ამბები

17:42 | 30.03.2015 | ნანახია 1650 - ჯერ

ტური მასპინძლების სასარგებლოდ

საფრანგეთის მორაგბეთა 25-ე ტურის რვავე შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურიღა რჩება და ნელ-ნელა მცირდება იმ გუნდების რაოდენობა, რომელთაც Top 14-ში ასასვლელ პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი რჩებათ. თეორიულად, 5 ტურში 25 ქულის აღებაა შესაძლებელი მოწინავე ხუთეულში მოხვედრის შანსი 12 გუნდს აქვს, მაგრამ პრაქტიკულად, დაწინაურებისთვის შვიდი გუნდიღა თუ იბრძოლებს.

ტურის ცენტრალური თამაშები კვირას გაიმართა. მეორეადგილოსანმა, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” ლიდერს, გიორგი ნაცარაშვილის “პოს” უმასპინძლა და 22:15 მოგებით ელიტა 1-ში დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ სტუმართა ბურჯმა ნაცარაშვილმა მიიღო, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმი 6:3 დასრულდა, მერე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და “პო” 2 ქულით დაწინაურდა, მაგრამ 13 წუთში 13 ქულა გაუშვა და 8:19 ჩამორჩა. 76-ე წუთზე “პერპინიანის” მიერ გატანილ ჯარიმას სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს ლელო-გარდასახვით უპასუხეს, მაგრამ ამით ვერაფერი იხეირეს.

მიუხედავად იმისა, რომ “პო” უქულოდ დარჩა, ის 83 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. “პერპინიანი” მას 11 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, თანაც ისე, რომ მე-6 ადგილს უკვე 9 ქულით დაშორდა და თუ სასწაული არ მოხდა პლეი ოფში აუცილებლად იქნება.

მეორე ცენტრალურ მატჩში ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” უშუალო კონკურენტი “ბიარიცი” 23:15 დაამარცხა და 68 ქულით მესამე ადგილზე გამაგრდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. “ბიარიცის” მარცხით ქართველი ლეგიონერების ერთბაშად სამმა გუნდმა ისარგებლა.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” ლელოუხვ მატჩში “კარკასონი” 46:31 დაამარცხა და 66 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა. ქართველილეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათმა თანაგუნდელებმა კი 6 ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად 4 გაუშვეს. “აჟენმა” მეოთხე ლელო 74-ე წუთზე გაუშვა და პრემიალური ქულა დაკარგა.

66 ქულა აქვს და მეხუთეა ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი”, რომელმაც “დაქსს” ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა და 42:6 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო ხატიაშვილი და შარიქაძე განაცხადში არ იყვნენ.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” “ნარბონი” 17:13 დაამარცხა. მაისურაძეს არ უთამაში, შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. 70-ე წუთისთვის მასპინძლები 17:3 იგებდნენ, მაგრამ მერე 10 ქულა გაუშვეს და სტუმრებს პრემიალური ქულა გაატანეს. “ალბი” 63 ქულით მე-6 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 3 ქულა აშორებს.

ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “მონტობანი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 38:13 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძლებმა ტაიმის ჯარიმების ხარჯზე 12:7 მოიგეს, 48-ე წუთზე თავისი პირველი ლელო გაიტანეს, მალე ჯარიმა გაუშვეს და 73-ე წუთისთვის 17:13 იგებდნენ, მაგრამ მერე სამი ლელო გაიტანეს და დიდი ანგარიშით მოგებასთან ერთად პრემიალური ქულაც აიღეს. “ბეზიე” 55 ქულით მე-10 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 11 ქულა აშორებს.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “კოლომიეს” სტუმრად მთელი საათი ებრძოლა, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვა და 17:34 დამარცხდა. მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნემსაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. მასპინძლებს შერკინებაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ეს სათანადოდ გამოიყენეს. “ტარბი” 49 ქულით მე-12 ადგილზეა.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” სტუმრად ერთ ქულას დასჯერდა “ბურგონთან” - 20:25. დადუნაშვილმა და ყუფარაძემ პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშეს, აშვეთია შეცვლაზე ასევე 48-ე წუთზე, ხოლო სუთიაშვილი 59-ე წუთზე შევიდა. მასპინძლები 56-ე წუთზე 25:6 დაწინაურდნენ, “მასიმ” 61-ე და 65-ე წუთებზე გატანილი ლელო-გარდასახვებით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. Pრო D2-ის ყველაზე ქართული გუნდი 35 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ 5 მატჩში მეტოქეებზე 3 ქულით მეტი უნდა აიღოს.

მომდევნო ტურის თამაშები 4-5 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133905