საფრანგეთის პირველ დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-19 ტურში ოთხივე ლიდერმა გამარჯვება მოიპოვა და მდევრებთან სოლიდური უპირატესობა შეიქმნა.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” 34:11 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 57 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო და მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ასიეშვილი იყო და ის შველიძემ შეცვალა 61-ე წუთზე, ხოლო ჟღენტი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. “ტულონმა” პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანა და 20:3 დაწინაურდა, 51-ე წუთზე მეოთხედ გადაკვეთა “ბრივის” ჩათვლის მოედნის ხაზი (27:6), 62-ე წუთზე ერთი ლელო თავადაც გაუშვა, მაგრამ 74-ეზე მეხუთე ლელო მიითვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “ბრივი” 35 ქულით მე-12 ადგილამდე დაეშვა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.
“ტულონის” მსგავსად 57 ქულა აქვს და მას დამატებითი მაჩვნებლებით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც ქართველი ლეგიონერების გარეშე “ბაიონი” 28:16 დაამარცხა. მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვეს და ამის გამო პრემიალური ქულა ვერ აიღეს.
ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 22:23 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. პარიზელებმა 77-ე წუთზე ლელო გაუშვეს და ანგარიში გათანაბრდა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, “ბორდო” 22:20 დაწინაურდა. “სტად ფრანსემ” დამატებულ წუთებზე არეკნი გაიტანა და 55 ქულით მე-3 ადგილზე რჩება. “ბორდო” 45 ქულით მეშვიდეა.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 51 ქულით მე-4 ადგილზეა. პარიზულმა კლუბმა ტრავმირებული ქართველი ლეგიონერის გარეშე “გრენობლი” 34:29 დაამარცხა.
მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” უმასპინძლა და 15:15 ეთამაშა. ნარიაშვილმა შეცვლაზე 45-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ყაულაშვილი განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა ორი ლელო გაუშვეს და 73-ე წუთზე 12:15 ჩამორჩნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეაღარ გარისკეს, ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს და 42 ქულით მე-9 ადგილზე არიან. “ლა როშელი” 36 ქულით მეთერთმეტეა.
ვასილ კაკოვინის “ტულუზი” სტუმრად “ოიონაქსთან” 3:9 დამარცხდა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი 45 ქულით მე-6 ადგილზეა.
თოპ 14-ის მე-20 ტური სანაკრებო მატჩების პარალელურად, 13-14 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია