ეროვნული ნაკრები

17:13 | 18.03.2016 | ნანახია 2023 - ჯერ

ლაშა ხურციძე: „დავიწყოთ დიალოგი, ან მოვძებნოთ ალტერნატივა“

ინგლისის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ კვირა არ გავა ისე, წამყვანმა სარაგბო გამოცემებმა საქართველოსა და რუმინეთისთვის ევქსი ერის კარის გახსნა რომ არ მოითხოვონ. საკითხი მიმდინარე ექვს ერზე იტალიელთა წარუმატებლობის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ბრიტანულმა The Guardian-მა მორიგი სტატია გამოაქვეყნა სათაურით „საქართველო და რუმინეთი ექვს ერზე ზეწოლას განაგრძობენ“.

„უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა ექვსი ერის სამომავლო გაფართოების საკითხი წამოჭრა, ხოლო შაბათს, თბილისში, იმ გუნდების შეხვედრა გაიმართება, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების გაზრდისთვის იბრძვიან.

თბილისში ერთა თასის გამარჯვებული გამოვლინდება და სავარაუდოდ, საქართველოს ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგი იქნება. ესაა არა მხოლოდ ამ ტურნირის ორი წამყვანი გუნდის დაპირისპირება, არამედ შეხვედრა ნაკრებებისა, რომლებიც ერთა თასისთვის უკვე გადაზრდილები არიან და უბრალოდ, წასასვლელიც არსად აქვთ.

გეტლანდმა თქვა, რომ უახლოეს წლებში ექვსმა ერმა უნდა განიხილოს პლეი ოფის საკითხი, რომელშიც ექვსი ერის ბოლოადგილოსანი და ერთა თასის გამარჯვებული მიიღებენ მონაწილეობას და ევროპის უძლიერეს ტურნირშიც გამარჯვებულმა უნდა ითამაშოს. იტალიამ, რომელიც ექვს ერს 2000 წლიდან დაემატა, 17 განვლილ ტურნირში მეთერთმეტედ „დაიბევა“ „ხის კოვზი“. ამ გადასახედიდან, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, მაგრამ იტალია იმისთვის მიიღეს, რათა ევროპაში რაგბის განვითარება არ შეფერხებულიყო.

„ჩვენ და რუმინეთს შანსი უნდა მოგვცენ. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით და ამაზე ვსაუბრობთ ბოლო პერიოდში. ცოტა ხნის წინ არგენტინაც ჩვენს მდგომარეობაში იყო და შეხედეთ, ახლა, მას შემდეგ, რაც ოთხ ერში გააწევრიანეს, რა დონეზე ავიდა. ვფიქრობ, გეტლანდის წინადადება სწორი გზაა. უწინარესად, ჩვენ მაქსიმალურად მეტი კონტაქტი გვჭირდება პირველო დონის ქვეყნების ნაკრებებთან“, - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური მდივანი ლაშა ხურციძე და აგრძელებს:

„2014-ში ირლანდიას ვეთამაშეთ და წლეულს შოტლანდიას ვხვდებით. ჯერ არ ვიცით, მაგრამ, ალბათ, რაღაც იქნება 2017 და 2018 წლებშიც, თუმცა წელიწადში მხოლოდ ერთი მაღალი დონის თამაშით ვერ გავიზრდებით. თუ ძირითად მეტოქეებს მხოლოდ მსოფლიო თასზე შევხვდებით,ეს არ მოგვცემს სასურველ შედეგს და ამჟამად არსებულ ფორმატში ჩაგვტოვებს. ჩვენ გვაქვს ამბიცია და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“.

2000 წლიდან დღემდე, რაც ერთა თასის არსებული ფორმატი ჩამოყალიბდა, რუმინეთსა და საქართველოს პირველობაში ერთადერთხელ, ისიც 12 წლის წინ, პორტუგალია შეეცილა. ექვსი ერისგან განსხვავებით, ტურნირში მოქმედებს ასვლა-ჩასვლის და ბონუს-ქულების დარიცხვის სისტემა. მსოფლიო თასზე გამოჩნდა, რომ ამ გუნდებმა რეპუტაციაძლიერი მორკინალების ხარჯზე მოიპოვეს.

