საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 9 აპრილიდან დასკვნით ფაზაში გადადის. რეგულარული პირველობის შედეგად მესამე-მეექვსე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან და ერთმატჩიან დუელში ის ორი გუნდი გაირკვევა, რომლებიც მედლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თითო-თითო თამაშია და გუნდებიც ისე დაწყვილდნენ, რომ რეგიონიდან თითო წარმომადგენელი მეორე ეტაპზე გავა. თბილისში, “ავჭალაზე”, 17 საათზე იწყება თამაში, სადაც მეოთხეადგილოსანი “ლოკომოტივი” ცხრილის მეზობელ რუსთავის “ხარებს” დაუხვდება. რეგულარული პირველობის 18 თამაშიდან ორივემ ნახევარი მოიგო (9-9 თამაში), თბილისელებმა ერთი, ხოლო რუსთაველებმა ორი თამაში ფრედ დაასრულეს, მაგრამ რკინიგზელებმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი პრემიალური ქულა აიღეს - 10, ხოლო “ხარების” ანგარიშზე 6 დამატებითი ქულაა.
გუნდებმა 9-9 გამარჯვება კი მოიპოვეს, მაგრამ 2015 წელს “ლოკომოტივი” მომავალ მეტოქეზე უკეთ თამაშობდა. მათ ხუთი შეხვედრა მოიგეს და აქედან სამში მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანეს, ორი მარცხიდან ერთში კი, ასევე პრემიალური ქულა აიღეს. გასულ უქმეებზე “ლოკომოტივმა” “ბათუმს” საწყის 15 წუთში გაშვებული 6 ქულის პასუხად, დარჩენილ დროში 13 გაუტანა და 13:6 იმარჯვა.
“ხარებმა” წელს ჩატარებული 7 თამაშიდან 5 წააგო, მაგრამ ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე ქუთაისის “აიასთან” 13:17 მარცხი გაასაჩივრა და რადგან სტუმრებმა ცრუ შერკინების მოთხოვნის წესი დაარღვიეს, სადისციპლინო კომისიამ გამარჯვება “ხარებს” მიანიჭა. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი და რუსთაველები მეხუთე ადგილზე გავიდნენ, თორემ მეექვსე პოზიციას დასჯერდებოდნენ და თბილისის ნაცვლად ახლა ქუთაისში მოუწევდათ მგზავრობა. გასულ უქმეებზე ბოლნისის “ყოჩების” დამრტყმელებს მიზანი რომ აერიათ, მარტყოფში “ხარები” მხოლოდ 3:10 დამარცხდა, ერთი პრემიალური ქულა აიღო და ამან მათ ფოთში, “ბათუმთან” ჩასვლა აარიდა, თორემ ქუთაისი მათ გადასწრებას შეძლებდა.
თბილისი ფოთზე და ქუთაისზე ბევრად ახლოსაა და სტუმარ-მასპინძლობაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ რეგულარულ გათამაშებაში რუსთაველები “ლოკომოტივთან” არ დამარცხებულან, მაგრამ მათი ორივე თამაში 2014 წელს გაიმართა და თანაც, სულ სხვაა რეგულარული გათამაშება და სხვა პლეი ოფი, სადაც მონაწილეობის გამოცდილება თბილისელებს უფრო დიდი აქვს. პირველ ტურში “ხარებმა” სენსაცია გამოაცხო და “ლოკომოტივს” “შევარდენზე” 26:22 მოუგო. მეორე წრეში, რუსთავში, მაყურებელმა ლელოები ვერ იხილა, მხოლოდ ორი ჯარიმა გავიდა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა - 3:3.
ამ გუნდების სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, “ხარებს” 38 ლელო აქვს გატანილი და 27 გაშვებული. “ლოკომოტივმა” ნაკლები ლელო გაიტანა (34), მაგრამ მეტოქეზე ნაკლებიც გაუშვა (22). თბილისელებს რუსთაველებზე ერთით მეტი ქულა აქვთ აღებული - 327, მაგრამ მასზე მეტი გაუშვა (267 “ლოკომოტივმა”, 249 “ხარებმა”).
ხვალ თბილისში წვიმაა გამოცხადებული.
