ამბები

21:17 | 30.03.2015 | ნანახია 4461 - ჯერ

უმცროსი “ბორჯღალოსნები” იტალიასთან მატჩისთვის ემზადებიან

ხვალ, 31 მარტს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ნახევარფინალები გაიმართება, რომლებშიც მოქმედი ჩემპიონი ინგლისი მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო უმცროსი “ბორჯღალოსნები” ალბის სტადიონზე იტალიელებს ერკინებიან.

მატჩები ერთმანეთის პარალელურად, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები შეგვპირდნენ, სთრიმი აუცილებლად გაიმართებაო. მის ბმულს განვათავსებთ რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოც-მედიაში, მაგრამ თუ ტექნიკური პრობლემის გამო, ისინი სთრიმს კვლავ ვერ გამართავენ, მეოთხედფინალის მსგავსად ტექსტური ლაივი ჩვენს Facebook-ის გვერდზე იწარმოებს.

გათამაშების პირველ რაუნდში იტალიელმა 18-წლამდელებმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში უელსი 14:13 დაამარცხეს, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” კი, არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს ირლანდიის ძლევა. მატჩის ძირითადი დრო, 70 წუთი, ფრედ 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა “შუთ აუთი” (5-5 დარტყმა მიწიდან), რომელშიც მოწინააღმდეგეს 3/1 ვძლიეთ.

დანარჩენ მეოთხედფინალებში ინგლისმა 85:5 სძლია პორტუგალიას, ხოლო მასპინძელმა საფრანგეთმა შოტლანდიელ 18-წლამდელებს 22:10 მოუგო.

უმცროსი “ბორჯღალოსნები” კაპიტნის ვარჯიშს დღეს საღამოს გამართავენ, ხოლო სამატჩო რაზმი ხვალ დილით დასახელდება. აღსანიშნავია, რომ ირლანდიასთან მატჩში დაშავებული მოთამაშეები – ილია სპანდერაშვილი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი კვესელაძე – თავს კარგად გრძნობენ და აქტიურად ემზადებიან ხვალინდელი თამაშისთვის.

“გუშინ და დღეს ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდეგის მეოთხედფინალური მატჩის ანალიზს აქტიურად შევუდექით და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველა მოთამაშეს მივეცით კონკრეტული დავალება, ხოლო რაც შეეხება მთლიანად გუნდს, მწვრთნელები მისგან ხვალ სწორედ მიმართულ დაცვას მოვითხოვთ.

იტალიელები გულიანი და ძლიერი ბიჭები არიან, რაც უელსთან თამაშში დაამტკიცეს, მაგრამ ამავდროულად – ნაკლებად ორგანიზებულები, ასეთ გუნდს კი სწორი და უშეცდომო დაცვა უნდა დაუპირისპირო.

ჩვენი გუნდის მომზადებითა და კონდიციით კმაყოფილი ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ ხვალინდელ მატჩში ყოველივე მოთამაშის იმედი მაქვს“ – განაცხადა 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074523