საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველობისთვის მოწინავე ოთხეული იბრძოლებს. პლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანმა “ბათუმმა” მეექვსეადგილოსან “აიას”, ხოლო მეოთხეადგილოსანმა “ლოკომოტივმა” მეხუთეადგილოსან “ხარებს” აჯობა.
თბილისის “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე შეკრებილმა 1200-მაყურებელმა დრამატული ჯახი იხილა და თამამად შეიძლება ითქვეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. თბილისელებმა რუსთაველებს აჯობეს ფეხით თამაშში, შანსების უკეთ გამოყენებაში, დასკვნით, გადამწყვეტ 20 წუთში შერკინებაში და შედეგიც ლოგიკური დადგა. რუსთაველებმა გაანიავეს ქულების აღების რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა, მათ შორის გადამწყვეტ მომენტში და XXV ეროვნული ჩემპიონატიც მეხუთე ადგილზე დაასრულეს, “ლოკომოტივი” კი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.
თამაში რომ დაიწყო, ბექა წიკლაური ფეხით კარგად კიდებდა ბურთს მეტოქის ზურგში და სტუმრებს საკუთარ ნახევარზე აბრუნებდა, მაგრამ იქ “ლოკომოტივი” ჯარიმდებოდა და “ხარებიც” უკან, თბილისელთა ნახევარზე ახერხებდა დაბრუნებას. მე-8 წუთზე მასპინძლებმა მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, თანაც დასარტყმელი პოზიციიდან და წიკლაურმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში გახსნა. რუსთაველებმა ცენტრიდან ბურთი თამაშში ვერ შეიყვანეს, მაგრამ მერე მეტოქე შერკინებაში დაჯაბნეს და ჩათვლის მოედნიდან 23-24 მეტრში აუტის მოწოდების უფლება მიიღეს.
დერეფნის მოგების შემდეგ კარგი მოლი დადგა, “ხარებმა” დარჩენილი დისტანცია ძალისმიერ სტილში დაფარა და მამუკა ცხადაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ ვაჟა ხუციშვილს გარდასახვა გაუცუდდა. მე-15 წუთზე “ლოკომოტივმა”იმავე ადგილას უკვე საკუთარი დერეფანი წააგო, რუსთაველებმა ჯერ მარჯვნიდან სცადეს შეტევის განვითარება, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და მეტობის გამოყენებით ლელო გავიდოდა, მაგრამ თორნიკე თეგეთაშვილმა პასის გაკეთებას თავად არჩია შეტევა და შებოჭეს, თუმცა ფეხზე დარჩა. მას ცხადაძე კარგად მიჰყვა, რომელმაც სისწრაფეში მიიღო ბურთი და ზედ ხაზზე გიორგი შკინინი გადათელა. მეორე გარდასახვა ვაჟა ხუციშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:12.
ნელ-ნელა “ლოკომოტივმა” ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება მოახერხა და წიკლაურმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. “ხარებს” 9-ქულიანი უპირატესობის დაბრუნების შანსი 22-ე წუთზე მიეცა, მაგრამ ხუციშვილმა კარის წინ 35 მეტრიდან ააცილა. სამაგიეროდ, 28-ე წუთზე რუსთაველები შერკინებაში დაჯარიმდნენ და წიკლაურმა ახლა მარცხნიდან დაჰკრა ზუსტად. ოთხიოდე წუთში ბექამ მეოთხედან მეოთხე ცდაზე გაიტანა და 45 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა - 12:12.
ეს ანგარიში ხელს მაინც “ხარებს” აძლევდა, რადგან ისინი ამ თამაშს ლელოებით 2:0 იგებდნენ და მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად აქტიურად დაიწყეს. მერე წიკლაური შეცდა, საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ფეხი გაუცურდა და მართალია, მისი გუნდი ლელოს გადაურჩა, მაგრამ “ხარებმა” 5-მეტრა შერკინება მიიღო. მცველები მეორედ რომ დაჯარიმდნენ, არჩილ ბეჟიაშვილი სინბინით დაისაჯა და თითქოს რუსთაველებს ლელო უნდა გაეტანათ, მაგრამ რატომღაც გიგა ქვლივიძემ შერკინებიდან ბურთი გაიტანა ხელდახელ შეტევა გადაწყვიტა, ცხადაძეს ჰეთ თრიკამდე სანტიმეტრები დააკლდა, თეგეთაშვილი მარჯვენა ფლანგზე ორიოდე მეტრში შეაჩერეს, ხუციშვილმა დაუცველ მარცხენა ფლანგზე შეტევის გაშლას თავად არჩია დაცვის ხაზის გაჭრა და კაცნაკლული “ლოკომოტივი” გადარჩა - შემტევი გუნდი დაჯარიმდა.
