რუსთავის “ხარებმა” და მისმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ტრადიციას არ უღალატა და როგორც კი შიდა ჩემპიონატში მორიგი ეტაპი დასრულდა, კლუბის გულშემატკივარს განვლილი პერიოდის ანგარიში ჩააბარა.
“ხარების” თავკაცი შეხვედრის დაგეგმვას მოგვიანებით, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელმა სტუმრობამ გეგმები შეცვალა. ორი წლის წინ იტალიაში გაბმულმა ურთიერთობამ, დაღესტნის “არწივების” ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც ალბათ უფრო “მართვეები” შეეფერება”, რადგან რაგბიში ახლა ფრთიანდება, რუსთავს ერთობლივი წვრთნის გასამართად ეწვია და “ხარებიც” მას წმინდა ქართულად მასპინძლობს.
“პირადად მე საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ. ახლა ბიჭები ჩამოვიყვანე იმის სანახავად, თუ რა არის რაგბი და გაოცებულები არიან. თქვენთან რაგბი და ზოგადად ქვეყანა ყოველდღიურად იზრდება. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ. დაღესტანში რაგბის ქართული სკოლა ინერგება, რომელიც დამყარებულია ფიზიკურ ძალასა და ხასიათზე” - ამბობს “არწივების” გუნდის მწვრთნელი ალი და “ხარების” ხელმძღვანელობას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
“ხარებს” სტუმრების მასპინძლობის გარდა თავისი ამოცანა აქვს, რომლის მისაღწევადაც გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული და რაღა თქმა უნდა მგელაძეს განვლილ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ:
“პლეი ოფამდე ორი თამაში დაგვრჩა და ამ მომენტისთვის ისეთი სიტუაციაა, რომ იქ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და მერე იქ ღირსეული თამაში. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებას რომ ვხედავ, იმედიანად ვარ, თუმცა, ხშირად ეს განწყობა თამაშებზე იკარგება. მეტი შეგვიძლია და “ბათუმთან” და “არმაზთან” უნდა მოგვეგო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო 5-6 მოთამაშე რომ დაგვაკლდა, ეს აშკარად დაგვეტყო. ქუთაისთან ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ, ორი დებიუტანტის გამოცდასაც ვაპირებ და იმედია, ეს თამაში სასურველი შედეგით დასრულდება.
დაღესტნის “არწივებთან” ორი წელიწადია ვკონტაქტობთ. მათ გარდა რუსთავში თურქებს და აზერბაიჯანელებსაც სურთ ჩამოსვლა. ჩვენ უნდა გავხდეთ ცენტრი კავკასიაში რაგბის განვითარებისა. გარდა ამისა, ჩვენთან მუდმივი კონტაქტი აქვთ პოლონურ გუნდებს, რომლის ნაკრების სტუმრობაც რაღაც მიზეზის გამო ჩაიშალა, მაგრამ ლოძში 10-ათასიანი სტადიონის გახსნის მატჩში “ხარების” მონაწილეობის შეთანხმება ძალაშია”.
რატი ღამბაშიძე (“ხარების” მოთამაშე): “ვცდილობთ, რაც კარგად გამოგვდის ის დავხვეწოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ჩვენთან სხვაგვარი სიტუაციაა და პრობლემებზე თუ დადებით მომენტებზე მთელი გუნდი მსჯელობს. ექვსეულში უკვე მოვხვდით, მაგრამ ამით სულაც არ ვაპირებთ დაკმაყოფილებას. გუნდის წევრთა ნაწილი ისეთ ასაკშია, რომ ვერ მოიცდის და წელსვე ვეცდებით მინიმუმ პრიზიორებში გავერიოთ”.
დავით კაკაბაძე (“ხარების” დირექტორი): “ახლა გვაქვს ბაზა და საშუალება იმისა, რომ სტუმრები მივიღოთ. კავკასიაში რაგბისადმი ინტერესი ახლა გაღვივდა, მეზობლებს აინტერესებთ ქართული რაგბის სტილი და ჩვენც გახსნილები ვართ”.
დაღესტნის “არწივები” 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრებიან და ამბობენ, რომ კარგ რაგბის გულშემატკივრობენ. ამ დამწყები მორაგბეებისთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დიდ რაგბის ცოცხლად იხილავენ და ქართული რაგბის ძალას საკუთარი თვალით დაინახავენ. მთავარი კი ისაა, რომ ეს პატარა დაღესტნელები ცდილობენ და ქართველ ბავშვებთან მაქსიმალურად მეგობრულ ურთიერთობას ამყარებენ, რაზეც ასეთივე პასუხს იღებენ და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რაგბი ცხოვრების წესია!
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია