საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვალდაკვალ, რომელმაც შაბათს ბუქარესტში რუმინეთის 15:6 დამარცხებით რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და “ანთიმოზ ივერიელის” თასები მოიგო, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ათენის საერთაშორისო ტურნირი მოიგო და სამშაბათს გამთენიისას სამშობლოში მთავარი ჯილდოთი ხელდამშვენებული დაბრუნდება.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტის ქალთა ნაკრებები, ასევე შვედური კლუბი Mama’s Girls-ს, რომელიც შვედი, იტალიელი და ესპანელი გოგონებითაა დაკომპლექტებული. ტურნირის პირველ დღეს ქართველმა გოგონებმა მალტა 34:0 დაამარცხეს, მერე ისრაელთან 10:12 დამარცხდნენ, მასპინძელ საბერძნეთს 36:0 მოუგეს, ხოლო შვედურ კლუბთან ფრე დაფიქსირდა - 5:5.
მეორე დღეს, ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე კვლავ შვედური კლუბი Mama’s Girls-სი იყო, ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა წინა დღის შეცდომები გაითვალისწინეს და 26:5 მოიგეს, ხოლო ფინალში ისრაელის ნაკრებს შეხვდნენ რევანში აიღეს და 7:5 მოგებით “ათენის თასის” გამარჯვებულები გახდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დასახელდა.
“ტურნირი საინტერესო გამოდგა და თამაშებს ინტრიგა და დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა, რაც ანგარიშებზეც აისახა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანა შეუძლიათ. გოგონების საქებრად მინდა ვთქვა, რომ პირველი, არცთუ წარმატებული დღის შემდეგ, მათ დასკვნით დღეს რადიკალურად განსხვავებული, დახვეწილი თამაში აჩვენეს და ამან ტურნირის მოგება განაპირობა. გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვძინა და დიდი სიხარული მოგვიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამსაზედებელი ტურნირი იყო, მე, როგორც მწვრთნელი, გუნდის თამაშს დადებითად ვაფასებ. ახლა შეცდომებს გავაანალიზებთ და მთავარ ტურნირამდე მათ აღმოფხვრაზე ვიმუშავეთ” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.
ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონში საქართველოს 7-ქალა ნაკრები კაუნასში, 13-14 ივნისში ითამაშებს და ჯგუფში მეტოქეებად რუმინეთი, შვეიცარია და ნორვეგია ეყოლება. მანამდე კიდევ სამი მოსამზადებელი ტურნირია: გენტის (ბელგია) საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის (საფრანგეთი) 7-ქალა (16-17 მაისი) და “ამსტერდამ სევენსი” (ჰოლანდია, 23-24 მაისი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია