ამბები

19:03 | 14.03.2015 | ნანახია 6577 - ჯერ

საქართველომ რუსეთი უპრობლემოდ დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მხოლოდ პირველ ტაიმში მოიკოჭლეს, თუმცა მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორეს და უპირატესობა გაზარდეს.

პირველ 40-წუთეულში ქართველებს მერაბ კვირიკაშვილმა ულიდერა და მისი საჯარიმო დარტყმებით საქართველომ ტაიმი 6:0 მოიგო. მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" სრული უპირატესობა ხელთ იპყრეს. მეკომ ორი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 12:0 გახადა. 71-ე წუთზე დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების რიგებში მე-17 ლელო მიითვალა, გარდასახვა კი მეკომ ზუსტად შეასრულა - 19:0.

ზურაბ ჟვანიამ 83-ე წუთზე გატანილი ლელოთი და მეკომ გარდასახვით ქართველთა უპირატესობა 26 ქულამდე გაზარდეს, ხოლო 87-ე წუთზე კახა ასიეშვილმა ეროვნულ ნაკრებში პირველი ლელო მიითვალა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 33:00 დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ 21 მარტს ბუქარესტში გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.515233