მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 33:0 სძლია, მატჩის უმეტესმა ნაწილმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა აქცენტი ამაზე გააკეთეს. “დათვების” თავკაცი არ მოგვერიდა და დაიქადნა - დღეს მოთამაშეები გვაკლდა და აუცილებლად მოგიწევთ ჩვენს საუკეთესო გუნდთან თამაშიო. “ბორჯღალოსანთა” კაპიტანმა პირველ ტაიმში ნაჩვენები არადამაჯერებელი თამაში ემოციას დააბრალა.
ალექსანდრ პერვუხინი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ ლელომდე, თითქმის 70 წუთი გავძელით. მთელი ეს პერიოდი თანაბარი თამაში მიდიოდა და ინტრიგაც შენარჩუნებული იყო. ვფიქრობ, მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა. თქვენი დამრტყმელი ყოჩაღი ბიჭია, ჩვენ კი, პირველ ტაიმში 9 ქულა ვერ ავიღეთ და მატჩის მსვლელობაზე ამანაც იმოქმედა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა და ის რომ გამოგვეყენებინა... თუ არ ჩავთვლით დასკვნით 10-15 წუთს, დაცვაში კარგად ვითამაშეთ. შერკინებაზე ილუზიაც არ გვქონდა, მაგრამ დავთმეთ დერეფანი, რაც მოულოდნელი იყო. ზედიზედ ორი მოთამაშის გაძევებამ გაგვტეხა, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თქვენ კი, გამარჯვებას გილოცავთ.
ჩვენი ფედერაცია უპირატესობას 7-კაცა ნაკრებს ანიჭებს და რადგან 2015 წელი ოლიმპიადის შესარჩევი წელიწადია, 7 მორაგბის დათმობა მოგვიხდა. 11-ის წაყვანა უნდოდათ, მაგრამ 4-ზე მათი დაყოლიება შევძელით. მერწმუნეთ, წინაა თამაში, როდესაც ყველა საჭირო მორაგბე გვეყოლება. მადლობა ქართველ გულშემატკივარს მთელი გუნდის სახელით. ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მაინც მადლობა და თხოვნაა, რომ ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას”.
ანდრეი ტემნოვი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. მერე რა, რომ გულშემატკივარი ჩვენ კი არა საქართველოს ქომაგობდა - ჩვენთვის სავსე ტრიბუნის წინაშე თამაში სასიამოვნო იყო. ძალიან ძნელია დაცვაში 70 წუთი თამაში. ვცდილობდით და გამოგვდიოდა, მაგრამ ორმა გაძევებამ ბოლო მოგვიღო”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სისტემამ პირველ ტაიმში არცთუ კარგად იმუშავა. თანმიმდევრობა გვაკლდა - მოვიპოვებდით ბურთს, ავიღებდით ჯარიმას და მერე დერეფანს ვაგებდით. როდესაც თანმიმდევრობა არაა, ძნელია უპირატესობის მოპოვება. ვიცით რაცაა ჩვენი ნაკლი და რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. რუმინეთთან პირველ ტაიმში 5 ჩვენი დერეფანი რომ წავაგოთ, მოგება გაგვიჭირდება. როდესაც ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მაშინ შედეგიც სათანადოა და ეს ამ თამაშის დასკვნით წუთებშიც გამოჩნდა.
ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია და მოწინააღმდეგემ ძლიერად ითამაშა. მაგრამ მათ კლასით ვაჯობეთ და ბოლოში 24 ქულა ავიღეთ. გასახდელში ბიჭებს სწორედ იმაზე ვესაუბრე, რომ თანმიმდევრობა უნდა დაგვეცვა. მთავარი ისაა, რომ თამაში კარგი ანგარიშით მოვიგეთ, ხვალ დავისვენებთ და გარჩევა გვექნება, ზეგიდან კი, რუმინეთისთვის შევუდგებით მზადებას. ჩვენი საბოლოო მიზანი მსოფლიო თასია და მანამდე ყველა შეხვედრა სწორედ ამ კუთხით განიხილება”.
შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ვფიქრობ, საწყის წუთებში მოთმინება გვაკლდა და რაღაცეები ამის გამო არ გამოგვდიოდა. ძნელია გამოხვიდე ამდენი გულშემატკივრის წინაშე და თავისუფლად ითამაშო. ადამიანები ვართ და ემოციამ გვძლია. ბოლოსკენ, როდესაც დავიღალეთ, ემოციამ იკლო და ცივ გონებაზე ყველაფერი კარგად გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ამ ქვეყნის გუნდი აქამდე ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია