საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ, “ჰაინეკენის თასისა” და საფრანგეთის ჩემპიონ “ტულონთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა.
წინა ხელშეკრულების თანახმად, მას ტულონელთა რიგებში 2016 წლის ივნისამდე უნდა ეთამაშა, ახლა კი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში 2019 წლამდე დარჩება.
23 წლის მორაგბე “ტულონის” ესპუართა გუნდში 2010 წელს გადავიდა და მომდევნო სეზონში პირველ გუნდში მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. 2012 წლიდან ის ტოპ 14-ს ნელ-ნელა გაუშინაურდა და საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 ლელოც გაიტანა. გარდა ამისა, მან წელს ჩემპიონთა თასის ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ჩილაჩავას სანაკრებო დებიუტი 2012 წელს ესპანეთთან შედგა და მომდევნო წლიდან გუნდში სისტემატურად იწვევენ. დღემდე მან 21 კეპი მოიხვეჭა და სამი ლელო გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია