საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი თამამ ექსპერიმენტებს რუსეთთან მატჩშიც არ შეუშინდა და სასტარტო შემადგენლიბაში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი დააყენა.
ერთის მხრივ, “დათვების” წინააღმდეგ თამაშს იწყებენ გამოცდილი ვეტერანები - მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი, რომელთა შემართებას რუსთა წინააღმდეგობა არაერთხელ გაუტეხია და მეორეს მხრივ, თამაშს იწყებენ ის ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც სანაკრებო რაგბიში პირველ ნაბიჯებს ახლაღა დგამენ. ესპანეთთან 26:13 მოგებული მატჩის სასტარტო შემადგენლობას თუ შევადარებთ, საწყის 15-ეულში ნახევარი გუნდი შეიცვალა.
წინა თამაშიდან პირველ ხაზში მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილი დარჩა, ზურაბ ჟვანია სიმონ მაისურაძემ, ხოლო ლევან ჩილაჩავა ზირაქაშვილმა ჩაანაცვლა. ჟვანია და ჩილაჩავა თადარიგში არიან. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს ამჟამად ვახტანგ მაისურაძე შეუწყვილდება, რომელმაც გერმანიასთან მატჩის დებიუტში ტვინის შერყევა მიიღო და მაშინ მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები ვერ დაანახა. კოტე მიქაუტაძე თადარიგშია. 2 კვირის წინანდელი შემადგენლობიდან მესამე ხაზში მხოლოდ გუნდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი დარჩა, გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად ფლანკერად გორგოძე დაბრუნდა, ხოლო შერკინების შემკვრელად თამაშს ბექა ბიწაძე იწყებს. ლაშა ლომიძე თადარიგშია.
9 ნომრის პოზიციაზე ჰეიგი კვლავ ვაჟა ხუციშვილისა და ვასილ ლობჟანიძის დუეტს ენდო, ოღონდ ამჯერად მათ პოზიციები შეუცვალა და ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო ხუციშვილი თადარიგში. უკანა ხაზის ღერძი - ლაშა ხმალაძე (10), მერაბ შარიქაძე (12), დავით კაჭარავა (13) და მერაბ კვირიკაშვილი (15) უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, შეიცვალა ორივე გარემარბი და გამოცდილი თამაზ მჭედლიძისა და სანდრო თოდუას ნაცვლად, თამაშს გიორგი აფციაური და ალექსი ხუციშვილი იწყებენ, რომელთაც ჯამში მხოლოდ 6 სანაკრებო კეპი აქვთ. უკანა ხაზის დარჩენილ ორ ადგილს (თადარიგში), მჭედლიძე და კიდევ ერთი ახალგაზრდა, მურაზ გიორგაძე ავსებენ.
გუნდმა “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა და სხვადასხვა კომბინაციების დამუშავების შემდეგ, დიდი ყურადღება კონტრშეტევებს დაუთმო - როგორც დაცვაში სწრაფად გადაწყობას, ასევე ფეხით გადაკიდებული ბურთის სწრაფადვე დაბრუნებას. როგორც ჩანს, ჰეიგს ცუდად ჩარჩა ესპანელთა ლელო, რომელიც კონტრშეტევის შედეგად გავიდა.
შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, რუსეთის ნაკრები კარგადაა მომზადებული და გაძლიერებული მოდის. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ისევე, როგორც სხვა გუნდებთან, გვჭირდება მათთან დამაჯერებელი გამარჯვება, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი უპირატესობა. მსოფლიო რაგბის მმართველებმა უნდა დაინახონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და ვემზადებით ამის შესაფერისად. ისიც კარგად გვესმის, რომ მეტოქე რუსეთის ნაკრებია და ამ თამაშს განსაკუთრებული ჟინით შევხვდებით.
გუნდში ტრავმირებული მოთამაშეები არიან. მათი ნაწილი თამაშს ვერ ახერხებს, ნაწილს კი, მიკროტრავმები აწუხებს. დაგვიბრუნდნენ ზირაქაშვილი და გორგოძე, ვფიქრობ, ძლიერი გუნდით გავდივართ და მაყურებელსაც სანახაობრივ თამაშს შევთავაზებთ”.
ტრადიციულად, რუსეთის თამაშის წინ საქართველოში არნახული აჟიოტაჟია. ეს სოციალურ ქსელებშიც შეინიშნება და ღია ვარჯიშზეც თვალნათლივ გამოჩნდა, რომელსაც იმაზე მეტი მაყურებელი დაესწრო, ვიდრე ზოგიერთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრას. 2008 წლის ომის ვეტერანებმა და კომპანია “ნატახტარის” მისაფარმა ბავშვებმა, მორაგბეებთან ჯგუფური სურათებიც გადაიღეს. ცნობილია, რომ დღეს დილით “მიხეილ მესხის” სალაროებში ამოიწურა მატჩზე დასასწრები ბილეთები, თუმცა, დიდი ალბათობით, ხვალ და ზეგ მათი შეძენა გადამყიდველებთან იქნება შესაძლებელი.
ეს ის სატკივარია, რომლის მოგვარებაც ვერა და ვერ ხერხდება. გულშემატკივრები ამბობენ, რომ მათ სალაროებში 5-ზე მეტ ბილეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ხვალ და ზეგ გადამყიდველების ხელში ასეულობით ბილეთი რომ აღმოჩნდება, ესეც ფაქტია. ამ საკითხს სერიოზული მიხედვა სჭირდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ საჭიროდ აღარ ჩათვალა გულშემატკივრებისთვის იმის შეხსენება, რომ მეტოქის ჰიმნის სტვენას და მოთამაშეების გინებას, სჯობს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა და მან ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ირაკლი მაჩხანელის თხოვნით, არ გამოვიდა მისი რაგბიდან გაცილების ცერემონიალის დაგეგმვა და 14 მარტს ის მოედანზე არ იქნება, სიურპრიზი კი, რომლის დაგეგმვაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარეობს, უკვე გულშემატკივრის განსახორციელებელია.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “პირადად მე და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელმა, გულშემატკივარს არაერთხელ მოუწოდა, რომ პატივი სცეს მოწინააღმდეგეს და მხარი დაუჭიროს ჩვენს გუნდს. ვუგულშემატკივროთ საქართველოს, ავაფრიალოთ ქართული დროშები და ნუ დავხარჯავთ ენერგიას მოწინააღმდეგის ლანძღვაზე. სტადიონზე მოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა უნდა იყოს!
ჩვენ გვინდოდა, რომ ირაკლი მაჩხანელი დიდი რაგბიდან ამ თამაშით გაგვეცილებინა, მაგრამ ის თავმდაბალი ადამიანია და ეს პომპეზურად და საჯაროდ აღარ მოხდება. გავიგე, გულშემატკივრები მე-14 წუთზე რაღაცას გეგმავენ და მოვუწოდებ ყველას, რომ ასე მაინც გადავუხადოთ მადლობა არაჩვეულებრივ ადამიანს და მოთამაშეს”.
რუსეთის ნაკრები 26-კაციანი შემადგენლობით თბილისს დღეს ნაშუადღევს ეწვია. ისინი თბილისში იმედიანად ჩამოვიდნენ, რადგან 28 თებერვალს რუმინელთა წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოპოვება შეძლეს. მანამდე “დათვებს” “მუხები” 6 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ დამარცხებული და ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს - 16:13. რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილი სამი მატჩიდან რუსებმა ორი მოიგეს და ერთში დამარცხდნენ - პირველ ტურში 20:43 დამარცხდნენ ესპანეთთან და მერე ასევე სტუმრად პრემიალური ქულით დაამარცხეს გერმანია (46:22). მესამე ტურში რუსთა წარმატებით იხეირა საქართველომაც, რომელმაც სამივე თამაში მოიგო - გერმანიასთან 64:8, პორტუგალიასთან 20:15 და ესპანეთთან 26:13 და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ზემოთ რუსთა შეწყვეტილი, უსიამოვნო სერია ვახსენეთ და მომავალ თამაშს ისინი კიდევ უფრო უარესი სერიით ხვდებიან - აგერ უკვე 22 წელიწადია “დათვებს” შინ თუ გარეთ, თურქეთსა თუ უკრაინაში, “ბორჯღალოსნებთან” გამარჯვება არ უზეიმიათ. აქამდე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს ერთმანეთში 18-ჯერ უთამაშიათ და ჩრდილოელებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, პირველ მატჩში შორეულ 1993 წელს მოახერხეს (15:9). მას შემდეგ გამართული 17 თამაშიდან ერთი ფრედ დასრულდა (2002 წელს 12:12), ხოლო 16-ჯერ საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და აქედან ბოლო 13 მატჩში ზედიზედ.
ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა 2012 წელს, იმ “მიხეილ მესხზე” დაფიქსირდა, სადაც ხვალინდელი თამაში იმართება (46:0). შარშან “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს “ეროვნულზე” უმასპინძლეს და 36:10 მოუგეს. განვლილ 18 მატჩში საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 49 ლელო და გაუშვა 13, ქულათა ბალანსი კი 443-224-ზეა.
სარეიტინგო თვალსაზრისით ეს თამაში ბევრს ვერაფერს შეგვმატებს. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა, ნამატი 0,1 ქულაც არ იქნება, სხვა შედეგი კი, უბრალოდ არც განიხილება.
რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი
IV ტური. 14 მარტი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი
საქართველო - რუსეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 82 კეპი, 609 ქულა - 12 ლელო, 105 გარდასახვა, 110 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 4, 0), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 79, 80), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 31, 35), 11. ალექსი ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი, 2, 5), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 37, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 3, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 24, 5), 2. სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 29, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 46, 45), 4. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 47, 45), 5. ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 23, 10), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 46, 5, კაპ.), 7. მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 57, 120), 8. ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 10, 15).
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 16, 30), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 8, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 21, 15), 19. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 29, 5), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 8, 5); 21. ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 15, 0), 22. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 24, 20), 23. მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი, 4, 5).
განაცხადში არ არიან: ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 13, 0), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 65, 15), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 19, 5), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 47, 25), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 53, 138 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 20 ჯარიმა, 3 არეკნი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 30, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
გერმანია - რუმინეთი
პორტუგალია - ესპანეთი
საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 110:36 | 13 | 1 |
რუმინეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 79:34 | 11 | 3 |
რუსეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 82:78 | 9 | 1 |
ესპანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 36:60 | 5 | 1 |
პორტუგალია | 3 | 0 | 0 | 3 | 33:121 | 0 | 0 |
გერმანია |
საქართველოსა და რუსეთის ნაკრები ყველა შეხვედრა
- 25/05. სოპოტი (პოლონეთი). მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო 9:15 რუსეთი
- 20/10. ეროვნული. ფირა
საქართველო 29:20 რუსეთი
- 20/05. ეროვნული. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო 12:6 რუსეთი
- 04/03. კრასნოდარი. ერთა თასი
საქართველო 25:23 რუსეთი
- 03/03. ეროვნული. ერთა თასი
საქართველო 12:12 რუსეთი
- 13/10. ეროვნული. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო 17:13 რუსეთი
- 08/03. კრასნოდარი. ერთა თასი
საქართველო 23:17 რუსეთი
- 06/03. ვაკე. ერთა თასი
საქართველო 9:3 რუსეთი
- 20/11. კრასნოდარი. ერთა თასი
საქართველო 27:15 რუსეთი
- 04/02. ეროვნული. ერთა თასი
საქართველო 46:19 რუსეთი
- 24/03. ეროვნული. ერთა თასი
საქართველო 31:12 რუსეთი
- 12/04. კრასნოიარსკი. ერთა თასი
საქართველო 18:12 რუსეთი
- 22/03. მარიუპოლი (უკრაინა). ერთა თასი
საქართველო 29:21 რუსეთი
- 20/03. ტრაბზონი (თრქეთი). ერთა თასი
საქართველო 36:8 რუსეთი
- 19/03. სოჭი. ერთა თასი
საქართველო 15:9 რუსეთი
- 17/03. ვაკე. ერთა თასი
საქართველო 46:0 რუსეთი
- 23/02. სოჭი. ერთა თასი
საქართველო 23:9 რუსეთი
- 22/02. ეროვნული. ერთა თასი
საქართველო 36:10 რუსეთი
სულ: 18 (9 შინ, 6 სტუმრად, 3 ნეიტრალური): 16-1*1; +/-: 443:224; ლ.: 49:13
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია