ინტერვიუ

18:47 | 18.03.2016 | ნანახია 2216 - ჯერ

ნიკა ნეფარიძე: „მსურს „კლერმონში“ დიდი ხნით დავრჩე“

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, პირველხაზელი ნიკა ნეფარიძე, კლუბს სამხრეთამერიკული ტურნეს შემდეგ დაუბრუნდა, სადაც ის „უმცროსი ბორჯღალოსნების“ კაპიტანი იყო. კლუბის ოფიციალურ საიტზე მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

  • როდის დაიწყეთ რაგბის თამაში?
  • საქართველოს ნაკრების თამაშებს რომ ვუყურებდი, რაგბით დავინტერესდი და 10 წლისა თავად მივედი რაგბიზე. ჯერ სკოლის გუნდში ვთამაშობდი, ოთხი წლის შემდეგ კი, პროფესიონალურ დონეზე ჩავერთე რაგბიში.
  • „კლერმონში“ როგორ მოხვდით?
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, 2015 წელს ლისაბონში 20-წლამდელთა მსოფლიო თასის „ალაფა“ მოვიგე. სწორედ მაშინ შემომთავაზა „კლერმონის“ მწვრთნელმა მათთან გადასვლა. მე უკვე ვიცოდი ამ კლუბის შესახებ, 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მათ წინააღმდეგაც მქონდა ნათამაშები და შეთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდი.
  • კლუბში ინტეგრაცია მარტივად მოახერხეთ?
  • თავიდან გამიჭირდა, რადგან დავტოვე მშობლიური ქალაქი, ოჯახი და მეგობრები, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ახლა აქაც მყავს მეგობრები. ფრანგული ენა რთულია, მაგრამ ყოველდღიურად დავდივარ მასწავლებელთან და ვსწავლობ.
  • კლუბი როგორ მოგწონთ?
  • აქ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა, პირველი გუნდი კი, შესანიშნავია. აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი შანსია და მოხარული ვარ მისი კვართის ტარების პატივი რომ მერგო.
  • თქვენ ესპუართა ჩემპიონატში მონაწილეობით.
  • ჩემპიონატი რთულია, რადგან მეტოქეები ძალიან კარგი გუნდები არიან და ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ. რა თქმა უნდა, მიზანი ჩემპიონობაა და ვფიქრობ, ამის შანსი გვაქვს.
  • გასულ თვეში საქართველოს 20-წლამდე ნაკრებთან ერთად სამხრეთამერიკულ ტურნეზე იმყოფებოდით. როგორ ჩაიარა ამ ტურნემ?
  • რთული შეხვედრები გვქონდა, მით უმეტეს, რომ სიცხეში გვიწევდა თამაში. ადაპტაციას გარკვეული დრო ჭირდებოდა. ვეთამაშეთ არგენტინას და ურუგვაის. მოვიგეთ ბოლო თამაში და მთლიანობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ.
  • თქვენ გუნდის კაპიტანი იყავით.
  • ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდს ვუკაპიტნე. ამაყი და მოხარული ვარ, რომ მწვრთნელებისგან და თანაგუნდელებისგან ასეთი ნდობა დავიმსახურე.
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წელს პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს.
  • ძალიან რთული თამაშები გველის, რადგან მეტოქეებად უძლიერესი გუნდები გვერგო - ახალი ზელანდია, ირლანდია და უელსი. ვეცდებით, რომ მათ დიდი ბრძოლა გავუმართოთ.
  • როგორია თქვენი სამომავლო ამბიციები?
  • მსურს ყოველ დღე მუხლჩაუხრელად ვიმუშაო და გავაუმჯობესო თამაშის ხარისხი. მსურს საფრანგეთში დავრჩე და კარგი იქნება, თუ კარიერას „კლერმონის“ პირველ გუნდში გავარგძელებ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076351