ამბები

14:17 | 9.03.2015 | ნანახია 1570 - ჯერ

ლელო და ყვითლები “მასიდან”

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის 23-ე ტურში “მასის” ბურჯმა დავით დადუნაშვილმა სეზონის პირველი ლელო გაიტანა, დავით აშვეთია და ელიზბარ ყუფარაძე კი ყვითელი ბარათებით დაისაჯნენ.

აშვეთიას, დადუნაშვილის, ყუფარაძის, ვახტანგ ახობაძისა და შალვა სუთიაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე “კოლომიესთან” 20:27 დამარცხდა, უქულოდ დარჩა და გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სუთიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა, მერე მის ნაცვლად შეცვლაზე ყუფარაძე შევიდა და მან ყვითელი ბარათი 52-ე წუთზე მიიღო. დადუნაშვილი თამაშში 39-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო ბოლო წუთზე გაიტანა. სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისში 22:3 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს და დასკვნით 7 წუთში ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ შუაში ერთი თავადაც გაუშვეს და 34 ქულით მე-14 ადგილამდე დაეშვნენ. ბოლო ორ ადგილს “მასი” მხოლოდ ქულით უსწრებს.

ქართულ დერბიში თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” 15:9 დაამარცხა. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მჭედლიძემ და მაისურაძემ სრულად ითამაშეს. თეთრაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, მის წინ შერკინებებში 23 წუთი შეყლაშვილი იდგა, მერე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. “აჟენმა” ტაიმი 9:3 მოიგო, “ალბიმ” 50-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში კიდევ ორი ჯარიმა გაუშვა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. “აჟენი” 62 ქულით მეოთხეა, ხოლო “ალბი” 55 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ლაშა ლომიძის “ბეზიე” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანთან” მეორე ტაიმში გატყდა და 17:20 დამარცხდა. სტუმართა ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, ხოლო ლომიძემ პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლებმა ტაიმი 17:7 მოიგეს, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს. “პერპნიანმა” ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 70-ე წუთზე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “ბეზიემ” პრემიალური ქულა აიღო და ჯამში 50 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “პერპინიანი” 64 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” “კარკასონი” 30:18 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა. სტუმრებმა ჯარიმების ხარჯზე მატჩს დაძაბულობა ბოლომდე შეინარჩუნეს, მაგრამ დასკვნით 15 წუთში ორი ლელო გაუშვეს, აქედან მესამე 79-ე წუთზე (პირველი ლელო მე-7 წუთზე გავიდა) და “მონ-დე-მარსანს” 5 ქულა დაუტოვეს. რატიანიძის გუნდი 63 ქულით მე-3 ადგილზეა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “მონტობანს” დაუზავდა - 12:12. ნემსაძე და მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და პირველი 53-ე, ხოლო მეორე 66-ე წუთზე შეცვალეს. “ტარბი” ჯარიმებით 9:0 იგებდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ორი ჯარიმა გაუშვა. მე-60 წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, ორ წუთში მასპინძლები არეკნით დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე მეოთხე ჯარიმა გაუშვეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ტარბი” 45 ქულით მე-12 ადგილზეა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” ლიდერი, გიორგი ნაცარაშვილის “პო” 34:25 დაამარცხა. შარიქაძე, დათუნაშვილი და ნაცარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მეორეხაზელი დათუნაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, შუამარბი შარიქაძე მოედნიდან 58-ე წუთზე გაიყვანეს, მაგრამ 71-ეზე დაბრუნდა და შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო ნაცარაშვილი 34-ე წუთზე შეცვალეს და 75-ეზე თამაშში დაბრუნდა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ მასპინძლებმა 9, ხოლო სტუმრებმა 5 ჯარიმა და ერთი არეკნი მიითვალეს. მასპინძლებმა ტაიმი 15:6 მოიგეს, მეორე ნახევარში “პო” 22:15 დაწინაურდა, მაგრამ “ორიაკმა” ჩამორჩენის შემცირება შეძლო, დასკვნით 10 წუთში უპასუხო 13 ქულა გააკეთა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა 78 ქულით პირველ ადგილზე რჩება და მდევარს 14 ქულას უგებს, ხოლო “ორიაკი” 61 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 14-15 მარტს გაიმართება და მას საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები დააკლდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089564