ამბები

0:30 | 6.03.2015 | ნანახია 1736 - ჯერ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლის შერჩევა იწყება

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა 2017 წლის მაისში გახდება ცნობილი.

”მსოფლიო რაგბის“ ბრენდის გაძლიერების ფონზე და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განსაკუთრებულ და რეკორდულად მასშტაბურ სარაგბო დღესასწაულს გვპირდება ინგლისში გასამართი 2015 წელს მსოფლიო თასი, რაგბის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია.

მასპინძლობაზე წინასწარი განაცხადების შეტანა 2015 წლის 14 მაისს დაიწყება და ამავე წლის 15 ივნისს დასრულდება. ამის შემდეგ, 2016 წლის მაისში დეტალური სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელებამდე, პოტენციურ მასპინძლებს ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ ცოდნის გაზიარებისა და მზადების საშუალება.

შერჩევის პროცესის ახალი ელემენტია 2015 წლის ივნისში დაგეგმილი სემინარი, რომლის დროსაც რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობით დაინტერესებულ ქვეყნებს შეეძლებათ რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობის ყველა ასპექტის განხილვა. 2016 წლის მაისში ყველა დაინტერესებულ კავშირს გაეგზავნება დეტალური სატენდერო ინფორმაცია, ხოლო ივნისში მოხდება სატენდერო განაცხადების წარდგენა.

ახალი განრიგი ასევე საშუალებას აძლევს “Rugby World Cup Limited“-ს (რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორი) ინტენსიურად განიხილოს ყველა საკონკურსო წინადადება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით და დეტალური მიაწოდოს მსოფლიო რაგბის დირექტორთა საბჭოს ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსოფლიო მასშტაბით რაგბის კეთილდღეობას და შემდგომ განვითარებას.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის, ბერნარ ლაპასეს თქმით, “რაგბის მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სპორტული ღონისძიებაა. მსოფლიო თასი არის ინტენსიური ვაჭრობის 6-კვირიანი პერიოდი, რომელსაც ემატება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 500 000-მდე სტუმარი, სპორტული, სოციალური და ტურისტული კუთხით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე მოგება და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება – ყოველივე ამის წყალობით, მსოფლიო თასი მეტად მიმზიდველია პოტენციური მასპინძლებისთვის.

დღევანდელი განცხადება რაგბის მსოფლიო თასისთვის და “მსოფლიო რაგბის“ წევრი კავშირებისთვის კარგი ამბავია. შერჩევის პროცესი მკაფიოდ გაწერილი ვადებით საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ქვეყნებს, გაიარონ კონსულტაცია შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის ეროვნულ და რეგიონულ ხელისუფლებასთანაც, განახორციელონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და სრულყოფილად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. ის ფაქტი, რომ იქამდე, სანამ ეს დეტალები გახდებოდა ცნობილი, რამდენიმე ქვეყანამ უკვე საჯაროდ გამოთქვა სურვილი მსოფლიო თასის სამასპინძლოდ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რაგბის მსოფლიო თასის, როგორც ბრენდის სიძლიერეს გლობალურ ბაზარზე“.

რაგბის მსოფლიო თასის შესახებ: რაგბის მსოფლიო თასი რაგბის განვითარების უდიდესი ფინანსური ბერკეტია. 2007 წელს საფრანგეთის და 2011 წელს ახალი ზელანდიის მსოფლიო თასების დიდმა კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა “მსოფლიო რაგბს“ 2009-2012 წლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ინვესტიცია გაეკეთებინა რაგბის განვითარების საქმეში და დაეგეგმა 180 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ოდენობის საინვესტიციო პროგრამები 2013-2016 წწ. სტრატეგიულ ციკლში.

ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ინიციატივების ფართო სპექტრს, მათ შორის ყოველწლიური ეროვნული კავშირის გრანტებს და სტრატეგიული ინვესტიციების პროგრამებს, რაც ორიენტირებულია “მსოფლიო რაგბში“ გაერთიანებულ 120 კავშირს შორის კონკურენციის გაზრდაზე.

ეკონომიკური ზეგავლენა: “Ernst & Young“-ის მიერ 2015 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტისთვის ჩატარებულმა ეკონომიკური შედეგების კვლევამ გამოავლინა, რომ 2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასმა ქვეყნის ბიუჯეტს 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე მოგება უნდა მოუტანოს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჩემპიონატის განმავლობაში შემოსავალი ჯამში დაახლოებით 2.2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. ეს რიცხვი 2008 წელს “დელოიტის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსაც შეესაბამება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083428