ეროვნული ნაკრები

18:58 | 18.03.2016 | ნანახია 1492 - ჯერ

„ვანახოთ მსოფლიოს, რომ სარაგბო ზეიმის მოწყობა შეგვიძლია“

დღეს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მწვრთნელებმა კაპიტნებთან ერთად წინასამტჩო პრესკონფერენცია გამართეს.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „მუხის ფოთლები“ ყველაზე კონკურენტული მეტოქეები არიან.

„ახალი არაფერი იქნება იმაშ თუ ვიტყვი, რომ რუმინეთთან მატჩი ჩვენთვის ამ ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ტრადიციულად, ქართველებისთვის რუმინეთის ნაკრები საკმაოდ რთული მეტოქეა. ჩვენი ბიჭები მოტივირებულნი არიან, ამაში დიდ როლს ითამაშებს ის გარემო, რაც „დინამო არენაზე“ იქნება შექმნილი.“

ახალზელანდიელმა სპეციალისტმა რუმინეთის ნაკრების პროგრესზეც ისაუბრა:

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც „ბორჯღალოსანთა“ მწვრთნელი ვარ, რუმინელებმა პროგრესი აშკარად განიცადეს. დღეს უკეთეს, დახვეწილ რაგბის თამაშობენ. ჩვენს მსგავსად, მათი ძლიერი მხარეც შერკინებაა, თუმცა ბოლო ხანებში მათ რიგებს საინტერესო ხაზის მოთამაშეები შეემატა“ - აღნიშნა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ყურადღება ქომაგთა რაოდენობაზე გაამახვილა:

„მაყურებელთა დიდი რაოდენობით მოსვლა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ბიჭებისთვის, ასევე მსოფლიო სარაგბო საზოგადოებისთვის, რათა დაინახონ როგორ უყვართ რაგბი საქართველოში. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვანახოთ, რომ სარაგბო ზეიმის მოწყობა შეგვიძლია. ხვალ ტურნირის ორი საუკთესო გუნდი თამაშობს და ვფიქრობ, სანახაობრივ რაგბის ვიხილავთ“ - განაცხადა სუთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ხვალ, 17:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. გამარჯვებული ერთბაშად ორ თასს აღმართავს - რაგბი ევროპის ჩემპიონატის და საქართველოსა და რუმინეთის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასს“.

უჩა გოგიძე

ფოტო - გიორგი ჭელიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084061