საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტურმა რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი. გასარკვევია რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს და შესაბამისად, ისინი პლეი ოფებში როგორ დაწყვილდებიან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ოთხი თამაში პარალელურ რეჟიმში იწყება. ქუთაისში “აია” თბილისის “არმაზს” მასპინძლობს და ნაცვლად იმისა, რომ მესამე ადგილისთვის იბრძოლოს, ამ გუნდს ექვსეულში მოსახვედრად ერკინება. ეს იმიტომ, რომ მე-17 ტურში რუსთავში “ხარებთან” მოგებული თამაში (17:13) შეცვლებისას დაშვებული შეცდომის გამო წაგებად ჩაეთვალა და ერთი სატურნირო ქულაც (ჯამში 5) დააკლდა. არმაზელებს ბოლო ტურის წინ პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ამისათვის თავად უნდა მოეგოთ და პარალელური მატჩისთვისაც ედევნებინათ თვალყური, ახლა კი, უშუალო კონკურენტს ხვდებიან.
გუნდები მომავალ თამაშს კარგ ფორმაში ხვდებიან და ქუთაისელი მაყურებელიც საინტერესო ბრძოლას იხილავს. “არმაზმა” ბოლო სამი თამაში მოიგო, აქედან ორი პრემიალური ქულით და საპლეიოფო შანსებიც ამის შემდეგ გაუჩნდა. მაგრამ სეზონის 2015 წლის ნაწილი კარგად ჩაატარა “აიამაც”, რომელმაც ალალ ბრძოლაში ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და ის ერთი “ლელო-სარასენსთან” დასკვნით 20 წუთში დათმო. წყვილში ფავორიტი ნებისმიერ შემთხვევაში მასპინძელია, რომელმაც პირველი წრის მიწურულს “არმაზი” თბილისში 26:12 დაამარცხა. “აიას” ექვსეულში მოხვედრის გარდა მე-4 ადგილის დაკავების შანსიც აქვს, თუ დასკვნით ტურში “ლოკომოტივი” და “ხარები” დამარცხდა.
თბილისის “ლოკომოტივი” “ავჭალაზე” “ბათუმს” მასპინძლობს. რკინიგზელების მოტივაცია ოთხეულში შესვლა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლების მოპოვებაა. “ბათუმს” ჯერაც აქვს პირველ-მეორე ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ ამისათვის თავად პრემიალური ქულით უნდა იმარჯვოს და “ლელო-სარასენსისა” და “ყოჩების” მარცხის იმედი ჰქონდეს (ერთ-ერთის მაინც). ბათუმში ზღვისპირელებმა ამის გაკეთება მოახერხეს და მეტოქე 39:17 დაამარცხეს.
ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა: “ბათუმი” სტუმრად თამაშობს, ბოლო დროს ძველებურად დამაჯერებელი ვერაა და “ლოკომოტივიც” სეზონის დასკვნით ნაწილს კარგ ფორმაში ხვდება. ამას რკინიგზელთა მოტივაციაც ემატება, რომელთაც ქუთაისში, ან ბათუმში მგზავრობას დედაქალაქში თამაში ურჩევნია. მაყურებელიც ორი მოტივირებული გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს.
რუსთავის “ხარები” გათამაშების ლიდერ ბოლნისის “ყოჩებს” მარტყოფში ეთამაშება და საჩუქრის შერგებას ეცდება. რუსთაველებს მეოთხე ადგილის შენარჩუნების და პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვების შანსი აქვთ, მაგრამ “ყოჩებისთვის” ამ თამაშში სასწორზე პირველი ადგილის დაკარგვა დევს. პრინციპში, ერთი პრემიალური ქულის აღების შემთხვევაშიც კი, ბოლნისური კლუბი მეორე ადგილზე ქვევით არ დაეშვება და ეს იგივე უპირატესობას იძლევა, რასაც პირველი ადგილი. მაგრამ არის ფსიქოლოგიური უპირატესობა და ძნელად დასაჯერებელია “ყოჩები” პრემიალური ქულით მარცხს შეეგუოს. პირველ წრეში ბოლნისელებმა “ხარებს” რუსთავში ოთხი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და პრემიალური ქულით მოიგეს - 29:7.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი”, რომელიც ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება, მისი ფეხის დაცდენით ალბათ, აუცილებლად ისარგებლებს. ორიოდე წლის წინ მისი და “არმიას” დაპირისპირებაში ჩემპიონის ბედი ირკვეოდა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა და არმიელებს უძლიერესთა შორის დასარჩენად პირველლიგელ “დინამოსთან” გადათამაშების გამართვა მოუწევთ. ამ მატჩში “ლელოსთვის” მხოლოდ პირველობის ბედი როდი წყდება. მარცხის შემთხვევაში “ბათუმს” მისთვის მეორე ადგილის ჩამორთმევა შეუძლია და ჩემპიონიც ბოლომდე მოინდომებს. პირველ წრეში “არმიამ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ 19:22 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
5 აპრილს ერთი თამაშია და ის “ავჭალაზე” 15 საათზე დაიწყება. გორის “ჯიქები”, რომლისთვისაც ჩემპიონატი ნებისმიერ შემთხვევაში მე-7 ადგილით დასრულდება, პირველ ლიგაში დაქვეითებულ “თიბიეს უნივერსიტეტს” ეთამაშება. პირველ წრეში ჯერ კიდევ თბილისის “ჯიქებმა” მეტოქე 43:17 დაამარცხა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური
4 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
მარტყოფი. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი)
ქუთაისი. აია. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
5 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ჯიქები (გორი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
ყოჩები | 17 | 12 | 1 | 4 | 369:243 | 54 |
ლელო-სარასენსი | 17 | 11 | 3 | 3 | 329:223 | 52 |
ბათუმი | 17 | 10 | 1 | 6 | 331:248 | 49 |
ხარები | 17 | 9 | 2 | 6 | 323:239 | 45 |
ლოკომოტივი | 17 | 8 | 1 | 8 | 314:261 | 44 |
აია | 17 | 9 | 0 | 8 | 312:241 | 42 |
არმაზი | 17 | 8 | 1 | 8 | 303:322 | 38 |
ჯიქები | 17 | 6 | 2 | 9 | 242:263 | 31 |
არმია | 17 | 4 | 1 | 12 | 217:378 | 22 |
თიბიესი | 17 | 2 | 0 | 15 | 223:545 | 11 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია