ამბები

16:39 | 29.03.2015 | ნანახია 2269 - ჯერ

სამნი - სასტარტოში, დანარჩენები - შეცვლაზე

საფრანგეთის Top 14-ის 21-ე ტურის მატჩებში სამმა ქართველმა ბურჯმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, ხოლო დანარჩენები თამაშში შემცვლელებად ჩაებნენ.

სანაკრებო შეხვედრებისა თუ ევროთასების პლეიოფებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ჩემპიონატი ორკვირიანი შესვენებებით მიმდინარეობს და აპრილის ბოლომდე ასე გაგრძელდება. მომდევნო უქმეებზე ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალებში გასულ გუნდებს ევროთასების მატჩები ელით და ამან შიდა ასპარეზის მატჩებზეც იქონია გავლენა.

ტურის ცენტრალური თამაში პარიზში გაიმართა და მასში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 40:26 დაამარცხა. პარიზელები მხოლოდ შიდა ასპარეზზე იბრძვიან, “ვულკანებს” კი რამდენიმე დღეში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი ელით “ნორთჰემპტონთან” და ამან განვლილ მატჩზეც იქონია გავლენა. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ხოლო ქართველმა ბურჯებმა შეცვლებზე ითამაშეს - ქუბრიაშვილი მოედანზე 53-ე, ჟვანია 66-ე, ხოლო ზირაქაშვილი მე-60-ე წუთიდან შევიდა. ჟვანიამ მარცხენა ბურჯად ითამაშა და შესაბამისად, დასკვნით 15 წუთში შერკინებებში ზირაქაშვილის პირისპირ იდგა.

თამაშში 9 ლელო გავიდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა სამი, ხოლო სტუმრებმა ერთი ლელო მიითვალეს და “სტად ფრანსე” შესვენებაზე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდა (27:7). მატჩის განახლებიდან 20 წუთში “კლერმონმა” ლელოებით ანგარიში გაათანაბრა (ორი ლელო გაიტანა) და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა (19:27), მაგრამ პარიზელებმა ჯერ ჯარიმით და მერე ორი ლელოთი, 15 წუთში უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდეს. სულ ბოლოს კიდევ ერთი ლელო “კლერმონმა” გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამით მისთვის არაფერი შეცვლილა. “კლერმონი” 61 ქულით მეორე ადგილზე რჩება, “სტად ფრანსე” კვლავ მესამეა, მაგრამ უკვე 59 ქულა აქვს და ლიდერებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

61 ქულა აქვს და “კლერმონს” დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელიც საკუთარ მოედანზე ვასილ კაკოვინის “ტულუზთან” 24:34 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო - ჩილაჩავა მოედანზე 61-ე, ხოლო გორგოძე 72-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა გამარჯვება დასკვნით 10 წუთში გატანილი ორი ლელოთი მოიპოვეს და მასპინძლებს ერთი პრემიალური ქულაც არ ააღებინეს.

არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და “ტულონი” ორ-ორი ლელო-გარიმით და ერთი გარდასახვით 32-ე წუთისთვის 18:0 დაწინაურდა. სტუმრებმა პირველი ნახევრის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორივე ლელო გაქვითეს, გარდასახვები ზუსტად შეასრულეს და 48-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. “ტულონმა” ორი ჯარიმით უპასუხა და 54-ე წუთზე 24:17 დაწინაურდა, მაგრამ 61-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო 73-ე და 77-ე წუთებზე ლელოები გაუშვა, გარდასახვებიც ზუსტი აღმოჩნდა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმამოულოდნელი მარცხი განიცადა. ამ მოგების შემდეგ “ტულუზს” 53 ქულა მოუგროვდა და ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.

სტუმრად “ბაიონთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გამაგრდა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო”. ტრავმამოშუშებული ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. პარიზელები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ერთი ჯარიმა პირველსავე ტაიმში, ხოლო მეორე 65-ე წუთზე გაქვითეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ დასკვნით 8 წუთში კიდევ ორი ჯარიმა გაუშვეს და 6:12 დამარცხდნენ. ამ მოგებით “რასინგ მეტრომ” საერთო მონაგარი 55 ქულამდე გაზარდა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “ლიონს” 6 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით, 45:17 გაანადგურა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანეს და ნარიაშვილის შეცვლის მომენტში 31:11 იგებდნენ. 5 ქულის აღების შედეგად, “მონპელიე” საპლეიოფო ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდა, 48 ქულით მე-7 ადგილზეა და წინ მყოფ “ოიონაქსს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” საკუთარ მოედანზე 21:22 დამარცხდა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელთან”. ყაულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა. მისი გუნდი საწყისი ნახევარი საათის შემდეგ 16:0 დაწინაურდა, მასპინძლებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და 79-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ. “ლა როშელი” გასავარდნ ზონას დაშორდა და 44 ქულით მე-10 ადგილზეა.

კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” სტუმრად 3:24 დამარცხდა “ოიონაქსთან”. შველიძემ და ჟღენტმა შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშეს, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს. შველიძე 73-ე წუთზე მეტოქის ბურჯთან ერთად ყვითელი ბარათი დაისაჯა. “ბრივი” 40 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092931