საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტური დარჩა. მოწინავე ექვსეულმა დანარჩენებთან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და მე-16 ტურმა, შესაძლოა ყველა კითხვას საბოლოოდ გასცეს პასუხი.
შაბათ-კვირის შეხვედრების შემდეგ გუნდები ორკვირიან, სანაკრებო შესვენებაზე გადიან და შიდა გათამაშებას დღეიდან მესამე უქმეებზე დაუბრუნდებიან. მანამდე, ამ უიქენდზე სამ თამაშს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო ორი და ორივე ცენტრალური მატჩი რეგიონებში გაიმართება.
ტური თბილისში, ორი პარალელური მატჩით იხსნება. “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გორის “ჯიქები” რუსთავის “ხარებს” ეთამაშება და ექვსეულის დაკომპლექტების საკითხიც, შესაძლოა აქვე გადაწყდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველები გამარჯვებას მოიპოვებენ. ასეთ შემთხვევაში ისინი მდევრებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელნი გახდებიან. თავის მხრივ, გორელებს მოგებით ჩამორჩენის ერთ თამაშამდე შემცირება შეუძლიათ და მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში საინტერესო ბრძოლები კიდევ გაიმართება.
“ჯიქები” მომავალ თამაშს კარგ ფორმაში, სამმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. “არმიას” დამარცხების შემდეგ, ისინი ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” ფრედ ეთამაშნენ, ხოლო გასულ ტურში “ბათუმს” მალთაყვაში ეთამაშნენ და მათი რვამატჩიანი წაუგებელი სერია 20:16 მოგებით შეწყვიტეს. “ხარებმა” 2015 წელს ჩატარებული ოთხი თამაშიდან სამი წააგო და მხოლოდ აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტს” სძლია. გასულ ტურში რუსთაველებს მათსავე მოედანზე ექვსეულისთვის მებრძოლმა “არმაზმა” აჯობა. პირველ წრეში “ხარებმა” “ჯიქები” 14:6 დაამარცხა.
ზემოთნახსენები მატჩი 14 საათზე იწყება, პარალელურად კი, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე “ლოკომოტივი” “არმიას” ეთამაშება. რკინიგზელებმა ზედიზედ ორი თამაში პრემიალური ქულით მოიგეს - ლიდერ “ყოჩებთან” და აუტსაიდერ “თიბიესთან” და ახლაც ფავორიტები არიან. მათ ექვსეულში უკვე დაიმკვიდრეს ადგილი და წინსვლის შანსი აქვთ. “არმიას” 2014 წლის 10 ნოემბრის შემდეგ აღარ მოუგია და 7 თამაშიდან 6 წააგო, ერთში კი ფრეს დასჯერდა. შედეგად, გუნდი ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა და იმისათვის, რომ პირველლიგელთან გადათამაშებას თავი აარიდოს, “არმაზთან” 7-ქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას. პირველ წრეში არმიელებმა “ლოკომოტივს” 16:12 მოუგეს.
შაბათის ცენტრალური მატჩი ბოლნისში 15 საათზე დაიწყება და მასში ლიდერი “ყოჩები” მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” დაუხვდება. მასპინძლები გამარჯვებით რეგულარული პირველობის მოგებას პრაქტიკულად დაიბევებენ, ხოლო “ლელო-სარასენს” 9-ქულიანი ჩამორჩენის შემცირების შანსი აქვს, რის შემდეგაც დარჩენილ ორ ტურში პირველობაზე ფიქრის შანსი გაუჩნდება.
ბოლნისელები 2015 წელს არასტანილურად თამაშობენ. ოთხ თამაშში მათ წაგებებს მოგებები ჩაუნაცვლეს და სატურნირო ცხრილს 9-ქულიანი ფორით ლიდერობენ. განვლილ ტურში “ყოჩები” “არმიას” პრემიალური ქულით ამარცხებდა, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. “ლელო-სარასენსს” 2015 წელს თამაში არ წაუგია, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა (“ჯიქებთან”) და სამში გამარჯვება მოიპოვა. გასულ ტურში თბილისელები ქუთაისის “აიასთან” თითქმის საათის თავზე 0:13 აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 20:13 მოიგეს. პირველ წრეში “ყოჩებმა” მეტოქე 21:12 დაამარცხა.
8 მარტს 14 საათზე, “ავჭალაზე” დაიწყება “არმაზისა” და “თიბიეს უნივერსიტეტის” შეხვედრა. არმაზელებს პრემიალური ქულით გამარჯვება მართებთ, მაგრამ ახლა მათი ექვსეულში მოხვედრა კონკურენტების შედეგებზეცაა დამოკიდებული. “თიბიესი” ამ თამაშსაც თუ წააგებს ბოლო ადგილს და პირველ ლიგაში დაბრუნებას ოფიციალურად გაიფორმებს. პირველ წრეში “არმაზმა” მეტოქე 26:14 დაამარცხა.
15 საათზე ქუთაისში, “აიას” სტადიონზე იწყება მასპინძელთა გუნდისა და “ბათუმის” საინტერესო დაპირისპირება. დასავლეთ საქართველოს დერბის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პლეი ოფში თამაში ორივე გუნდს გარანტირებული აქვს, მაგრამ მეოთხეადგილოსან “აიას” მოგებით მესამეზე მყოფ “ბათუმთან” ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანის შანსი აქვს და ეგებ რეგულარული პირველობის მოწინავე ორეულში დასრულებაზეც დაფიქრდეს. იგივე მიზნისთვის იბრძვის “ბათუმიც”, რომელმაც ეს ადგილი მოულოდნელად დაკარგა.
განვლილ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. “ბათუმს” “ჯიქებმა” მალთაყვაში სენსაციურად აჯობა, ხოლო “აიამ” 13-ქულიანი უპირატესობა “ლელო-სარასენსთან” ვერ შეინარჩუნა. ზოგადად, 2015 წელს ორივე გუნდი კარგად ატარებს და ახლა სატურნირო მოტივაციის გარდა გულშემატკივართა თვალში რებილიტაციაც ენდომებათ. პირველ წრეში “ბათუმმა” ქუთაისელებს 16:8 აჯობა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
XVI ტური
7 მარტი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ჯიქები (გორი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 15:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
8 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმაზი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
1. | ყოჩები | 15 | 12 | 1 | 2 | 343:202 | 53 | 3 | ||||||
2 | ლელო-სარასენსი | 15 | 9 | 3 | 3 | 293:202 | 44 | 2 | ||||||
3. | ბათუმი | 15 | 9 | 1 | 5 | 303:218 | 44 | 6 | ||||||
4. | აია | 15 | 8 | 0 | 7 | 299:232 | 39 | 7 | ||||||
5. | ლოკომოტივი | 15 | 7 | 1 | 7 | 276:234 | 38 | 8 | ||||||
6. | ხარები | 15 | 7 | 2 | 6 | 299:216 | 37 | 5 | 36 | |||||
7. | ჯიქები | 15 | 6 | 2 | 7 | 213:219 | 30 | 2 | ||||||
8. | არმაზი | 15 | 6 | 1 | 8 | 238:292 | 28 | 2 | ||||||
9. | არმია | 15 | 4 | 1 | 10 | 190:334 | 21 | 3 | ||||||
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 15 | 1 | 0 | 14 | 181:486 | 7 | 3 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია