ამბები

19:12 | 20.03.2015 | ნანახია 5396 - ჯერ

შაბათს ფინალია!  

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების უმნიშვნელოვანესი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. “ბორჯღალოსნები” პირველ ადგილზე არიან და იმისათვის, რომ ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მერვედ მოიპოვონ, ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთთან არ უნდა დამარცხდნენ.

ყოფილ ერთა თასს სახელის ცვლილებამ ვერ უშველა და ტრადიცია, რომ ჯილდოს მფლობელის ვინაობა საქართველოსა და რუმინეთის მატჩში ირკვევა, 2015 წელსაც არ შეცვლილა. ზოგადად, ამ ტურნირის დაარსების დღიდან (2000 წლიდან), ტიტული სულ 12-ჯერ გათამაშდა (2003-იდან 2008 წლის ჩათვლით, გამარჯვებული ორი წლის ჯამში ვლინდებოდა) და აქედან 7-ჯერ საქართველომ იმარჯვა, ხუთჯერ რუმინეთმა და ერთხელ პორტუგალიამ (2003/2004 წლებში). 2011 წლიდან, საქართველომ ზედიზედ ოთხჯერ იპირველა და ახლა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი აქვს.

ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს ნაკრები ბუქარესტში არ დამარცხდეს. “ბორჯღალოსნებმა” წლევანდელი ტურნირის ოთხივე მატჩი მოიგეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ აიღეს პრემიალური ქულა (გერმანიასთან), რუმინეთმა სამი შეხვედრა მოიგო და მესამე ტურში რუსეთში 13:16 დამარცხდა (მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა აიღო). გასულ ტურში “მუხებმა” გერმანია დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი ჯარიმით 17:12 დაამარცხა. შედეგად, რუმინეთი სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამოგვრჩება და თასის ასაღებად რუმინეთში ფრეც გვეყოფა.

ასეთი სიტუაცია 2013 წელსაც იყო, მაშინ ბუქარესტში 9:9 ვითამაშეთ და ერთა თასის გამარჯვებულის ტიტული შევინარჩუნეთ. მაშინაც და უკანასკნელი ხუთი წელიწადია, საქართველოს ნაკრებისაა “ანთიმოზ ივერიელის თასი”, რომელიც ჩვენსა და რუმინეთის მატჩში თამაშდება. სულ საქართველოს ნაკრებს რუმინელებთან 18-ჯერ უთამაშიათ (8 შინ, 8 სტუმრად და 2 ნეიტრალურზე) და 9 შემთხვევაში გამარჯვება ქართველებს დარჩათ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 8-ჯერ დავმარცხდით. მარცხიანი სერიები ადრეულ წლებში იყო და სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ ბოლო დროს შეიცვალა.

ბუქარესტში აქამდე სამჯერ მოგვიგია - 2001 წელს 31:20, 2007 წელს 20:17 და 2012 წელს 19:13, 2013 წელს კი, ფრედ ვეთამაშეთ. “მუხებთან” ყველაზე მძიმე მარცხი ბუქარესტშივე 2006 წელს განვიცადეთ (35:10), ჩვენ კი, სარეკორდო სხვაობა 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში დავაფიქსირეთ (25:9). მოკლედ, მეტოქე სერიოზულია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ თამაშში არადამაჯერებელი იყო, წინ დიდი ბრძოლა გველოდება. რუმინეთს ჩვენთან მოუგებელი სერია მოწყინდა და შინ გამარჯვებისთვის ემზადება.

რუსეთთან 33:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განხორციელდა და წესით, ამით “ბორჯღალოსნების” თამაში უფრო დამაჯერებელი უნდა გახდეს. გარემარბებად თამაშს ახალგაზრდა გიორგი აფციაურისა და ალექსი ხუციშვილის ნაცვლად, თამაზ მჭედლიძე და სანდრო თოდუა იწყებენ. მგეზავად ტრავმირებული ლაშა ხმალაძის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ლაშა მალაღურაძე გამოჩნდა.

ორი წლის შესვენების შემდეგ, გუნდში დაბრუნდა და ეგრევე სასტარტო შემადგენლობაშია კვაჭი იური ნატრიაშვილი და ამით, წესით დერეფანში თამაში უნდა გამოსწორდეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატრიაშვილმა ბოლო სანაკრებო შეხვედრა სწორედ რუმინეთთან, 2013 წელს ჩაატარა. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს ვახტანგ მაისურაძის ნაცვლად კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში ბექა ბიწაძის ნაცვლად გიორგი თხილაიშვილი გამოჩნდა, რომელიც ფლანკერად დადგება და 8 ნომერზე მამუკა გორგოძე გადაინაცვლებს.

რუმინეთის ნაკრები ძალისმიერი გუნდი რომაა მწვრთნელ მამარქაფაში 6 მორკინალი და ორი უკანახაზელი შეიყვანა. ამ ორიდან ერთი 9 ნომერი გიორგი ბეგაძეა, რომელიც ესპანეთთან და რუსეთთან განაცხადში არ იყო.

21 მარტის თამაში, რომლის შედეგმაც ორი თასის ბედი უნდა გადაწყვიტოს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება. არაოფიციალურ ფინალურ მატჩში საქართველო არ უნდა დამარცხდეს და შეინარჩუნებს რუმინეთთან საზიარო “ანთიმოზ ივერიალის თასს” და ასე ერთა თასს, რომელსაც ამჟამად სახელწოდება შეეცვლება. საქართველოს ნაკრები რუმინეთში ხუთშაბათს გაემგზავრა და მომავალი დაპირისპირებისთვის მზადებას ადგილზე აგრძელებს.

