ამბები

12:03 | 22.03.2015 | ნანახია 4239 - ჯერ

საფრანგეთმა ინგლისი თასთან არ მიუშვა

ექვსი ერის დასკვნითი, მე-5 ტური უხვქულიანი და საოცარი აღმოჩნდა. ბოლო ტურის წინ სამმა მოწინავე, თანაბარქულიანმა გუნდმა იცოდა, რომ ტიტულის მოსაპოვებლად დიდი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა და თავი არ დაზოგა.

მოვლენებს დრამატულობა იმ ფაქტმა შესძინა, რომ თამაშები პარალელურ რეჟიმში არ გაიმართა - მომდევნო შეხვედრა წინას დასრულების შემდეგ იწყებოდა და ფავორიტებს გათვლის შანსი ეძლეოდათ. ყველაზე უკეთეს პირობებში ინგლისი იმყოფებოდა, იმ თვალსაზრისით, რომ მისი თამაში სულ ბოლოს იწყებოდა და თანაც საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდა, თუმცაღა მეტოქედ სხვებზე ძლიერი საფრანგეთი ჰყავდა, რომელმაც ფეირ პლეის პრინციპების დაცვით ითამაშა.

პირველები მოედანზე იტალია და უელსი გავიდნენ. “დრაკონები” კონკურენტებთან შედარებით რთულ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან დასკვნით ტურს მათზე ბევრად უარესი ქულათა ბალანსით შეხვდნენ. იოლად დანებებას არც იტალია აპირებდა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრად იბრძოლა. მასპინძლები მატჩში სამჯერ დაწინაურდნენ. პირველ ორჯერზე მათ ჯარიმებს სტუმრებმა ჯარიმებით უპასუხეს, მერე უელსმა ლელო გაიტანა, მაგრამ “აძურამ” 24-ე წუთზე გატანილ საპასუხო ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ზედ შესვენების წინ უელსმა ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა და ტაიმი 14:13 მოიგო.

მერე დაიწყო და აღარ გაჩერდა. მაყურებელმა დასკვნით 33 წუთში 8 ლელო იხილა, მაგრამ აქედან შვიდი სტუმრებისა იყო. მათ ერთბაშად იფეთქეს, ჯორჯ ნორთმა 10 წუთში ჰეთ თრიკი შეასრულა და სოლიდური მარაგიც გაჩნდა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო წუთზე ერთი საპასუხო ლელო გაიტანეს და ეს მარაგი 7 ქულით შეამცირეს - 61:20 უელსის სასარგებლოდ.

ამ მატჩის საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წუთში შოტლანდიაში მოედანზე მასპინძელთა გუნდი და ირლანდია წარსდგნენ. თასის მოქმედმა მფლობელმა იტალიელთა ბოლო წუთზე ვაჟკაცობის შემდეგ იცოდა, რომ უელსის უკან მოსატოვებლად 21 ქულის სხვაობით უნდა ემარჯვა და საქმეს თავიდანვე მოჰკიდა ხელი. შოტლანდიამ იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ 30 წუთით. სტუმრებმა 25 წუთში ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და ერთხელ ჯარიმითაც იხეირეს. მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით, 29-ე წუთზე კი, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ჯარიმა გაუშვეს - 10:20.

მეორე ტაიმში ირლანდიამ ქულა აღარ გაუშვა, თავად კი, კვლავ ორი ლელო გაიტანა და ორ გარდასახვას ორი ჯარიმაც შემატა. კელტებმა 40:10 მოგებით უელსთან საკმარისი ჰანდიკაპი შეიქმნეს და ინგლისი-საფრანგეთის მატჩის შედეგს დაელოდნენ. ბრიტანელებს თასის მოსაპოვებლად მეტოქე 27-ქულიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინათ.

ეს მასპინძლებმაც იცოდნენ და დასაწყისი მშვენიერი გამოდგა - ინგლისმა ლელო მეორე წუთზე გაიტანა, მაგრამ ფრანგებისგან პასუხად ორი გაუშვა და მე-18 წუთზე 7:15 ჩამორჩა. მოკლედ, თამაში თავიდანვე გახურდა და მაყურებელმაც 12 ლელოთი ისიამოვნა, რომელთაგან 7 მასპინძლებმა გაიტანეს. ინგლისმა მალევე დაიბრუნა ლიდერობა და სასურვეკ სხვაობას რამდენჯერმე მიუახლოვდა, მაგრამ შეტევაში გართულმა გუნდმა დაცვაში საკადრისი თამაში ვეღარ აჩვენა. და მაინც, მასპინძლებს სასურველი შედეგის ჩვენება შეეძლოთ. 75-ე წუთზე ისინი 55:35 დაწინაურდნენ და თასამდე ერთი გარდასახული ლელო აშორებდათ, უტევდნენ კიდეც, მაგრამ 5 მეტრში დაჯარიმდნენ და ინგლისი ტიტულის გარეშე დარჩა. ჩემპიონობა შარშანდელმა გამარჯვებულმა ირლანდიამ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა!

ექვსი ერი 2015. V ტური

იტალია - უელსი 20:61

შოტლანდია - ირლანდია 10:40

ინგლისი - საფრანგეთი 55:35

1. ირლანდია 5 4 0 1 119-56 8
2. ინგლისი 5 4 0 1 157-100 8
3. უელსი 5 4 0 1 146-93 8
4. საფრანგეთი 5 2 0 3 103-101 4
5. იტალია 5 1 0 4 62-182 2
6. შოტლანდია 5 0 0 5 73-128 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.333661