ერთა თასი

20:02 | 17.03.2016 | ნანახია 1225 - ჯერ

გავამხნევოთ და ვისიამოვნოთ

საქართველოს ნაკრების მორაგბეების თხოვნაა ქართველი გულშემატკივრის მიმართ, რომ „დინამოს“ ტრიბუნები მაქსიმალურად შეავსონ და „ბორჯღალოსნები“ საკუთარი თამაშით და გამარჯვებით ეცდებიან ქომაგებს სიამოვნება მიანიჭონ.

ამ ბიჭებისგან ქართველ ერს სიხარული არაერთხელ მიუღიათ და იმედია, გამონაკლისი არც 19 მარტს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის არაოფიციალური ფინალი იქნება. სასწორზე ორი თასი დევს - რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ახალი დიზაინის იქნება და მას პირველად შემართავს გამარჯვებული გუნდი და რუმინეთთან საზიარო, უკვე ტრადიციული „ანთიმოზ ივერიელის თასი“.

დღეს მორაგბეებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში ჰქონდათ და სურვილები და მომავალი ჯახის მოლოდინები მის დაწყებამდე გაგვაცნეს, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ლაშა ხმალაძე: „მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით, რადგან რუმინეთი ჩვენი ნომერ პირველი მეტოქეა ამ გათამაშებაში. არა აქვს მნიშვნელობა შინ ვთამაშობთ თუ გარეთ, მათთან ყოველთვის დაძაბული ბრძოლები გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმების გამო გვაკლია, მაგრამ ვისაც მოედანზე გასვლა შეუძლია, ყველა უძლიერესი გვეყოლება. იმედია გულშემატკივარი მრავლად მოვა, რადგან ჩვენთვის, ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, მათი თანადგომა უმნიშვნელოვანესია და ეს მოედანზე ყოველთვის იგრძნობა. რუმინელებმა ჩვენს მსგავსად მსოფლიო თასზე ითამაშეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს. დაიმატეს რამდენიმე ნატურალიზირებული მოთამაშე, შეცვლილი აქვთ სათამაშო ტაქტიკაც და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.

ლევან მაისაშვილი [მწვრთნელი]: „შაბათს ტურნირის ორი უძლიერესი გუნდი დაუპრისპირდება ერთმანეთს. წელს ჩატარებული ოთხი თამაშის შემდეგ, ვეცდებით მაქსმიმალურად დახვეწილი კომბინაციები შევთავაზოთ მაყურებელს და ლამაზ სანახაობასთან ერთად, გამარჯვებაც მოვიპოვოთ. აქ უნდა გამოჩნდეს ის უპირატესობა, რომელიც რუმინეთთან გაგვაჩნია. შემადგენლობა მეტ-ნაკლებად ოპტიმალურია. რამდენიმე მოთამაშე ტრავმების გამო გვაკლია. შარიქაძესთან მიმართებაში ვერ ვრისკავთ და ის ამის გამო არაა შემადგენლობაში“.

თამაზ მჭედლიძე: „რუსეთთან შეხვედრის შემდეგ ძლიერი მოთამაშეები დაგვემატნენ და გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. რუმინეთი ძლიერი მოწინააღმდეგეა, მძიმე თამაში გველის და ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებული ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს სტადიონზე, რადგან სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ბევრად უფრო მაგარია და ამით დამატებითი სტიმული გვეძლევა“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076549