხდა. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ხოლო ზირაქაშვილი შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ტაიმი 7:3 მოიგეს, 53-ე წუთზე ლელო გაუშვეს და ჩამორჩნენ, 70-ეზე ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 4 წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვეს, მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. 62 ქულით “კლერმონი” მეორე ადგილზეა.
უძლიერესთა შორის დარჩენის მოსურნეთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა”, ტიმ ლეინის გაწვრთნილი “ლიონი” 22:20 დაამარცხა. შველიძე და ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს. შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში ასიეშვილი. სტუმრებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, მეორეს დასაწყისში თავისი მეორე ლელო გაიტანეს და 17:6 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა საპასუხო ლელო-გარდასახვა 3 წუთში გაიტანეს და 50-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს.
“ბრივი” ჯარიმით 54-ე წუთზე დაწინაირდა, “ლიონმა” ერთქულიანი უპირატესობა 10 წუთში დაიბრუნა, მაგრამ 71-ე წუთზე მასპინძლებმა ბოლო ჯარიმა მიითვალეს და 22:20 მოიგეს. ახლა “ბრივი” 44 ქულით მე-11-ეა და 2 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას, ხოლო “ლიონი” 35 ქულით ბოლო საფეხურზეა.
57 ქულით მეხუთეა ვასილ კაკოვინის “ტულუზი”, რომელმაც “ბაიონს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით 20:17 იმარჯვა. მასპინძლებმა გამარჯვების ლელო 78-ე წუთზე გაიტანეს და გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ასევე ქართველი ლეგიონერის გარეშე 20:22 დამარცხდა “კასტრთან” და ერთი პრემიალური ქულა აიღო. სტუმრებმა პრემიის მომტანი ლელო-გარდასახვა ბოლო წუთზე გაიტანეს და 47 ქულით მე-9 ადგილზე არიან.
ახლა საფრანგეთში ორკვირიანი შესვენებაა, რადგან “ტულონსა” და “კლერმონს” მომავალ უქმეებზე ჩემპიონთა თასის ნახევარფინალები ელით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია