ამბები

13:42 | 16.03.2015 | ნანახია 1880 - ჯერ

საფრანგეთის მეორე გამარჯვება

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ზედიზედ ორი 7-ქულიანი მარცხის შემდეგ ექვსი ერის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს მისთვის ბევრს არაფერს ცვლის და მეოთხე ადგილზე რჩება.

“სამფეროვნები” იტალიასთან, მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში უპირატესობას დაეუფლნენ, ორი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ მასპინძლები მშრალზე დატოვეს - 29:0. იტალიელთა ლიდერმა სერხიო პარისემ, იმ დღეს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა, მაგრამ მთლიანობაში, გუნდისათვის დღე საშინლად დასრულდა.

საწყის წუთებში ბურთს იტალია აკონტროლებდა, მაგრამ პირველი საფრთხე მათ ჩათვლის მოედანთან შეიქმნა. ნოა ნაკაიტაკიმ 50 მეტრი იარა, თუმცა პარისეს ვეღარ გასცდა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შანსი მე-8 წუთზე მიეცათ, მაგრამ ტომაზო ალანის ჯარიმა არაზუსტი იყო. მერე ის საზარდულმა შეაწუხა და მე-13 წუთზე ლუჩანო ორკერამ შეცვალა, თუმცა, იღბალმა მასაც აქცია ზურგი და ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ფრანგებმა ბურთთან პირველი შეხების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და 45 მეტრიდან სკოტ სპედინგმა არაზუსტად დაარტყა.

20 წუთის შემდეგ უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და კამილ ლოპესმა ორი ჯარიმით ანგარიში 6:0 გახადა. მერე ფრანგები უფრო ლაღად ათამაშდნენ და ლოპესს ლელოს გატანაც შეეძლო. იტალია ამ ეპიზოდში გადარჩა, თუმცა, ტაიმის ბოლოს ერთხელაც რომ დაჯარიმდა, ამჯერად დარტყმა სპედინგმა შეასრულა და ტაიმი 9:0 დასრულდა. თამაში რომ განახლდა, ტრავმირებული ლოპესის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პლისონმა მეოთხე ჯარიმა გაიტანა და ფრანგებიც თამაშის სადავეებს საბოლოოდ დაეუფლნენ.

45-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებმა კარგი შეტევა წამოიწყო, რომელიც იოან მაესტრის ლელოთი დასრულდა. ესაა მაესტრის პირველი სანაკრებო ლელო და პლისონმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სტუმრებს შერკინებაშიც უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და პლისონმა 58-ე წუთზე ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს ბასტარომ იტალიელები ერთხელაც დაალელოვა და პლისონმაც გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

დასკვნით ტურში იტალია უელსს მასპინძლობს, რომელმაც მეტოქე რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო საფრანგეთი ლიდერ ინგლისს ეწვევა, რომელსაც ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მართებს, ყოველგვარი მოულოდნელობა თავიდან რომ აიცილოს.

ექვსი ერი 2015. IV ტური

უელსი - ირლანდია 23:16

ინგლისი - შოტლანდია 25:13

იტალია - საფრანგეთი 0:29

1 ინგლისი 4 3 0 1 102-65 6
2 ირლანდია 4 3 0 1 79-46 6
3 უელსი 4 3 0 1 85-73 6
4 საფრანგეთი 4 2 0 2 68-46 4
5 იტალია 4 1 0 3 42-121 2
6 შოტლანდია 4 0 0 4 63-88 0

V ტური. 21 მარტი

იტალია - უელსი

შოტლანდია - ირლანდია

ინგლისი - საფრანგეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.148999