ექვსი ერის პირველობის მესამე ტურის შემდეგ საფრანგეთმა ტიტულის მოგების ყველანაირი შანსი დაკარგა. პარიზში მას უელსმა 20:13 აჯობა და სტუმრად მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ტურნირში გამარჯვების შანსი შეინარჩუნა.
ანგარიში უელსმა ჯარიმით მე-7 წუთზე გახსნა, მასპინძლებმა მე-18 წუთზე კარგი კომბინაციით უპასუხეს და ლელო ვერ გაიტანეს, მაგრამ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს. ნახევარი საათის შემდეგ ლი ჰალფპენიმ ჯარიმით სტუმრები კვლავ დააწინაურა, ამან ფრანგები კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა, ლოპესი-უგეს კომბინაციის შემდეგ ლელოც გავიდა, მაგრამ ვიდერეფერიმ აჩვენა, რომ ბურთის დამიწებამდე წინპასი იყო. შესვენებამდე ლოპესს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა.
მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მართალია მორგან პარამ ჯარიმა ვერ გაიტანა, მაგრამ ლელო მწიფდებოდა. უელსის დაცვაზე ზეწოლამ კიდევ ერთი ჯარიმა მოიტანა და ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სამიოდე წუთში ჰალფპენიმ სტუმრები კვლავ დააწინაურა. ოთხმა ცვლილებამ მასპინძლების თამაშზე უარყოფითად იმოქმედა, სტუმრები მათ წითელ ზონაში დასახლდნენ, რის უებისა და დენ ლიდიაიტის სახიფათო მომენტების შემდეგ კი, დენ ბიგარმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ჰალფპენიმ შეცდომა იქვე გამოასწორა და ჯარიმა გაიტანა – 6:17.
ამის შემდეგ ფრანგებმა მოახერხეს ინიციატივის დაბრუნება და ბრის დულინი ჩათვლის მოედანში შეძვრა. ლოპესმა რომ გარდასახა (13:17), მასპინძლებს მოგების იმედი გაუჩნდათ, ჰალფპენიმ ჯარიმით ეს იმედი შეხვედრის ფრედ დასრულებამდე დაუყვანა მასპინძლებს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და უელსმა პარიზში 20:13 იმარჯვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია