ახალზელანდიურმა „ჰარიკეინსნა“ სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მეორე შეხვედრა მოიგო.
პალმერსტონ-ნორთში “ვესტერნ ფორსთან“ გამართულ მატჩში მათ 41:6 იმარჯვეს, მაგრამ ანგარიში იოლ მოგებაზე სულაც არ მეტყველებს. ავსტრალიელებმა მთელი საათი გმირულად იბრძოლეს, მაგრამ მეტოქის დასკვნით მიძალებას ვეღარ გაუძლეს და „ქარს“ პრემიალური ქულაც გააყოლეს. ეს იყო ამ გუნდების მეათე დაპირისპირება და ზელანდიელებმა მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა მხოლოდ 10:3 მოიგეს, მეორე ტაიმში ჩვეულ სტილში ათამაშდნენ და ჯამში მეტოქეს 6 უპასუხო ლელოც გაუტანეს. საწყის 40 წუთში გუნდების დაცვა აშკარად უკეთ ირჯებოდა, ვიდრე შეტევა და შესვენებამდე მხოლოდ ერთი ლელო გავიდა. დენ კოულიმ, რომელიც ტრავმის შემდეგ პირველად თამაშობდა, თავი 26-ე წუთზე გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში გრანტმა ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ „ფორსმა“ მეტი ვეღარაფერი შეძლო. „ჰარიკეინსმა“ 57-ე წუთიდან აიწყვიტა, მარშალმა თანაგუნდელებს თავდაჯერება შემატა, ხოლო 64-ე წუთზე პერენარამ მეტოქე მესამედ დაალელოვა და ბარეტის გარდასახვის შემდეგ ბრძოლა დასრულდა - 22:6.
დასკვნით 12 წუთში მასპინძლებმა სტუმრები ბოლომდე დაარბიეს, ტომსონმა, ლაუმაპემ და არდი სავეამ კიდევ სამი ლელო გაიტანეს და „ჰარიკეინსმა“ ძალისმიერ სტილში სოლიდური სხვაობით იმარჯვა.
ჰარიკეინსი [ახალი ზელანდია] - ვესტერნ ფორსი [ ავსტრალია] 41:6 [10:3]
ჰარიკეინსი: 6 ლელო - კოული, მარშალი, პერენარა, ტომსონი, ლაუმაპე, ა. სავეა; 4 გარდასახვა- ბარეტი; 1 ჯარიმა - ბარეტი
ფორსი: 2 ჯარიმა - გრანტი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია