საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება და Top 14-ის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა რაოდენობა 8-მდე შემცირდა, რომელთაგან ექვსი ქართველი ლეგიონერებისაა.
პირველ ადგილს და შესაბამისად, ელიტა 1-ის პირდაპირ საგზურს, დიდი ალბათობით გიორგი ნაცარაშვილის “პო” მიიღებს, რომელმაც 24-ე ტურში ლაშა ლომიძის “ბეზიე” პრემიალური ქულით, 45:5 დაამარცხა. ლომიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო ნაცარაშვილმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლებმა საწყის 17 წუთში ორი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ. ტაიმი ასე დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე “პოს” მესამე ლელოს “ბეზიემ” ერთადერთი საპასუხო ლელოთი უპასუხა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში კიდევ სამი გაუშვა. 66-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო ლელო დაიმსახურეს, რის შემდეგაც ნაცარაშვილი შეცვალეს და დანარჩენი ლელოები 72-ე და 77-ე წუთებზე გავიდა. “პო” 83 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებს. “ბეზიე” 50 ქულით მეათეა, საპლეიოფო ზონას 12 ქულა აშორებს და მისი აღზევების შანსები თეორიულამდე შემცირდა.
68 ქულით მეორე ადგილზეა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი”, რომელმაც სტუმრად ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” 29:20 დაამარცხა. განვლილ მატჩში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ოთხივე შეცვლაზე შევიდა. მასპინძელთა შორის 47-ე წუთიდან ითამაშეს ბურჯებმა ყუფარაძემ და დადუნაშვილმა, სტუმართა ბურჯი მჭედლიშვილი ბრძოლაში 68-ე, ხოლო მესამეხაზელი ბასილაია 59-ე წუთიდან ჩაერთო. პირველი ტაიმი “პერპინიანმა” 16:6 მოიგო და 52-ე წუთისთვის 26:6 დაწინაურდა.
მერე “მასიმ” მოინდომა, მოლით უტია და 67-ე წუთზე საჯარიმო ლელო დაიმსახურა. სტუმრებმა მასპინძელთა ფულბეკის შეცდომით ისარგებლეს და უპირატესობა გაზარდეს, ხოლო 76-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. დადუნაშვილმა მეტოქის 22-ში მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი და მცველებს ისე დაარტყა, რომ მათი დაცვა მოირღვა. მოლიტიკამ რაქიდან ბურთი აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეხტა. გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ 9-ქულიანმა წაგებამ “მასის” ვერაფერი შესძინა და რადგან მისმა კონკურენტებმა იმარჯვეს, 34 ქულით ბოლო ადგილზეა დაეშვა.
ერთ-ერთ აუტსაიდერ “დაქსთან” ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი” დამარცხდა. ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა. სტუმრებმა ტაიმი 12:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში სამი გაუშვეს და გაუშვეს მდევრის როლში აღმოჩნდნენ. “მონ-დე-მარსანმა” წონასწორობა 71-ე წუთზე აღადგინა, ხუთ წუთში გადამწყვეტი ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მიუხედავად მარცხისა, რატიანიძის გუნდი 64 ქულით მესამე ადგილზე რჩება.
თითო საფეხურით უკან დაიხიეს “აჟენმა” და “ორიაკმა”. თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენს” კიდევ ერთმა აუტსაიდერმა “ნარბონმა” 23:15 აჯობა. მასპინძლები 43-ე წუთისთვის 23:9 იგებდნენ, თეთრაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და მალე მისმა გუნდმა ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ დასკვნით 25 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და “აჟენმა” პრემიალური ქულაც ვერ აიღო. მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ქართველი ლეგიონერების გუნდი კი, 62 ქულით მე-5 ადგილზეა და “ბიარიცს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
ლიდერების გარეშე დარჩენილი ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი”, სტუმრად “მონტობანთან” 13:23 დამარცხდა. დათუნაშვილი და შარიქაძე ნაკრებში იყვნენ გამოძახებული, ხოლო ხატიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. “ორიაკი” 61 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.
პლეი ოფში შესვლის შანსს ინარჩუნებს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი”, რომელმაც “კოლომიე” დიდი გაჭირვებით, 29:26 დაამარცხა, არადა, თითქოს პრობლემა არ უნდა შექმნოდა. მაისურაძე ნაკრების მაისურით რუსთა წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო შეყლაშვილი შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ტაიმი 22:14 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის 20 წუთში 4 ჯარიმა გაუშვეს, 55-ე წუთზე ერთი ქულით ჩამორჩნენ, ხოლო 62-ეზე სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა (22:26). 77-ე წუთზე “ალბიმ” 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. “ალბი” 59 ქულით მე-7 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 3 ქულა აშორებს.
კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 49 ქულით მე-12 ადგილზეა და მისთვის სატურნირო მოტივაცია პრაქტიკულად დასრულებულია. ნემსაძე ნაკრების შემადგენლობაში რუსეთს ამარცხებდა, მირცხულავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კობერიძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა. 20 წუთის შემდეგ მასპინძლები 3:15 აგებდნენ, მაგრამ მერე ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, მეორე ნახევარში დაწინაურდნენ და საბოლოოდ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 28-29 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია