ამბები

15:17 | 26.03.2015 | ნანახია 4094 - ჯერ

ფრანგული პრესა: “გიორგი ჟღენტი “ბრივის” ლიდერად ყალიბდება”

მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში 33:0 ამარცხებდა, “ბრივის” ახალშენაძენმა, ქართველმა ბურჯმა გიორგი ჟღენტმა პირველად ითამაშა ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ამავდროულად, ეს იყო 29 წლის მორაგბის პირველი თამაში გუნდის საშინაო არენაზე და თოპ 14-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა მასპინძლებმა, ერთ-ერთი ლიდერი “რასინგ მეტრო” პრემიალური ქულით, 36:12 დაამარცხა.

ჟღენტმა მოედანზე 58 წუთი გაატარა და ფრანგი ჟურნალისტებისგან ასეთი შეფასება მიიღო: “ეს იყო მისი პირველი თამაში სასტარტო შემადგენლობაში და “ბრივის” გულშემატკივრების წინაშე. გიორგი მთელს მოედანზე ბევრს მოძრაობდა, შერკინებაში უკან ერთხელაც არ დაუხევია, შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. მისი დამაჯერებელი გამოსვლა და მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელთან ხელის ჩამორთმევა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობთ, ის ამ გუნდში დიდხანს დარჩენა”.

ნამატჩევს ფრანგმა ჟურნალისტებმა ჟღენტთან მცირე ინტერვიუ ჩაწერეს:

  • გიორგი, როგორია თქვენი განცდა ამ გამარჯვების შემდეგ?
  • ეს იყო უმნიშვნელოვანესი თამაში, რომელიც ღირსეულად ჩავატრეთ. ბევრი ვერ დაიკვეხნის პრემიალური ქულით ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხებას, როგორც “რასინგ მეტროა”. პრემიალური ქულის აღება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ზუსტად ასახავს იმ უდიდეს სამუშაოს, რომელიც “ბრივმა” მოედანზე გაწია.
  • პირადად თქვენთვის ეს იყო პირველი შეხვედრა “ბრივის” საშინაო არენაზე. თავს როგორ გრძნობდით?
  • ვიყავი უაღრესად მოტივირებული და თამაშს დანატრებული. “ბრივში” სწორედ ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი - მწვრთნელები მენდობიან და ვალდებული ვარ, ეს ნდობა მოედანზე გავამრთლო.
  • თქვენი გამოჩენის შემდეგ, შერკინებებში “ბრივის” უპირატესობა აშკარად გაიზარდა.
  • ვფიქრობ, ყველამ მოვუმატეთ. რაც შემეხება პირადად მე, როდესაც ვხედავ, რომ კონკურენტს ვჯობნი, წნეხს ნაკლებად ვგრძნობ. ეს მორალურად მათავისუფლებს თავს ხაზში თამაშის მეტ უფლებას ვაძლევ.
  • როგორ ფიქრობთ, “ბრივმა” ტოპ 14-ში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა?
  • სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ვფიქრობ, მიზნის მიღწევა უნდა მოვახერხოთ და ამის საფუძველს ეს თამაშიც იძლევა. 80 წუთის განმავლობაში ითამაშო ასეთ მაღალ ტემპში, ნამდვილად იმედის მომცემია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალური არ იყო. რამდენიმე შეცდომა დავუშვით და “რასინგ მეტროს” თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით, მაგრამ ამ შეცდომებს მომავალ შეხვედრებში აუცილებლად გამოვასწორებთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.496309