საქართველოს ნაკრებს შეეძლო, ამ თამაშს უფრო დამშვიდებული შეხვედროდა. პორტუგალიასთან, ესპანეთთან და რუსეთთან გამართული თამაშებიდან ორში პრემიალური ქულა რომ აგვეღო, რაც მიუღწეველი ნამდვილად არ იყო, რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონობისთვის ქულის აღებაც გვეყოფოდა, თუმცა, აბა წაგება რა საფიქრალია და ძალიან კარგია მატჩის ბედი თასის მფლობელის ბედსაც რომ წყვეტს, რადგან წაგებულზე თასის შეთამაშების მუღამიც იკარგება. მსოფლიოში ამ თამაშს სხვა კუთხითაც განიხილავენ - ერთმანეთს ეთამაშება ორი ევროპული გუნდი, რომელთაც მსოფლიო თასის საგზური ჯიბეში აქვთ.

განვლილ ოთხ ტურს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილთან ერთად ყველა კომპონენტში ლიდერია. “ბორჯღალოსნებს” გატანილი აქვთ 16 ლელო (5 ჟვანია, 3 კაჭარავა, 2 თოდუა, 1 ხმალაძე, 1 ნემსაძე, 1 ალექსანდრე ხუციშვილი, 1 ასიეშვილი და ორიც საჯარიმო ლელო). რუმინელთა ანგარიშზე 11 ლელოა (3 აპოსტოლი, 2 კალაფეტიანუ, 1 დასკალუ, 1 მაკოვეი, 1 ბოტეზატუ, 1 ლუკასი, 1 ა. ურსაჩე, 1 სირბე). ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია “ბორჯღალოსანთა” ყველა დროის საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი, რომლის ანგარიშზეც 49 ქულაა. რუმინელთაგან ყველაზე მეტი, 37 ქულა კალაფეტიანუმ მოაგროვა. 5 ლელოთი ტურნირის საუკეთესო მელელოვეა ზურაბ ჟვანია, რომელმაც თავი ოთხივე განვლილ მატჩში გამოიჩინა. 3-3 ლელოთი მეორე-მესამე ადგილებს იყოფებ დავით კაჭარავა, რუმინელი აპოსტოლი და გერმანელი ბრენერი.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ლიდერობს ყვითელ ბარათებშიც. “ბორჯღალოსნები” განვლილ ოთხ მატჩში 10-10 წუთით ხუთჯერ დაისაჯნენ (ჟვანია, სუთიაშვილი, ნემსაძე, დათუნაშვილი და ნარიაშვილი). რუმინელმა მორაგბემ ყვითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მიიღო (მანოლე) და ახლა ქართველებს მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან რუმინელებს მეტობის გამოყონება კარგად ეხერხებათ.

საქართველოს წინააღმდეგ “მუხების” შემადგენლობაში ითამაშებს თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილი კვაჭი ოთარ ტურაშვილი, რომელიც წლებია რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს, “ბუქაარესტის მგლების” რიგებში ჩელენჯ ქაფზეც უთამაშია და რუმინეთის ნაკრების მაისურიც არაერთხელ მოურგია.

ხვალინდელი თამაშის მოგების შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგშიც დაწინაურდეს. საქმე ისაა, რომ ექვს ერზე იტალია უელსს მასპინძლობს და თუ “აძურა” დამარცხდა და საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა, “ბორჯღალოსნები” ორშაბათს მე-14 ადგილზე, იტალიის თავზე დასკუპდებიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშება

V ტური. 21 მარტი

რუმინეთი - საქართველო

რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ადრიან აპოსტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ჩობა გალი, 11. დორინ მანოლე, 10. დენუც დუმბრავა, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. ანდრეი ურსაჩე, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ალინ კოსტე, 5. მარიუს სირბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. ვალენტინ ურსაჩე, 8. მიხაი მაკოვეი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. მიხაიცა ლაზარი, 18. ხორაციუ პუნჯა, 19. ვალენტინ პოპირლანი, 20. სტელიან ბუჩა, 21. ფლორინ სურუჯიუ, 22. ფლორინ იონიცა, 23. საბინ სტრეტილა.

მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი (უელსი)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 83 კეპი, 627 ქულა - 12 ლელო, 108 გარდასახვა, 114 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 25, 20), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 80, 85), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 32, 35), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 47, 25), 10. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 53, 138 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 20 ჯარიმა, 3 არეკნი), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 4, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 25, 5), 2. იური ნატრიაშვილი (ტულე, საფრანგეთი, 39, 20), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 47, 45), 4. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 48, 45), 5. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 30, 5), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 47, 5), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 19, 5), 8. მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 58, 120).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 17, 35), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 9, 5), 18. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 22, 15), 19. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 65, 15), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 9, 5), 21. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 30, 0), 22. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 5, 0), 23. ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 11, 15).

განაცხადში არ არიან: სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 30, 0), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 13, 0), ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 24, 10), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი, 5, 5), ალექსი ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი, 3, 5), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 38, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 16, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რეფერი: გარი ქონვეი (ირლანდია)

რუსეთი - პორტუგალია

ესპანეთი - გერმანია

საქართველო 4 4 0 0 143:36 17 1
რუმინეთი 4 3 0 1 96:46 15 3
ესპანეთი 4 2 0 2 83:83 9 1
რუსეთი 4 2 0 2 82:111 9 1
პორტუგალია 4 1 0 3 44:79 5 1
გერმანია 4 0 0 4 45:138 1 1


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128574