ევროპის ყველაზე პრესტიჟულ რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ქართველი ლეგიონერების ორი ფრანგული კლუბი ითამაშებს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ფინალიც “ქართული” შედგეს.
მეოთხედფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ინგლისურ “ნორთჰემპტონს” 37:5 მოუგო და ტრიბუნაზე შეკრებილ 18-ათასამდე გულშემატკივარს ნამდვილი ზეიმი მოუწყო. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ხოლო ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 63-ე წუთამდე ითამაშა და უდიდესი შავი სამუშაო გაწია. შერკინება ინგლისური კლუბის ერთ-ერთი კოზირი იყო და მის შეჩერებას დიდი ენერგია დაჭირდა, გაშლილ თამაშში კი, ფრანგებმა მეტოქე მაგრად დაჩაგრეს და ტაიმი 27:0 მოიგეს, ხოლო 54-ე წუთზე მეტოქე კონტრშეტევაზეც რომ დაიჭირეს 37:0 დაწინაურდნენ. ინგლისელების 66-ე წუთზე გატანილმა ლელომ საერთო სურათი ვერ შეცვალა.
ნახევარფინალში “კლერმონის” მეტოქე კიდევ ერთი ინგლისური გუნდი “სარასენსი” იქნება, რომელმაც პარიზში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 12:11 მოუგო.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ინგლისური “უოსპსი” 32:18 დაამარცხა. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. განაცხადში იყო ჩილაჩავა, მაგრამ მოედანზე არ შესულა, ხოლო მიქაუტაძე 23-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ფრანგებმა ადრეულ ლელოს შესვენებამდე 5 ჯარიმა შემატეს და 22:6 დაწინაურდნენ. 53-ე წუთზე სტუმრებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს. 72-ე წუთზე ინგლისელთა მეორე ლელომ თამაშს ინტრიგა დაუბრუნა (25:18), მაგრამ 76-ე წუთზე ფრანგებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს და ნახევარფინალში ირლანდიურ “ლენსტერს” უმასპინძლებენ, რომელმაც ინგლისურ “ბათს” 18:15 მოუგო.
ნამატჩევს ფრანგი ჟურნალისტები გორგოძის აზრით დაინტერესდნენ: “ველოდით ასეთ წინააღმდეგობას, რადგან ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში იოლი თამაში არ შეიძლება გქონდეს. “უოსპსი” ძლიერი გუნდია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში პრობლემები შეგვექმნა, ვფიქრობ, ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ და სათქმელი ბევრი არაფერია”.
4-5 აპრილი. მეოთხედფინალები
ლენსტერი (ირლანდია) - ბათი (ინგლისი) 18:15
კლერმონი (საფრანგეთი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 37:5
რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი) 11:12
ტულონი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 32:18
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია