ამბები

0:13 | 5.04.2015 | ნანახია 5041 - ჯერ

დაუმსახურებელი ანგარიშით ფრანგებთან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მასპინძელთა წინააღმდეგ პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლა, მაგრამ რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რასაც დაუმსახურებელი ლელოების მიღება მოყვა და საბოლოო შედეგიც არალოგიკური დაფიქსირდა - 0:57.

ვერავინ იტყვის, რომ ამ თამაშში “უმცროს ბორჯღალოსნებს” გამარჯვება ეკუთვნოდათ, რადგან ფრანგები ქართველებს სჯობდნენ სისწრაფეში, ტექნიკაში, გადაწყევტილებების მიღებაში, იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებული, ქართველებს არ ჩამოუვარდებოდნენ ძალისმიერ თამაშში და როგორც წესი, ასეთ დროს გამარჯვებაც სწორედ მათ უნდა დარჩენოდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები 9 უპასუხო ლელოს გაშვებას და ასეთ მარცხს მაინც არ იმსახურებდა. მაგრამ გუნდი პირველსავე, 35-წუთიან ტაიმში ორჯერ დარჩა კაცნაკლული, ლელოს იქით გატანის და ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, რამდენიმე წამში ლელო თავად გაუშვა და მეორე ტაიმის დებიუტში საბოლოოდ გატყდა.

ფინალში ასეთი მარცხის შემდეგ, არავის უნდა გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ ქართველი 18-წლამდელები იქ შემთხვევით მოხვდნენ, რადგან ამ ბიჭებმა ირლანდიას მეოთხედფინალში და იტალიას ნახევარფინალში, თამაშით აჯობეს, უბრალოდ, 70-მა წუთმა მისი გამარჯვება შემთხვევითობის გამო ვერ დააფიქსირა და მატჩისშემდგომი შუთაუთებიც ამის გამო გახდა საჭირო. უბრალოდ, ზემოთნახსენებმა შეხვედრებმა უდიდესი ენერგია წაიღეს, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და ფრანგებისთვის სათანადი წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოხერხდა, თორემ ამ გუნდების შეხვედრა მეოთხედფინალში რომ შემდგარიყო, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა.

ალბათ, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა თამაში სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო. ტულუზას “ერნესტ ვალონზე” ქართველთა საქომაგოდ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები მრავლად მივიდნენ, მაგრამ სტადიონზე მათზე 20-ჯერ მეტი მაინც იქნებოდა ფრანგი გულშემატკივარი, ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრები, საქართველოს დარად, პირველად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ამან მასპინძელთა მონდომება გაათმაგა, რამაც ქართველთა მონდომების უპირატესობა გაანეიტრალა და საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაილაღა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მართლაც კარგად ჩაატარა. მართალია თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მეტოქეს უფრო ფიზიკური, სწრაფი და ტექნიკური ბიჭები ჰყავდა, მაგრამ დაცვაში აგრესიული თამაშით მათი პირველი მიძალებების შეჩერება მოხერხდა. თუმცა, რადგან რიგ შემთხვევებში შემტევების შეკავებას რამდენიმე ქართველი მცველის ჩართვა სჭირდებოდა, უკვე ცხადი შეიქმნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ფრანგებს ეს უპირატესობა შედეგს მოუტანდა.

ფრანგებმაც კარგად იცოდნენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული ძალის გუნდი რომ თამაშობდა და მე-6 წუთზე ანგარიშის გახსნა ჯარიმით სცადეს, მაგრამ ტომას დერმონს გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. ორიოდე წუთში გელა აფრასიძემ მიიღო შანსი: ფრანგები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ, ქართველთა 9 ნომერმა კარის 45 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გაგზავნა, მაგრამ ოდნავ ძალა დააკლდა და ის ქვედა ძელმა აისხლიტმა. მასპინძლებმა 22-იდანვე ხელდახელ სცადეს შეტევის წამოწყება და ნეტავ ეს არ ექნათ, რადგან სისწრაფეში უშანგი ჭეიშვილმა მეტოქე უნებლიეთ მხრებს ზევით შებოჭა და სინბინით სამართლიანად დაისაჯა.

მიუხედავად ნაკლულად დარჩენისა, თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა და აფრასიძემ კარიდან ოდნავ მარჯვნივ, 40 მეტრიდან მიიღო ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ დარტყმული კვლავ არაზუსტი იყო. ფრანგებმა მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს, 22-იდან სწრაფად გაათამაშეს ბურთი, ხელდახელ შეტევით ჩვენს 22-ში შეაღწიეს, თითქოს შეტევის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ მერე მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშდა ბურთი, იქ მცველმა ჩაჭრაზე სცადა თამაში და მიზნამდე ოდნავ დააკლდა, უიღბლობის წყალობით ბურთი კვლავ ფრანგთა ხელში აღმოჩნდა და არტურ რეტიერიმ პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ეს არაფერს ნიშნავდა, ფრანგები ლელოზე თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრები კარგად იცავდა თავს, თუმცა ხშირად ჯარიმდებოდა და 27-ე წუთზე რეფერიმ სტუმრები მეორედ დატოვა კაცნაკლული - ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილი გააყვითლა. და აქ საქართველოს ნაკრებმა კარგი იერიშის წამოწყება მოახერხა, მოკლე დარტყმებით მარცხენა ფრთაზე უპირატესობა შეიქმნა, რომლის გამოყენებით ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ბოლო გადაცემის ჩაჭრის შემდეგ “ტურბო-სიჩქარის” მქონე ალექსანდრ ნიკუმ ქართველთა ჩათვლის მოედნამდე ირბინა ლელოს იქით გატანის ნაცვლად, ანგარიში 0:12 გახდა.

ასე გაუშვა 14-მა “ბორჯღალოსნმა” 15 ფრანგისგან ორი ლელო, მაგრამ თამაშის შემხედვარე სიტუაციის შემობრუნების იმედი მაინც რჩებოდა, თუმცა, განახლდა შეხვედრა და სანამ ქართველთა შემადგენლობა შეივსებოდა, ფრანგთა სწრაფი იერიში მესამე ლელოთი დასრულდა. აი აქ იმედი მოკვდა, 18-წლამდელებს ენერგიამ და ნერვებმა უმტყუნა, შეცდომებმა იმატა და უმეტესად ბურთის დაკარგვის და სწრაფი კონტრშეტევის ხარჯზე კიდევ 6 ლელო გავიდა. საქართველოს ნაკრები დამარცხდა, მაგრამ გუნდის თითოეულმა წევრმა დაამტკიცა, რომ ქართული რაგბი მომავლის გარეშე არ დარჩება და ასაკობრივ თუ ეროვნული ნაკრების შემადგენლობებში, ეს ბიჭები, რომელთაც ევროპაში აქამდე არსებული რეალობა შეცვალეს და ქართული რაგბის ისტორიული წარმატება მოუტანეს, მომავალში არაერთ დიდ გამარჯვებას იზეიმებენ.

ახლა კი, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა მეორე ადგილი! და მათთვის, ვინც ბოლო თამაშით უკმაყოფილო დარჩა, ასეთი შედეგი მეოთხედფინალში რომ დაფიქსირებულიყო და მას შემდეგ საქართველოს ნაკრებს იტალია და ირლანდია დაემარცხებინა, დაიკავებდა მხოლოდ მეხუთე ადგილს, ახლა კი, სამი საფეხურით წინ ვართ! ფინალში მარცხი ყოველთვის მწარეა, მით უმეტეს ასეთი ანგარიშით, მაგრამ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უდიდესი სიხარული აჩუქა ქართველ ერს წინა ორი გამარჯვებით და ამის დავიწყება და ხაზის გადასმა უბრალოდ მიუღებელია!

2015 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის

საფრანგეთი. ფინალები. 4 აპრილი

VII ადგილისთვის

შოტლანდია - ირლანდია 12:21

V ადგილისთვის

პორტუგალია - უელსი 8:38

III ადგილისთვის

ინგლისი - იტალია 39:12

ფინალი

საფრანგეთი - საქართველო 57:0 (12:0)

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი (20. ელგუჯა კიკვაძე 44), 13. სანდრო სვანიძე (23. საბა სვიმონიშვილი 53), 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე (21. ბექა მამუკაშვილი 55); 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი (17. ლევან ჭავჭავაძე 36), 3. ლაშა ტაბიძე (კაპ) (18. ჯემალ შათირიშვილი 59), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი (19. გიორგი ნუცუბიძე 55), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (16. გურამ პაპიძე 13-18; 22. ერეკლე მაჭარაშვილი 46), 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე (24. გიორგი ელისაშვილი 54).

3 სინბინი: უშანგი ჭეიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, საბა სვიმონიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.45042