საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური რჩება და Top 14-ის პირდაპირი საგზურის მიღებამდე გიორგი ნაცარაშვილის “პოს” ერთი გამარჯვება აშორებს.
26-ე ტურში ამ გუნდმა ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი” 30:15 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 88 ქულით პირველ ადგილზეა. ნაცარაშვილმა პირველიდან 50-ე წუთამდე იბრძოლა, დასკვნით წუთებში კი, თამაში გაიხსნა. “მონ-დე-მარსანი” თავად იბრძვის პლეი ოფის საგზურისთვის და მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. სტუმართა ორ ჯარიმას “პომ” ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 5:6 დათმო. მეორე ტაიმი რომ დაიწყო ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 49-ე წუთზე ჯარიმითვე ჩამორჩნენ.
52-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით “პომ” საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა, დასკვნით 15 წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ ორჯერ დაამიწა ბურთი და მნიშვნელოვანი 5 ქულა ჩაიწერა. “მონ-დე-მარსანი” 68 ქულით მე-4 ადგილამდე დაეშვა.
“პოს” 16 ქულით ჩამორჩა და 72 ქულით მეორე ადგილზეა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი”, რომელიც ქართველი ლეგიონერების გარეშე “ნარბონთან” სტუმრად 21:31 დამარცხდა. 70 ქულით მესამე ადგილამდე აღზევდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”, რომელმაც “მონტობანი” სტუმრად 33:23 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
“კოლომიესთან” 11:15 დამარცხდა და 67 ქულით “ბიარიცთან” მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი”. შუამარბმა შარიქაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დათუნაშვილი პირველიდან 54-ე წუთამდე გაისარჯა. ქართველების გუნდი 52-ე წუთისთვის ჯარიმების ხარჯზე 3:15 აგებდა, მაგრამ ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთო ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და “ორიაკმა” დასკვნით 10 წუთში 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა, რის გამოც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
ერთი პრემიალური ქულა აიღო ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ”, რომელიც სტუმრად კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბისთან” 23:28 დამარცხდა. შეხვედრაში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მეორეხაზელმა ნემსაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველხაზელი მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შეყლაშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბიმ” ტაიმი 23:13 მოიგო და 51-ე წუთზე ლელოთი უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა. “ალბიმ” 70-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანა და რადგან თამაშის გადარჩენა შეუძლებელი იყო, მე-80 წუთზე გატანილი ჯარიმით ბონუსის აღება დაიბევა. “ალბი” 64 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, ხოლო “ტარბი” 53 ქულით მე-12-ა.
ფაქტობრივად უმოტივაციოდაა დარჩენილი ლაშა ლომიძის “ბეზიე”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე “კარკასონთან” სტუმრად 14:23 დამარცხდა და 55 ქულით მეათეა. უშუალო კონკურენტ “დაქსისთან” პრემიალური ქულით დამარცხდა ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” - 10:37. სტუმრები ბოლო წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მეტოქეს პრემიალური ქულაც “დაუთმეს”. ახლა 35 ქულით ბოლო ადგილზე მყოფ “მასის” მე-14 ადგილამდე უკვე 7 ქულა აშორებს.
დადუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მე-5 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა და მერე აშვეთიამ შეცვალა ყუფარაძე, თუმცა, მას 77-ე წუთზე კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა სუთიაშვილმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია