საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძლებთან 0:57 დამარცხდა და “ზღაპარი” ვეღარ გაგრძელდა.
მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შუთაუთებით მოგებულმა თამაშებმა და ისტორიული შედეგის ჩვენებამ, დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია წაიღო. მიუხედავად ამისა, ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა ღირსეულად ჩაატარეს, 35 წუთის ნახევარზე მეტი კაცნაკლულებმა ითამაშეს და დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია და ორი ლელო გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დაშვებულ მორიგ შეცდომას მესამე ლელო მოყვა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ შეხვედრის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, გუნდი მორალურად გატყდა და როგორც ხდება ხოლმე, ჯამში უფრო მაღალი კლასის გუნდმა გაილაღა. ფრანგებმა პრატიკულად ყველა შეცდომით ისარგებლეს, ლამაზი ლელოებით საკუთარი გულშემატკივარი ასიამოვნეს და საბოლოოდ 57:0 იმარჯვეს.
ეს არაა ის შედეგი, რასაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები იმსახურებდა, მაგრამ რეალობა ასეთია... და მაინც, მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ტურნირში უდიდეს წარმატებას მიაღწია, დამსახურებულად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ზოგადად ქართულ რაგბის მომავალში აუცილებლად წაადგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია