ამბები

16:19 | 27.03.2015 | ნანახია 5736 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “თუ მსოფლიო თასამდე იმპულსი მივიღეთ...”

ყოფილი ერთა თასისა და ახლა უკვე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეხუთედ მოგების შემდეგ, “მსოფლიო რაგბის” ოფიციალური საიტი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს გაესაუბრა.

ზელანდიელმა იმ ექსპერიმენტებზე ისაუბრა, რომლებიც ტურნირის მსვლელობისას მრავლად განახორციელა, მერე კი, რაღა თქმა უნდა საუბარი შემდგომში გასამართ მსოფლიო თასს, მისთვის მზადებასა და სატურნირო მიზნებს შეეხო:

“საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტომ ჰეიგი იმედოვნებს, რომ ევროპის ერთა თასზე წარმატებული გამოსვლა გუნდს 2015 წლის მსოფლიო თასზე კარგ სამსახურს გაუწევს.

“ბორჯღალოსნებმა” ყველა მეტოქე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს, ზედიზედ მეხუთედ მოიგეს ევროპის ერთა თასი და მსოფლიო რეიტინგში იტალია მე-14 საფეხურიდან დააქვეითეს. მსოფლიო თასის წინ, ამ ტურნირში ახალგაზრდა მორაგბეებმაც მიიღეს მონაწილეობა და შანსის გამოყენებით მწვრთნელებზე შთაბეჭდილების მოხდენა სცადეს. ერთის მხრივ, სასიამოვნოა, როდესაც გუნდი ტიტულს ინარჩუნებს და მეორეს მხრივ, ჰეიგი, რომელმაც საქართველო 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარა ამბობს, რომ ინგლისში გასამართი მსოფლიო თასის წინ გუნდმა უმნიშვნელოვანესი ამოცანები შეასრულა:

“რა თქმა უნდა ტურნირის მოგება გვინდოდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი მსოფლიო თასის წინ მოთამაშეთა საქმეში ხილვა იყო. გვინდოდა გვენახა როგორ ითამაშებდნენ ახალგაზრდა მორაგბეები მადრიდსა და ბუქარესტში, ანუ იმ ადგილებში, სადაც მუდამ მძიმე ბრძოლების გადატანა გვიწევდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო იმ მოთამაშეთა კონდინციების შემოწმება, რომლებსაც ტრავმების გამო ნაკრებში უკვე დიდი ხანია არ უთამაშიათ.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შემადგენლობაში საგრძნობი სიღრმეები გავაჩინეთ, მაგრამ ისიც აუცილებელი იყო, რომ ახალი გარემარბები გამოგვეცადა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რომლის ანგარიშზეც 70-ზე მეტი ტესტია, ნოემბერში საერთაშორისო კარიერას დაემშვიდობა. ახალი მოთამაშეებიც გამოჩდნენ - გიორგი აფციაური, რომელსაც გარემარბის გარდა ფულბეკადაც შეუძლია თამაში და ალექსი ხუციშვილი, დიდი, ძლიერი ბიჭი, რომელიც 7-კაცა ნაკრების წევრი იყო, მაგრამ 15-კაცა ნაკრებში პირველად ახლა ითამაშა.

ჰეიგი ფიქრობს, რომ კიდევ ერთ დებიუტანტს, თბილისის “არმაზის” 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ნათელი მომავალი აქვს:

“ის ნამდვილი ტალანტია და ეს ფაქტია. ის იმაზე უფრო სწრაფად გაუშინაურდა გუნდს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ მას მხოლოდ ერთ თამაშს მივცემდით, მაგრამ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან ბოლო ორი, რუსეთთან და რუმინეთთან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ვასო იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მას უბრალოდ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით”.

თუ 18 წლის ლობჟანიძე 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია და ჩაანაცვლებს ამერიკელ პალერმოს, რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე მონპელიეში, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 8 დღეში 19 წლის გახდა. ლობჟანიძე 19 წლის 14 ოქტომბერს, მეოთხედფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება. რეალურად, საქართველომ ორი გრანდიდან ერთ-ერთი - ახალი ზელანდია, ან არგენტინა უნდა დაამარცხოს, რათა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვოს.

“ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. არგენტინა მსოფლიოს რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა, ჩვენ მე-14-ზე ვართ. იმიტომაა არგენტინა მერვე, რომ ისინი რეგულარულად ამარცხებენ რეიტინგში თავისზე დაბლა მყოფ გუნდებს, ხანდახან კი, წინ მყოფ გუნდებსაც უგებენ, როგორც ეს ოთხ ერზე ავსტრალიის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ თუ მივიღეთ დამატებითი იმპულსი უშუალოდ მსოფლიო თასის წინ და პირველ მატჩში კარგად ვითამაშეთ ტონგას წინააღმდეგ, მაშინ არავინ იცის რა მოხდება. და მაინც, ჩვენ ძალიან კარგები უნდა ვიყოთ და არგენტინამ თამაში ჩააგდოს მათი დამარცხება რეალობად რომ იქცეს და შანსი მოგვეცეს. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიზანი ორი მატჩის მოგება და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა. მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლა ისაა, რისთვისაც საქართველოს აქამდე არასდროს მიუღწევია” - ამბობს ჰეიგი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიზნების შეფასებისას.

ერთა თასის დასრულების შემდეგ, 50 წლის ჰეიგი უკვე სრულად გადაერთო გუნდის მსოფლიო თასისთვის მომზადებაზე:

“მსოფლიო თასის კალენდრისა და ჩვენი ჩვეულებრივი კალენდრის შეთავსებამ დიდი შრომა წაიღო. ახლა, როდესაც ერთა თასი დასრულდა, საფრანგეთში გავემგზავრები, სადაც დაახლოებით ერთ კვირას დავყოფ, რათა იქ მყოფ მოთამაშეებს დავაკვირდე. ივნისში გასამართ “თბილისის თასზე” კიდევ ერთხელ მოგვეცემა მოთამაშეთა საქმეში ხილვის შესაძლებლობა და ამის შემდეგ სრულად გადავერთვებით უშუალოდ მსოფლიო თასზე. შეკრება 10-11 კვირა გაგრძელდება და გარკვეულ პერიოდს პოლონეთში, ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გავატარებთ. თბილისში დაბრუნებულები ერთი კვირა დავისვენებთ, რის შემდეგაც ლონდონში გავემგზავრებით და იქ განვაგრძობთ მზადებას სამი გასახურებელი თამაშისთვის. 28 აგვისტოს ნიუკასლში შევხვდებით ინგლისის პრემიერლიგის გუნდ “ნიუკასლ ფალკონს”, ეშერში კანადას და გლოსტერში იაპონიას. ჩვენი გეგმები ზედმიწევნით ზუსტადაა გაწერილი, რადგან მიგვაჩნია, რომ მსოფლიო თასისთვის მომზადება უმნიშვნელოვანესია”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.066159