ზემოთ ფრე ვახსენეთ, დებულებასაც ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ პლეი ოფის ამ ეტაპზე ნებისმიერ თამაშში გამარჯვებული 80 წუთის შემდეგ უნდა გამოვლინდეს. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება: 1. კონკრეტულად ამ თამაშში მეტ ლელოს გაიტანს; 2. ნაკლებ წითელ ბარათს მიიღებს; 3. ნაკლებ ყვითელ ბარათს მიიღებს; 4. მასპინძელს, რადგან მას რეგულარულ პირველობაში უკეთესი ადგილი აქვს დაკავებული.
მეორე თამაშს ფოთის ახალი სტადიონი უმასპინძლებს და მასში ნომინალური მასპინძელი “ბათუმი”, ხოლო სტუმარი “აია” იქნება. რეალურად, თამაში ნეიტრალურ მოედანზეა: ბათუმიდან ფოთამდე 68, ხოლო ქუთაისიდან ფოთამდე 103 კილომეტრია, მაგრამ გულშემატკივრისთვის ზედმეტი 35 კილომეტრი დაბრკოლება არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ქუთაისში რაგბი უფრო პოპულარულია, ვიდრე ბათუმში და შესაძლოა, გულშემატკივარი მეტოქეზე მრავლად ჰყავდეს. სინოპტიკოსები ხვალ ფოთში წვიმას ვარაუდობენ.
“ბათუმმა” რეგულარული გათამაშების პირველ ორ თამაშში მარცხი განიცადა, მერე კი, უკვე 16 თამაშია მოედანს უქულოდ არ ტოვებს და წაგებულ მატჩებშიც კი პრემიალურ ქულას იღებს. შედეგად, გუნდმა რეგულარული პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ბოლო შედეგებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. ზღვისპირელებმა ბოლო 4 თამაშიდან სამი დათმეს და მართალია სამივე შემთხვევაში მოახერხეს პრემიალური ქულის აღება, მაგრამ ამ შედეგმა მათ პირველ-მეორე ადგილის დაკავების საშუალება არ მისცა. სულ ბათუმელებმა 10 გამარჯვება მოიპოვეს, 7-ჯერ დამარცხდნენ და ერთ მატჩში ფრეს დასჯერდნენ.
18-დან 10 თამაში მოიგო “აიამაც”, 8-ჯერ დამარცხდა და 46 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ ამ გუნდს ბოლოწინა ტურში რუსთავში “ხარებთან” მოგებულ მატჩში წაგება ჩაეთვალა, ხოლო “თიბიეს უნივერსიტეტთან” მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა, თორემ მისი მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იქნებოდა და ახლა ფოთის ნაცვლად მშობლიურ ქუთაისში ითამაშებდა. 2015 წელს ჩატარებული 7 თამაშიდან გუნდმა 6 მოიგო, ოღონდ მერე ერთში მარცხი ჩაეთვალა და მხოლოდ ერთი წააგო - “ლელო-სარასენსთან” “აია” 13:0 იგებდა, მაგრამ მერე მოედანზე კაცნაკლული დარჩა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 25 წუთში 20 უპასუხო ქულა აიღო.
პირველ წრეში “ბათუმმა” “აია” ანგისაზე 16:8 დაამარცხა, მეორე წრეში ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე რევანში აიღეს - 13:9. 18 თამაშში “აიას” 41 ლელო აქვს გატანილი, რაც “ყოჩებთან” ერთად საუკეთესო მაჩვენებელია, თავად კი, მხოლოდ 19 ლელო გაუშვა და ამ მაჩვენებლით “ლელო-სარასენსის” შემდეგ მეორე ადგილზეა. “ბათუმის” ანგარიშზე 35 გატანილი და 25 გაშვებული ლელოა. მთლიანობაში, გატანილ-გაშვებული ქულები ორივე გუნდს თითქმის თანაბარი აქვს - “ბათუმმა” 337 ქულა გაიტანა და 261 გაუშვა (+76), ხოლო “აიამ” 332 გაიტანა და 246 გაუშვა (+86).
ფოთში თამაში 18:30 საათზე იწყება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
პლეი ოფი. პირველი წრე. 9 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ფოთი (ახალი). 18:30 საათი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია