ამბები

20:59 | 13.03.2015 | ნანახია 4763 - ჯერ

ჰეიგისთვის მთავარი მსოფლიო თასია, პერვუხინი შერკინებას უფრთხის

საქართველოსა და რუსეთის მატჩის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. გუნდებმა “მიხეილ მესხზე” კაპიტნის ვარჯიშები გამართეს და ახლა უელსელი რეფერის სასტარტო სასტვენის მოლოდინში არიან.

ტრიბუნები პირთამდე შეივსება და ამის წინაპირობა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო, რადგან რუსეთთან თამაში ქართველ გულშემატკივარს მუდამ განსაკუთრებულად ხიბლავს. სალაროებში ბილეთები თამაშამდე 2 დღით ადრე რომ გაიყიდა (თუმცა ისინი გადამყიდველებს მრავლად აქვთ), თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და უბილეთოდ დარჩენილ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა ვაკის პარკში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე შეეძლება.

“დათვებმა” ორი კვირის წინ რუმინეთთან 6-წლიანი მარცხიანი სერია რომ შეწყვიტეს, გარკვეული იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა ღია ვარჯიში დახურა. რას გვიმალავს რუსთა თავკაცი, ხვალ გამოჩნდება, მანამდე კი, პრესკონფერენციაზე დიდი თავდაჯერებულობით არ გამოირჩეოდა.

ალექსანდრ პერვუხინი: “რატომ გგონიათ, რომ საქართველოში წასაგებად ჩამოვიდოდით? დიახ, თქვენთან თამაშის ცუდი ტრადიცია გვაქვს, 2002 წლის შემდეგ სულ ვაგებთ და ეს ოპტიმიზმს არ გვმატებს, მაგრამ ვეცდებით ღირსეულად ვითამაშოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. არ ვიცი, რას შეჰპირდნენ ქართველებს ჩვენთან მოგებისთვის, მაგრამ აეროპორტიდანვე იგრძნობა რაგბისადმი დამოკიდებულება. ჩემი ბიჭების 99 პროცენტს, ერთად შეკრებილი 30 ათასი ქომაგი არასდროს უნახავს და თუნდაც ეს მოწინააღმდეგის გულშემატკივარი იყოს, ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში უდიდესი სტიმულია. მინდა გითხრათ, რომ თქვენი კეთილი შურით მშურს. გისურვებთ წარმატებას მსოფლიო თასზე!

შემადგენლობის შერჩევისას შეზღუდული ვიყავით და ამის 2 ძირითადი მიზეზი გვქონდა. თქვენ სექტემბერში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადებით, ჩვენ გვსურს, რომ 4 წლის შემდეგ, იაპონიაში თქვენთან ერთად გავემგზავროთ და ამისათვის ახალი გუნდის მშენებლობას ვიწყებთ. ამიტომ, აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება და ვეტერანთა ნაწილზე უარი ვთქვით. არის ტრავმების მომენტი, რომელსაც სპორტში თავს ვერ აარიდებ და კიდევ 7-კაცა ნაკრები. რუსეთის 7-კაცა გუნდში 7 ისეთი მორაგბეა გამოძახებული, რომელთა აყვანა ჩვენც გვსურდა, მაგრამ ამჟამად 7-კაცას დავუთმეთ.

ძმები ცნობილაძეები სწორედ ახალი გუნდის შენების პროცესს “შეეწირნენ” და აქ სხვა რამ არაფერ შუაშია. თავად განსაჯეთ, ერთი ძმა 32 წლისაა, მეორე 34-ის და რატომ ავაწყოთ გუნდის თამაში ისეთ მორაგბეზე, რომელიც შემდეგ ციკლში გარანტირებულად ვერ დაგვეხმარება? მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთანავე განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ და მთელი 4 წლის განმავლობაში ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

საქართველოსთან მატჩში ბევრი რამ გამოჩნდება, განსაკუთრებით სტატიკაში. რუმინეთის და საქართველოს დარ გუნდებთან თამაშისას, საქმე ყოველთვის აქამდე მიდის. თუ ვერ გავუძელით და ყოველი შერკინებისას 10 მეტრით უკან დავიხიეთ, ეს დანარჩენებსაც გადაედებათ და არაფერი გამოვა. გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდება. ამის შემდეგ ვინმეს განსაკუთრებული ბოჭვები მოსთხოვო, უბრალოდ უაზრობაა. მოთამაშეებს ნებისმიერ დროს ექნებათ იმის ფიქრი, რომ ახლა მოვლენ მორკინალები და გადაგვივლიან. ამის შემდეგ დაცვაში წარმატებული თამაში უბრალოდ შეუძლებელია. განვლილ თამაშებში საქართველოს ნაკრებს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ გერმანიასთან შერკინებამ 2 ტექნიკური ლელო აიღო”.

საქართველოს ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს სტადიონზე მისვლა დაუგვიანდა, რის გამოც პრესკონფერენციის დაწყება დაგვიანდა და გუნდი გრაფიკს რომ არ ჩამორჩენოდა, შეკვეცილად ჩატარდა.

მილტონ ჰეიგი: “გვსურს, რომ მსოფლიო თასის წინ ახალგაზრდა მოთამაშეების შესაძლებლობები მოედანზე ვნახოთ. ამის დრო მერე აღარ გვექნება და ამიტომაც ვანდეთ ახალგაზრდებს ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. ჩვენ მათ ვენდეთ, მივეცით შანსი და ახლა უნდა დაგვანახონ, რა შეუძლიათ. რუსეთის ნაკრები წინა წლებთან შედარებით გაძლიერებულია. მათ შერკინებაში დიდი ბიჭები, ხოლო უკანა ხაზში სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ”.

ჰეიგისგან მეტოქის შერკინებაზე ტკბილი სიტყვის თქმამ პერვუხინი ისე აღაფრთოვანა, რომ თავი ვერ შეიკავა და ზელანდიელს მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა. რადგან საქართველოს ნაკრების ვარჯიში უკვე დაწყებული იყო და დრო აღარ რჩებოდა, სიტყვა ჩვენი გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა აიღო:

“მეტოქის თამაში შევისწავლეთ. ჩვენი მიზანი, რაღა თქმა უნდა, მეტოქის დამარცხებაა და ამასთან, საქმეში ახალი ბიჭებიც უნდა გამოიცადონ. მთელი 4 წელიწადია თამაშის გარკვეულ სისტემაზე ვმუშაობთ და წინასწარ იმაზე საუბარი, რა სხვაობით გავიმარჯებთ, შეუძლებელია. უბრალოდ, ჩვენ მოედანზე კარგად უნდა შევასრულოთ დასახული ამოცანები და ამან სასურველი შედეგი მოიტანოს”.

რაგბში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი

IV ტური. 14 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი

საქართველო - რუსეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 82 კეპი, 609 ქულა - 12 ლელო, 105 გარდასახვა, 110 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 4, 0), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 79, 80), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 31, 35), 11. ალექსი ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი, 2, 5), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 37, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 3, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 24, 5), 2. სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 29, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 46, 45), 4. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 47, 45), 5. ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 23, 10), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 46, 5, კაპ.), 7. მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 57, 120), 8. ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 10, 15).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 16, 30), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 8, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 21, 15), 19. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 29, 5), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 8, 5); 21. ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 15, 0), 22. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 24, 20), 23. მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი, 4, 5).

განაცხადში არ არიან: ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 13, 0), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 65, 15), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 19, 5), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 47, 25), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 53, 138 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 20 ჯარიმა, 3 არეკნი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 30, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუსეთი: 15. ვასილ არტემიევი (კრასნი იარი), 14. მიხაილ ბაბაევი (ვვა-პოდმოსკოვიე), 13. დმიტრი გერასიმოვი (ენისეი-სტმ), 12. ვლადიმირ რუდენკო (კრასნი იარი), 11. იგორ კურაშოვი (ენისეი-სტმ), 10. რამილ გაისინი (ენისეი-სტმ), 9. ალექსეი შჩერბანი (ენისეი-სტმ); 1. სერგეი ნოვოსელოვი (ენისეი-სტმ), 2. სტანისლავ სელსკი (ენისეი-სტმ), 3. ინოკენტი ზიკოვი (ენისეი-სტმ), 4. ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი), 5. ანდრეი ოსტრიკოვი (სეილ შარქსი, ინგლისი) 6. ანდრეი ტემნოვი (ენისეი-სტმ, კაპ.), 7. პაველ ბუტენკო (ენისეი-სტმ), 8. ვიქტორ გრესევი (კრასნი იარი).

სათადარიგოები: 16. ვლადიმირ კორშუნოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 17. სერგეი სეკისოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 18. ანდრეი იგრეცოვი (სლავა), 19. არტიომ ფათახოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 20. ნიკოლაი სერკოვი (ენისეი-სტმ); 21. რუშან იაგუდინი (კრასნი იარი), 22. იური კუშნარიოვი (ენისეი-სტმ), 23. ანდრეი ოტროკოვი (კრასნი იარი).

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი

რეფერი: ნილ ჰენესი (უელსი)

გერმანია - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი

საქართველო 3 3 0 0 110:36 13 1
რუმინეთი 3 2 0 1 79:34 11 1
რუსეთი 3 2 0 1 82:78 9 1
ესპანეთი 3 1 0 2 64:75 5 1
პორტუგალია 3 1 0 2 36:60 5 1
გერმანია 3 0 0 3 33:121 0 0

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097366