„ბერნარ ლაპასეს თავმჯდომარეობის პერიოდში „მსოფლიო რაგბიმ“ ბევრი რამ გააკეთა მეორე დონის ქვეყნებისთვის. ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს ფიჯისთან, იაპონიასთან და კანადასთან, მაგრამ ექვსი ერის გახსნა განსხვავებული რამაა. არ მესმის, რატომ აშინებთ „ძველი წესრიგის“ დარღვევა. მსოფლიო თასმა თამაში გახსნა და თუ ექვს ერში არ სურთ, რომ სამომავლოდ რაგბი მხოლოდ 10-მა გუნდმა ითამაშოს, სხვებსაც უნდა მისცენ შანსი.

ჩვენ არ გვქონია საშუალება, ექვსი ერის მესვეურებთან გვესაუბრა და გვსურს, მსოფლიო რაგბის დახმარებით მათთან ერთ მაგიდასთან მოვხვდეთ, რათა მომავალი განვიხილოთ. მათ, შესაძლოა, გვითხრან, რომ საქართველოს და რუმინეთს ამ ტურნირში ჩართვის არანაირი შანსი არ აქვთ. მაშინ ალტერნატიული გზების ძიებას დავიწყებთ. ჩვენ ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით, რადგან რაგბი ვითარდება. ჩვენი შიდა ჩემპიონატი იზრდება, 20-წლამდელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ქართველ ხალხსაც ძალიან უყვარს რაგბი, რაშიც თქვენ შაბათს დარწმუნდებით“, - გადმოგვცემს The Guardianხურციძის სიტყვებს.

19 მარტის მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა და იქნება უფასო სთრიმი რაგბი ევროპის არხზე. ინგლისში ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგლის დაკავებით, საქართველომ უკვე დაიბევა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური. რუმინეთმა იგივეს მიღწევის შანსი ექსეტერში, იტალიასთან 22:32 მარცხის შედეგად დაკარგა.

„ვოცნებობთ, რომ ექვს ერში თამაშის საშუალება მოგვეცემა“, - ამბობს რუმინეთის ნაკრების მენეჯერი ჰორაციუ ბარგაუნასი, - „ჩვენ და საქართველომ მსოფლიო თასზე დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია, ახლა კი გვსურს, ერთი საფეხურით მაღლა ავიწიოთ. მსოფლიო თასს მიღმა პირველი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება არ გვეძლევა, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებს შორის მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობა არ მიგვიღია.

შარშან, მსოფლიო თასზე, საფრანგეთს და ირლანდიას ვეთამაშეთ და ამით წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. მივესალმებით გეტლანდის კომენტარს, რადგან ის დებატების მომხრეა. ექვსი ერის კარი 2000 წელს იტალიისთვის გაიხსნა, 1980-იან წლებში კი, როცა კარგად ვვითარდებოდით, საუბარი ჩვენს მიერთებაზე იყო. მერე გვქონდა ჩავარდნა და ეს არ მოხდა, თუმცა, ავაწყვეთ განვითარების ძალიან კარგი სისტემა და დღეს ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან. გვინდა, რომ უკეთესობისკენ ვისწრაფოდეთ“.

„მსოფლიო რაგბის“ საინვესტიციო პროგრამამ მეორე დონის ქვეყნებს,კერძოდ საქართველოს და რუმინეთს, ნაკრებებში უცხოელი სპეციალისტების მიწვევის საშუალება მისცა: ახალი ზელანდიის 21-წლამდელთა ყოფილი თავკაცი მილტონ ჰეიგის „ლელოსს“ 2011 წლიდან ავარჯიშებს, ხოლო ლინ ჰაუელსი, რომელიც უელსის ნაკრებში გრემ ჰენრის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, რუმინელებს 2012 წლიდან წვრთნის და კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.

„ლინმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. მან გამოიყენა საკუთარი გამოცდილება, რითაც ყველაფერი კი არ შეცვალა - თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა. ახლა უკეთესი უკანა ხაზი გვყავს და ვიმედოვნებთ, ეს 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარება. რუმინულ რაგბის უმნიშვნელოვანესი პერიოდი ელის“.

შაბათს საქართველოს რაგბის კავშირი ანშლაგს ელოდება, რადგან კვირის დასაწყისში უკვე 15 ათასი ბილეთი იყო გაყიდული. ხურციძე ამბობს, რომ როგორც წესი, საქართველოში ბილეთების უმრავლესობა თამაშის დღეს იყიდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრიბუნებზე იმაზე მეტი მაყურებელი შეიკრიბება, ვიდრე „ავივა სტედიუმზე“ ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩის სანახავად მივიდა.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075054