თბილისელები 100-პროცენტიან ლელოს რომ გადარჩნენ, სიტუაცია განმუხტეს, მეტოქეს მისსავე ნახევარზე ბურთი აართვეს და კარის 23 მეტრში ჯარიმა დაინიშნა, თუმცა წიკლაურს 100-პროცენტიანი დარტყმა გაუცუდდა. მასპინძლებმა სისწრაფის ხარჯზე მეორედაც მოიპოვეს უპირატესობა და “ხარები” ისევ დაჯარიმდა, რასაც უჩა აღაშვილის სინბინი მოჰყვა, მაგრამ წიკლაურმა გასატანი პოზიციიდან კვლავ ააცილა. მერე არეული თამაში გაჩაღდა და რუსთაველები კვლავ დაჯარიმდნენ, თუმცა წიკლაურს მიზანი აშკარად აერია. “ხარებმა” სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხა და ახლა მათი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დაინიშნა შერკინება. “ხარები” ზედიზედ მესამედ რომ დაჯარიმდა, რეფერიმ შეცვლაზე შესული მიშა წიკლაური გააყვითლა და მართალია, ამ დროს აღაშვილი თამაშში დაბრუნდა, რუსთაველები შერკინებაში მაინც ვერ დადგნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. დიმიტრი კალანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში, თამაშის გარდა, რეფერიც აირია, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და “ლოკომოტივიც” ჩემპიონობისთვის ბრძოლას დამსახურებულად აგრძელებს - 19:12.
დავით ჩავლეიშვილი (“ლოკომოტივის” მწვრთნელი): “მინდა აღვნიშნო, რომ ამ თამაშში რამდენიმე გამორჩეული ლიდერი დაგვაკლდა და ამან ჩვენზე გავლენა იქონია. თამაში ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორც პლეი ოფს შეეფერება. თავიდან 2 ისეთი ლელო გავუშვით, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ გარდამავალი უპირატესობა მოვიპოვეთ და ვფიქრობ, ეს თამაში არ უნდა წაგვეგო. მეორე ტაიმში წიკლაურს ორი ასპროცენტიანი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ შემდეგ ტექნიკური ლელო დავიმსახურეთ და ვფიქრობ, დამსახურებულადვე გავიმარჯვეთ. ჩვენ შევძელით და მეტოქეს იმ ერთი ეპიზოდის გარდა მოლი დავუშალეთ. მრავალფაზიანი ხელდახელ შეტევებში და ფეხით თამაშში უპირატესობა მოვიპოვეთ და ამან შედეგი მოიტანა. რაც მთავარია, მეორე ტაიმში მეტოქის ისეთი შეტევა მოვიგერიეთ, რომ ამან რწმენა შეგვმატა და მერე ანალგიურ სიტუაციაში “ხარები” საბოლოოდ გავტეხეთ”.
ფოთში “ბათუმმა” ქუთაისის “აიას” 15:8 სძლია. მატჩის ერთადერთი ლელო ქუთაისელი შალამბერიძის ანგარიშზეა, რასაც ჯარიმა ჯინჭველაშვილმა შემატა, მაგრამ პასუხად კობახიძემ 4 ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა - 15:8 და 18 აპრილს ბათუმელები “ლოკომოტივს” მასპინძლის რანგში დაუხვდებიან. მანამდე, 16 აპრილს, ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნები, ბოლნისის “ყოჩები” და თბილისის “ლელო-სარასენსი” იმ გუნდის ვინაობას გაარკვევენ, რომელიც ფინალში თამაშს დაიბევებს. 16 აპრილს დამარცხებული მცირე ფინალში “ბათუმი”-“ლოკომოტივის” წყვილს შორის გამარჯვებულს, მცირე ფინალში შეხვდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
პლეი ოფი. პირველი წრე. 9 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 1200 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 19:12 (12:12)
ლოკომოტივი (სასტარტო შემადგენლობა): 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ზ. ძნელაძე, 12. გ. ჭინჭარაული, 11. დ. კალანდაძე, 10. გ. შკინინი, 9. შ. დავითაშვილი; 1. ა. ბეჟიაშვილი, 2. ი. კვანტიძე, 3. ა. ბურდული, 4. გ. გეგია, 5. დ. ცუხიშვილი, 6. ლ. ფოფხაძე, 7. გ. ღუდუშაური, 8. ფ. გასვიანი.
1 ლელო: საჯარიმი
1 გარდასახვა: კალანდაძე
4 ჯარიმა: წიკლაური
1 სინბინი: ბეჟიაშვილი
ხარები (სასტარტო შემადგენლობა): 15. თ. თეგეთაშვილი, 14. დ. გულიტაშვილი, 13. ბ. ღამბაშიძე, 12. გ. ნათელაშვილი, 11. ლ. მელიქიშვილი, 10. გ. კოშაძე, 9. ვ. ხუციშვილი; 1. მ. ზურიკაშვილი, 2. უ. აღაშვილი, 3. გ. მელიქიძე, 4. მ. ცხადაძე, 5. ბ. ჯიმშიტაშვილი, 6. ლ. გიგიაშვილი, 7. ზ. ღამბარაშვილი, 8. გ. ქვლივიძე.
2 ლელო: ცხადაძე
1 გარდასახვა: ხუციშვილი
2 სინბინი: აღაშვილი, წიკლაური
ფოთი (ახალი). 500 მაყურებელი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 15:8
ბათუმი: 4 ჯარიმა - კობახიძე; 1 არეკნი - კობახიძე; 2 სინბინი - ალიქაძე, კობახიძე
აია: 1 ლელო - შალამბერიძე; 1 ჯარიმა - ჯინჭველაშვილი; 1 სინბინი - მატკავა
პლეი ოფი. II წრე
16 აპრილი. ხუთშაბათი. შესარჩევი
ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
18 აპრილი. შაბათი. გასავარდნი
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია